ვანგოგენი | Vangogen

  • მთავარი
  • ლიტერატურა
  • ხელოვნება
  • ინტერვიუ
  • ურბანისტიკა

 


როდესაც სიგიჟის შთაბეჭდილებას განუწყვეტლივ, გამუდმებით და შეუჩერებლად ქმნი, ასეთ დროს საკუთარ თანამებრძოლებშიც თესავ შიშს. ასეთ დროს თანდათანობით სიმამაცის განსახიერებიდან და სიკვდილისგან დავიწყებულიდან სიკვდილის ნამდვილ მეგობრად, მის თანამზრახხველად და მის ძმაზე უფრო ძმად იქცევი.

***

ადამიანი ყოველთვის ფაქტებში ეძებს რაღაც აბსურდულ პასუხისმგებლობებს. ასეა ეს. ასე უფრო მარტივია. ახლა, როცა ვფიქრობ იმას, რაც მინდა, ვიცი, მივხვდი ამას. ჩემს ამხანაგებს, თეთრებსაც და შავებსაც, სჭირდებათ სჯეროდეთ, რომ ომისგან კი არ მოდის მათი მოკვლის საშიშროება, არამედ ავი თვალისგან. სჭირდებათ სჯეროდეთ, რომ მტრისგან ნასროლი ათასობით ტყვია კი არ კლავს მათ, არამედ ბედისწერა. ამიტომაც არ უყვართ ბედისწერა. ბედისწერა მეტისმეტად აბსურდულია. მათ უნდათ, ვინმეს აჰკიდონ პასუხისმგებლობა, ურჩევნიათ იფიქრონ, რომ მტრის ტყვიას, რომელიც მათ ხვდება, ვიღაც ბოროტი, ცუდი და ავის მზრახველი მოუძღვება და წარმართავს.

***

ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როცა ჰგონია, რომ რასაც უნდა, იმას იფიქრებს, მაგრამ სინამდვილეში სხვების - დედ-მამის ლამაზ-ლამაზ აზრებს, პაპის გრიმწასმულ აზრებს, დის ან ძმის, მეგობრების, ან სულაც მტრების შეფარულ აზრებს არ აჰყვეს.

***

დამოუკიდებლად ფიქრი არ ნიშნავს აუცილებლად ყველაფრის გაგებას.

***

როგორც კი შეტევა მთავრდება, ყველამ ბრძოლის ველზე უნდა დატოვოს თავისი სიგიჟე, ტკივილი და მრისხანება. ტკივილს კიდევ იტანენ, მისი დატოვება დაიშვება, ოღონდ, თუ მას შენთვის შეინახავ. მაგრამ ცოფი და რისხვა არ უნდა ჩამოიტანო სანგარში. აქ დაბრუნებამდე უნდა მოიშორო, მოიცილო, ჩამოიბერტყო ისინი, თორემ ომობანას თამაში აღარ გამოვა. კაპიტნის მიერ სასტვენით ბრძოლის დამასრულებელი ნიშნის შემდეგ სიგიჟე ტაბუდ იქცევა.

***

ღმერთია მოწამე, ბრძოლის შემდეგ ადამიანი ჰუმანური ხდება მტრის მიმართ. დიდხანს ვერ გაგახარებს კაცს მტრის შიში, როცა თავადაც გეშინია.

***

ესაა ომი: როდესაც ღმერთი ადამიანების მუსიკას ჩამორჩება, როდესაც ერთბაშად ვეღარ ხსნის ბედისწერის ზედმეტ, აბურდულ ძაფებს. ღმერთია მოწამე, ამაზე ვერ გაუნაწყენდები ღმერთს. ვინ იცის, ეგებ მან პატარა მტრის ჯარისკაცის მშობლების დასჯა მოინდომა შავკანიანის ხელით ომში მისი მოკვდინებით? ვინ იცის, ეგებ მან პატარა მტრის ჯარისკაცის მშობლების დასჯა იმიტომ მოინდომა, რომ ამ მშობლების შეცდომების გასწორება ვერ მოასწრო მათივე შვილების სიცოცხლეში? ღმერთია მოწამე, შეიძლება ღმერთმა სულაც დააგვიანა მტრის ჯარისკაცის ოჯახის დასჯა. ვინ ვინ და მე კი ვიცი, რომ მან მძიმედ დასაჯა ისინი მათივე შვილიშვილისა თუ შვილის საშუალებით.

***

ომში როცა საკუთარ ჯარისკაცთან აქვთ ხოლმე რამე პრობლემა, მას მტრებს აკვლევინებენ. ეს უფრო პრაქტიკულია.

***

ადამიანი კი არ წარმართავს მოვლენებს, არამედ მოვლენები წარმართავს ადამიანს. ამბები, რომლებიც მოულოდნელად გადახდება ხოლმე ადამიანს, იქამდე სხვა ადამიანებს გადახდენიათ თავს. ადამიანის ყველა შესაძლო შეგრძნება უკვე ნაგრძნობია. არაფერი, რაც აქ, ამქვეყნად გვემართება, რაც უნდა მძიმე ან მომგებიანი იყოს ჩვენთვის, არ არის ახალი. თუმცა ის, რასაც ჩვენ შევიგრძნობთ, ყოველთვის ახალია, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია, როგორც ხის ყველა ფოთოლია უნიკალური. ადამიანი სხვა ადამიანებს ერთსა და იმავე წვენს უნაწილებს, მაგრამ თვითონ ამით განსხვავებულად იკვებება. სიახლე რომც არ იყოს მართლა ახალი, ის მაინც მუდამ ახლად რჩება იმათთვის, ვისაც განუწყვეტლივ არ უმართლებს ამქვეყნად და მეჩეჩზე ჯდება, თაობიდან თაობაში, ტალღიდან ტალღამდე. მაშინ იმისათვის, რომ ადამიანი ცხოვრებას დაუბრუნდეს და გზაში არ დაიკარგოს, ყური მოვალეობის ხმას უნდა დაუგდოს. საკუთარი გონებით ზედმეტი ფიქრი ღალატია. მას, ვინც ეს საიდუმლო იცის, შანსი აქვს, რომ მშვიდად იცხოვრებს. თუმცა არც ამის არანაირი გარანტია არ არსებობს.

 

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი, „სულაკაურის გამომცემლობა“, 2023 წ.

0
Share

 

დრო ჩვენი წინააღმდეგია! ამ დროებას დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნა სურს! ღმერთის აღარ სწამთ. ნაციონალიზმი ახალ რელიგიად იქცა. ხალხი ეკლესიაში აღარ დადის და ეროვნულ მოძრაობას ურთდება. მონარქია კი, ჩვენი მონარქია, ღვთისმოსაობაზეა დაფუძნებული, რწმენაზე, რომ ჰაბსბურგთა დინასტია ღმერთის რჩეულია და მოწოდებულია სხვა ქრისტიან ხალხებზე იბატონოს. ჩვენი იმპერატორი რომის პაპის ამქვეყნიური ძმაა, მისი სამეფო-საიმპერატორო უდიდებულესობა ყველაზე „სამოციქულო“ უდიდებულესობაა; ევროპელ მონარქთაგან არც ერთი არ არის ღმერთის წყალობასა და მისი რჩეულისადმი ხალხის ნდობაზე ისე დამოკიდებული, როგორც ჩვენი ხელმწიფე. გერმანელი იმპერატორი ღმერთმა რომც მიატოვოს, ხალხის წყალობით, ასე თუ ისე, მაინც შეძლებს ქვეყნის მართვას. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი არ შეიძლება რომ ღმერთმა მიატოვოს. თუმცა ღმერთმა ის უკვე მიატოვა!

***

ერთი მოხუცი კაცი იყო იმპერატორი, ყველაზე მხცოვანი იმპერატორი მთელ ცისქვეშეთში. სიკვდილი დაძრწოდა მის ირგვლივ, წრეზე აწრიალებული გზადაგზა თიბავდა და ცელავდა. პირწმინდად მოთიბულ ყანაში ერთადერთ, ვერცხლისფერ ჩალის ღეროსავით აღმართულიყო და იცდიდა სიკვდილისგან დავიწყებული იმპერატორი.

ნათელი, მკაცრი თვალებით უკვე რამდენი წელია, უმწეოდ გაჰყურებდა დაკარგულ შორეულ დროებას. მოშიშვლებული თავი ამობურცულ ხრიოკ უდაბნოს, თოვლივით სპეტაკი ბანეკბარდები კი - აფოფრილ ფრთებს მიუგავდა. ნაოჭთა შორის, სახე გაუვალი ბარდნარივით რომ დაექსელატ, წლებს დაებუდებინა. ჩამომდნარი სხეული თვალშისაცემად მოხრილიყო ზურგში. შინ მოკლე-მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით, ასე ვთქვათ, დაცუნცულებდა, მაგრამ სასახლის გარეთ ცდილობდა წელგამართულად, მოხდენილად, მოქნილი და მსუბუქი ნაბიჯებით ევლო. ჭეშმარიტად მეფური თვალები თვალთმაქცურ სიკეტეს ასხივებდა: მის მახვილ მზერას არაფერი გამოეპარებოდა, ყოველ შემხვედრს ამჩნევდა, თუმცა სახეები ბუნდოვანი სილუეტებივით წამიერად გაიელვებდნენ და ქრებოდნენ, რადგან იმპერატორის თვალები მხოლოდ თვალსაწიერზე სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარივით აღმართულ ნაზ, სიფრიფანა ხაზს ხედავდა, თუნდაც ამ მიჯნას სახლები, ტყეები ან მთები ჩამოჰფარებოდა. ხალხს ეგონა, ფრანც-იოზეფი ჩვენზე ხანდაზმულია და მასზე მეტი ვიცითო, მაგრამ მას მრავალ მათგანზე მეტი რამ ახსოვდა, ხედავდა, როგორ ჩადიოდა მისი იმპერიის მზე, მაგრამ არაფერს ამბობდა. ისიც იცოდა, რომ მოკვდებოდა, სანამ სამეფოს მზე ჩაესვენებოდა და ამას ვერ მოესწრებოდა. ხანდახან ხალისობდა, როცა მავანი დაწვრილებით უხსნიდა იმ საკითხს, რომელიც საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი. ბავშვებსა და მოხუცებს უყვართ სხვების გაცურება. იმ ხალხის ამპარტავნება ახალისებდა, ვისაც თავი იმპერატორზე ჭკვიანი ეგონა. გონიერებას მიამიტობით ნიღბავდა, რამეთუ არ ხამს იმპერატორი მრჩევლებს ჭკუით აღემატებოდეს. უჯობს, გულუბრყვილო კაცად მოაჩვენოს თავი, ვიდრე ყოვლისმცოდნე ბრძენად. ნადირობისას მარეკები პირდაპირ სამიზნეზე დაუყენებდნენ ხოლმე გარეულ ცხოველს და იმის მიუხედავად, რომ გაქცეულის მონადირებაც შეეძლო, მაინც იმას ესროდა, ტყიდან მეფისკენ რომ გამოედევნათ. რამეთუ არ ხამს იმპერატორმა გაამჟღავნოს თავისი მიხვედრილობა, რომ ზოგ-ზოგების ჩანაფიქრი ამოიცნო და იმ ზოგ-ზოგებზე უკეთესი ჩუბინია.

ტყუილების გუდას თავს რომ მოხსნიდნენ, თავი ისე ეჭირა, ვითომ დაიჯერა, რამეთუ არ ხამს იმპერატორმა ტყუილში ამხილოს ვინმე. ფარისეველთა იქედნურ ღიმილსაც არ იმჩნევდა, რამეთუ არ ხამს, იმპერატორი მიხვდეს, რომ დასცინიან, რადგან სანამ არ იმჩნევს, ფუჭია მათი დაცინვა.

სიცხიანს თავს დაჰფოფინებდნენ, კარის ექიმი პირფერულად ცრუობდა, - არაფერი გჭირთო და ესეც პასუხობდა, მაშასადამე საქმე კარგად ყოფილაო! თუმცა იცოდა, რომ სიცხე ჰქონდა. რამეთუ იმპერატორი პირად ექიმს ტყუილისთვის არ სჯის. თანაც სხვებზე უკეთ მოეხსენებოდა, რომ სიკვდილის დრო ჯერ არ დამდგარიყო. რამდენი ღამე უთევია სიცხით გათანგულს, ექიმებს კი არაფერი გაუგიათ, ავადმყოფობა არავის შეუმჩნევია. ჯანმრთელი იყო და არწმუნებდნენ, ავად ხარო; ისიც თავს მოისაწყლებდა ხოლმე.

კეთილგანწყობილი ეგონათ, ის კი გულგრილი იყო; გულცივიაო, - იტყოდნენ, მას კი მართლა შესტკიოდა გული. დიდხანს იცხოვრა ამქვეყნად და გამოსცადა, რომ სიმართლის თქმა უაზრობაა.

შეცდომის უფლებას აძლევდა ადამიანებს და მთელ იმპერიაში იმპერატორზე ანეკდოტების გამავრცელებელ მასხარებზე ნაკლებად სჯეროდა თავისი სამყაროს მუდმივობისა. თუმცა არ ხამს იმპერატორმა თავი გაუყადროს მსახურებსა და მეტისმეტად ჭკუაგაბრძნობილებს. 

მთარგმნელი: ასმათ ფარჯიანი, „სულაკაურის გამომცემლობა“, 2018 წ.

0
Share

 

ვესტეროსი, რომელიც ეიგონმა დაიპყრო, შვიდი სამეფოსგან შედგებოდა და თითოეულ მათგანს საკუთარი კანონები და წეს-ჩვეულებები ჰქონდა. ლორდი მასი წერდა:

„შვიდ სამეფომდე რვა სამეფო იყო, მანამდე ცხრა, ათი, ოცი, ოცდაათი და ასე შემდეგ. ვიცით, რომ გმირების ერაში ასი სამეფო არსებობდა, სინამდვილეში ჯერ ოთხმოცდაჩვიდმეტი იყო, მერე ას ოცდათორმეტი და მათი რიცხვი მუდმივად თამაშობდა, რაც ომებსა და მეფეების ცვლილებაზე იყო დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, კანონებიც ხშირად იცვლებოდა. ერთი მეფე მკაცრი იყო, მეორე ლმობიერი, მესამე „შვიდქიმიანი ვარსკვლავით“ ხელმძღვანელობდა, მეოთხე პირველი ადამიანების უძველეს კანონმდებლობას იყენებდა, მეხუთე სამეფოს თავისი ახირებების მიხედვით მართავდა, მეექვსე სიმთვრალეში ალთას იყო და სიფხიზლეში ბალთას. ათასობით წლის შემდეგ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო პრეცედენტი დაგროვდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ყოველი ლორდი, რომელსაც ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება ჰქონდა (და ზოგი ისეთიც, ვისაც არ ჰქონდა), ნებისმიერ დავას საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტდა.

***

ვალირიელები მარტო დრაკონთა მეუფენი კი არ იყვნენ. ისინი სისხლის მაგიასა და სხვა შავბნელ ცოდნას ფლობდნენ, მიწის სიღრმეში ეძებდნენ საიდუმლოებებს, რომლებიც ყველასათვის დაფარული უნდა დარჩეს, და ცხოველებისა და ადამიანებისაგან საზარელი, უცნაური ურჩხულების შექმნას ცდილობდნენ. სწორედ ამ ცოდვებისთვის განურისხდნენ მათ ღმერთები.

ყველა თანხმდება, რომ ვალირია დაწყევლილია და მის მბოლავ ნანგრევებს ყველაზე მამაცი ზღვაოსანიც კი შორიდან უვლის. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იქაურობა ახლა სრულიად უსიცოცხლოა.

***

ვალირიაში ათასამდე ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ არც ერთის არ ეშინოდათ, აი გაბატონებული წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ გამოსვლას კი ვერავინ ბედავდა.

რაც შეეხება ვესტეროსს, აქ კულტს დიდი გავლენა ჰქონდა. მართალია, ჩრდილოეთში ჯერ კიდევ ძველ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, რკინის კუნძულებზე კი ჩაძირულ ღმერთს, მაგრამ დანარჩენ სამეფოში ერთი ღმერთი სწამდათ შვიდი სახით, რომლის ნებას დედამიწაზე ძველქალაქის უმაღლესი სეპტონი აცხადებდა და კულტის სწავლება, რომელიც საუკუნეების წინ ანდალოსიდან წამოვიდა, გმობდა ქორწინების იმ ვალირიულ ტრადიციას, ტარგარიენები რომ იცავდნენ. მამასა და ქალიშვილს, დედასა და შვილს თუ და-ძმას შორის ინცესტი საშინელ ცოდვად გამოცხადდა და ასეთი კავშირის ნაყოფი ღმერთებისა და კაცის წინაშე საძაგლობად ითვლებოდა.

ცხადია, კულტსა და ტარგარიენების საგვარეულოს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იყო. მართლაც, „დიდად ღვთისმოსავებს“ შორის ბევრი ელოდა, რომ უმაღლესი სეპტონი დაპყრობის დროს ეიგონისა და მისი დების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებდა. ისინი ძალიან იმედგაცრუებული დარჩნენ, როცა მორწმუნეთა მამამ ლორდ ჰაითაუერს დრაკონისთვის ქალაქის ჩაბარება ურჩია. მეტიც, ეიგონი დალოცა კიდეც და მეფედ აკურთხა.

***

ჩვენ ისეთები ვართ, როგორიც ღმერთებმა შეგვექმნეს, - წერდა სეპტონი ბართი, მეფის ყველა მარჯვენას შორის უბრძნესი, - ძლიერები და სუსტები, კარგები და ცუდები, ბოროტები და კეთილები, გმირები და თავკერძები. ეს ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს.

***

აი, რას წერს სეპტონი ბართი: „ტარგარიენთა ძალაუფლება დრაკონებზეა დამყარებული, საზარელ მხეცებზე, რომლებმაც ჰარენჰოლი გაანადგურეს და ცეცხლოვან ველზე ორი მეფე მოკლეს. მეფე ეიგონმა ეს იცოდა და ჯეიჰერისმაც კარგად იცის. მათი ცეცხლი ჩუმი მუქარაა და მისმა ბრწყინვალებამ ერთი ჭეშმარიტებაც იცის, რასაც რეინა ვერ ხვდება: უსიტყვო მუქარა ყველაზე საშინელია.

ვესტეროსის ლორდები ამაყები არიან და მათი დამცირება კარგს არაფერს მოიტანს. ბრძენი მეფე მათ ღირსებას არასოდეს შეეხება. აჩვენე მათ დრაკონი და ამას კარგად დაიმახსოვრებენ. და თუ იტრაბახებ, თქვენს შვილებს დრაკონებს შევაჭმევ და სიმაგრეებს ნაცარტუტად გიქცევთო, ისინი მხოლოდ გაბრაზდებიან და თქვენს წინააღმდეგ განეწყობიან.

***

ჩრდილოეთში ასეთი უძველესი ჩვეულება ჰქონდათ: პირველი თოვლის მოსვლისთანავე მოხუცები, უმცროსი შვილები, დაუქორწინებლები, უშვილოები, უსახლკაროები და უიმედო ავადმყოფები ყველაფერს ტოვებდნენ და მიდიოდნენ, რათა მათ ოჯახს გაზაფხულამდე შესძლებოდა თავის გატანა.

***

სიტყვა ქარია, მაგრამ ქარს ცეცხლის აგზნება შეუძლია. სიტყვა ქარია, მაგრამ ძლიერ ქარს მუხის წაქცევა შეუძლია, ხოლო ლამაზი გოგონას ჩურჩული ზოგჯერ სამეფოს ბედისწერას ცვლის.

***

ყველა ახალგაზრდას თავი უკვდავი ჰგონია, - წერს დიადი მაისტერი მუნკუნი „ჭეშმარიტ ისტორიაში“, - როცა ყმაწვილი მეომარი გამარჯვების მათრობელა ღვინით დატკბება, მისი ეჭვი მტკიცე რწმენად იქცევა. თუმცა ახალგაზრდული თავდაჯერება ხნიერთა ცბიერების წინაშე უძლურია.

მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე, გამომცელობა „პალიტრა L“, 2021 წ.

0
Share

მარტოდმარტო დარჩენილი შენივე ქვეყნის პირისპირ, რომელიც თავის სიყვარულსა და სიძულვილს ერთდროულად გახლის სახეში. დააბრუნე ეგ წყეული პრემიაო, ყვიროდნენ ყველანი, სტუდენტები, ორსული ქალები და ტეპელენელი მაღაროელები. ამ დროს კი შენ, მოჭოჭმანე მთვარეულივით, ჰამლეტივით აჭიანურებ გადაწყვეტილების მიღებას - აღება... არაღება...

***

სამივემ ერთად მოიყარა თავი. პასტერნაკმა, სტალნიმა, მანდელშტამმა. ორი პოეტი ტირანის გარშემო. პირველი აზრი, რომელმაც გონებაში გაგიარათ, სასიხარულო იყო: ორი პოეტის ერთობა ტირანისთვის ბოლოს მოსაღებად.

ორივეს ძალიან სძულდა ეს ტირანი, უმეტესწილად, როცა ცალ-ცალკე იყვნენ. მანდელშტამმა „კრემლის მთიელი“ შეარქვა. ჰყვებოდნენ, პასტერნაკს ის აღწერილი ჰყავდა, როგორც ბებრისსახიანი და მოზარდის სხეულიანი ჯუჯაო. ამის შემდეგ ორნი ერთის წინააღმდეგ დარჩნენ, რათა დაუნდობლად გაენადგურებინათ, ისე, როგორც ეს მხოლოდ პოეტებმა იციან.

მაგრამ ტირანებსაც ჰქონდათ თავიანთი ეშმაკობები. სტალინს შეეძლო, პოეტების ეს დუეტი დაეშალა. ამხანაგის ჩამოშორობის ლეგენდა მრავალი თაობისთვის იყო გათვლილი.

***

1934 წლის ივნისი იყო და ოსიპ მანდელშტამი სულ ახალი დაპატიმრებული გახლდათ. მთელი მოსკოვი ამაზე ლაპარაკობდა, როდესაც ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მაშასადამე, ივნისის ოცდამესამე დღე იყო და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტალინმა დარეკა. საუბარი მასა და პასტერნაკს შორის გაიმართა. სინამდვილეში სამნი იყვნენ: ერთ მხარეს პოეტების, მანდელშტამ-პასტერნაკის ტანდემი და მეორე მხარეს ტირანი. პირველი აზრი, რომელიც ადამიანს თავში მოუვიდოდა, ის გახლდათ, რომ ორივეს ბედი მის ხელში იყო. მეორე: არავინ იცოდა, ვისი ბედი ვის ხელში იყო.

ისინი ორნი იყვნენ, ყველაფრის მიუხედავად. პოეტების, სრულიად გამორჩეული პოეტების ტანდემი. მაშინ, როცა ტირანი მარტოდმარტო იყო.

იქამდე არავინ იცნობდა თავიანთივე მიერ (დე კიდევ უფრო ნაკლებად, სხვების მიერ) არჩეული პოეტების სხვა დუეტსა თუ ტრიოს.

მანდელშტამ-პასტერნაკის ტანდემი მართლა არსებობდა და ის თითქმის მოდაშიც კი იყო. ერთხანს ყველანი ამაზე ლაპარაკობდნენ, ისე ხშირად, რომ ანა ახმატოვას შეკითხვა, „მანდელშტამი თუ პასტერნაკი, ჩაი, თუ ყავა?“ მაშინვე ლამის ანდაზად იქცა. სხვა სიტყვებით: ამ ორიდან რომელზე ვიჭორაოთ, ძვირფასო სტუმრებო? რა შევუკვეთოთ? ჩაი თუ ყავა?

კომენტარები სწრაფად ვრცელდებოდა, ზოგჯერ გასაკვირი და გაუგებარი, ჰამლეტის ორი მეგობრის, როზენკრანცისა და გილდენშტერნის შედარების მსგავსი, თუმცა ყველაზე ხშირად სამართლიანი და საწყენი: პასტერნაკი, აგარაკიანი კაცი და მანდელშტამი, სადღაც ქოხში გადასახლებული ვინმე. პირველი, მარად გამარჯვებული და მეორე, მარად დამარცხებული. და ასე და ამგვარად, სიკვდილამდე, რომელმაც ისინი როგორც დააშორა ერთმანეთს, ისე სამარადჟამოდ ერთად შეჰყარა. პასტერნაკის სიკვდილმა თავის აგარაკზე, რომელიც შეურაცხყოფების შემდეგაც დაუტოვეს, შეიძლება იმიტომ, რომ ამას სხვებზე და სხვა ყველაფერზე მეტად შეერცხვინა ის. და გადასახლებული მანდელშტამის სიკვდილმა თავის ქოხში.

პირველი ნობელის პრემიამ გამოიწვია, რომელმაც მთელი დედამიწა შეაზანზარა, მეორე კი ფართოდ ინგორირებულმა მუცლის ტიფმა თუ შიმშილმა. ეს ორი სიკვდილი ერთმანეთისგან კი განსხვავდებოდა, როგორც ეს მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისინი რაღაცით მაინც ჰგავდა ერთმანეთს.

ორივე შემთხვევაში, ამქვეყნად ერთგვარი მსგავსება არსებობდა პოეტებს შორის, იქნებოდა ეს დიდების ნათელი, თუ გლოვის ჩრდილი.

მანდელშტამი და პასტერნაკი ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ არც კი იცოდნენ ამის შესახებ. და არც ცდილობდნენ, ერთმანეთს მგვანებოდნენ.

***

1934 წლის დაპატიმრება რომ ერთადერთი არ იყო, ეს ადვილი გასაგებია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საბჭოთა რუსეთია. უცნაური და ძნელად დასაჯერებელი უფრო ის იქნებოდა, რომ ეს დაპატიმრება არ ყოფილიყო უკანასკნელი.

1938 წელს ბედისწერა მანდელშტამს უკანასკნელ დაპატიმრებასა და, შედეგად, სიკვდილს უმზადებდა. პასტერნაკი მდუმარედ ადევნებდა თვალს თავისი თანამოძმის ტრაგედიას, შეიძლება იმ შედეგებსაც აკვირდებოდა, რომელიც თავად მას ელოდა მომავალში. თუმცა ეს შიშები არაფრით დადასტურებულა. ყველაზე მეტი, შეიძლება რაღაც კი მოხდა, მაგრამ ისე დაფარულად, რომ ამის შესახებ არავის არაფერი შეუტყვია.

***

გადაუჭრელი რჩებოდა სტალინზე შექმნილი ლექსების რაოდენობის საკითხი. მოარული ხმებით მუდამ ორი სახელდებოდა: „ცუდი“, შეთხზული „მთიელზე“, რომელმაც თავის ავტორს სამარე გაუთხარა და მეორე, „კარგი“, სახელად „ოდა“, რომელმაც, მიუხედავად სიკარგისა, ვერ იხსნა ის.

როდესაც მათ მოიხსენიებდნენ ხოლმე, რაც ძირითადად ძალიან ხმადაბლა ხდებოდა, დგებოდა მომენტი, როდესაც თანამოსაუბრეები ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის თვალებში არ შეეხედათ. რაღაც არ ჯდებოდა ამ ამბავში, მაგრამ ღიად ამაზე ლაპარაკს ვერავინ ბედავდა. ლოგიკის მიხედვით, ვინაიდან ერთი მათგანი მომაკვდინებელი აღმოჩნდა, მეორე კი არა, სწორედ ეს უკანასკნელი „ოდა“ დაიწერა თავდაპირველად. და შემდეგ მომაკვდინებელი.

მიუხედავად ამისა, ქრონოლოგიისთვის მიქცეული ერთგვარი ყურადღება, თუნდაც ზომიერი, უცილობლად მიგიყვანდათ საპირისპირო გადაწყვეტილებასთან. ყველა მონაცემი იმ ფაქტს აძლიერებდა, რომ „მთიელი“ სწორედაც პირველი ლექსი იყო და რომ, სხვათა შორის, სატელეფონო საუბრის ერთადერთ მიზეზს ზუსტადაც ის წარმოადგენდა.

ამგვარი საუბრები, როგორც წესი, დუმილით მთავრდეობდა, რასაც ზოგჯერ დაქანცული ოხვრა აძლიერებდა და ერთგვარ მონანიებას გამოხატავდა: აფერუმ ჩვენ, საქმე ასეთ ჩახლართულ ამბებთან რომ გვაქვსო.

***

არც ფაქტი იყო ისეთი, როგორიც ყოველდღე ხდება. რამდენიმე წამით ადრე ტელეფონით ილაპარაკეს და სულ ცოტა ხანში ეს ამბავი დაუჯერებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი თანამოსაუბრე ყურმილს აღარ იღებდა. არადა ორივენი ცოცხლები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, პასტერნაკი, და სტალინიც. გარდაცვლილი აშკარად მესამე პირი - ტელეფონი იყო.

***

ისტორია ყოველთვის სიძუნწეს იჩენდა იმის შესახებ, რაც პოეტებსა და ტირანებს შორის ხდებოდა. სიმართლე ხშირად იცვლებოდა ფანტაზიებით, რომელთა დახსომებაც ისევე მოსახერხებელი იყო, როგორც დავიწყება.

 

პაატა ჯავახიშვილის თარგმანი | „სულაკაურის გამომცემლობა“

0
Share

Gigi Scaria, Someone Left a Horse on the Shore, 2007, digital print on archival paper, 109 × 164 cm. Delhi, India


ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი.

პრიამოსის ქალაქი.

ხალხმრავალი, გამაგრებული ილიონი.

კეთილგალავნიანი ილიონი.

პრიამოსის დიდი ქალაქი.

ქარიანი ილიონი.

მეუფე პრიამოსის ქალაქი.

ილიონის კარგად დასახლებული ციხესიმაგრე.

წმინდა ტროა.

წმინდა ილიონი.

ტროელების ქალაქი.

დიდი ილიონი.

კეთილგალავნიანი ტროა.

კეთილადნაგები ილიონის ციხესიმაგრე.

ქარიანი ილიონი.

მჭიდროდდასახლებული ილიონის ციხესიმაგრე.

მაღალი ქალაქი.

ტროის ფართოქუჩებიანი ქალაქი.

პრიამოსის დიდი და ღვთაებრივი ქალაქი.


0
Share

„არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“, - ალექსანდრე მაკედონელი (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით).

თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენია დასავლურ კულტურაზე. ხანდახან ამ ჩამონათვალში მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც შეაქვთ და ამგვარად გაგებული დასავლური კანონი „ხელოვნების მწვერვალებისგან შემდგარ სულიერების ქედად“ (ჟაკ მარიტენი) მოიაზრება. ამგვარ სიებს ადგენენ მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები, გამომცემლობები და მკითხველები. საკუთარი ნუსხები აქვს შექმნილი სახელგანთქმულ უნივერსიტეტებს; ცნობილია, მაგალითად, ჰარვარდის კლასიკა, იელის სტუდიები, დასავლური კულტურისადმი პრინსტონის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარული მიდგომა, სტენფორდის უნივერსიტეტის სტრუქტურირებული ლიბერალური განათლება და ა. შ. ხშირად ეს `ლიტერატურული კანონი~ უკავშირდება „თავისუფალ ხელოვნებათა“ (ლათინური Artes liberales, ინგლისური Liberal Arts) კონცეფციას, რომელიც ანტიკურობიდან იღებს სათავეს. დღეს ეს ტერმინი აღნიშნავს ზოგად ცოდნას და უპირისპირდება სპეციალიზაციის პროფესიულ თუ ტექნიკურ კურიკულუმებს. „თავისუფალი ხელოვნებების“ თანამედროვე კომპენდიუმი მოიცავს ლიტერატურას, ენებს, ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყეველებას.

შუა საუკუნეებში Artes liberales მოიცავდა ტრივიუმს (გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა) და კვადრივიუმს (არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია).

როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“, ვინც უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს ამ სიის ინიციატორი, რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს, რომელ უნივერსიტეტშიც უნდა შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელსა და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია: ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც განათლებულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, სწორედ ჰომეროსია და პირველი წასაკითხი წიგნებიც ჰომეროსის პოემები „ილიადა“ და „ოდისეაა“.

ერთი შეხედვით, სრულიად გასაგებია, რომ განათლებულ ადამიანს ჰომეროსი წაკითხული უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც საკითხავია – რატომ არის გასაგები? ლიტერატურის ისტორია რომ ჰომეროსის გარეშე არ არსებობს, ამაზე არავინ დავობს, ძველი ბერძნული განათლება რომ სწორედ ჰომეროსის შესწავლას გულისხმობდა, არც ესაა საკამათო, მაგრამ დღეს რატომაა ჰომეროსი წასაკითხი, რატომაა იგი თანამედროვე ზოგადი განათლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი? რას აძლევს თანამედროვე ადამიანს ძალიან დიდი ხნის წინ, ოცდარვა საუკუნის წინ დაწერილი თუნდაც გენიალური პოემები? და თუ ჰომეროსი არ იცის, რა ფერი, რა სიღრმე, რა სიზუსტე, რა სითბო, რა მიზანდასახულობა მოაკლდება მის მრავალფეროვან ცხოვრებას, მის ღრმა ინტერესებს, მის ზუსტ პროფესიონალიზმს, მის თბილ გრძნობებს, მისწრაფებებს, იმედებსა და უიმედობას? თუ „ილიადა“ და „ოდისეა“ არ გაუგია, სხვა წიგნს ვერ წაიკითხავს, სპექტაკლს ვერ დაესწრება, კინოს ვერ უყურებს, ინტერნეტში ვერ შევა თუ მანქანას ვერ წაიყვანს?! წაიკითხავს. დაესწრება. უყურებს. შევა. წაიყვანს. აბა, რას ვერ იზამს? რას იძლევა ასეთს ჰომეროსი? – იქნებ, პასუხი ისაა, რომ უკეთესად წაიკითხავს, უფრო ხშირად დაესწრება, უფრო აზრიანად შევა, უფრო სწორი გზით წაიყვანს?

„ილიადის“ პირველი სიტყვაა „რისხვა“ („რისხვაზე, ქალღმერთო, პელევსის ძის, აქილევსის, საბედისწერო რისხვაზე მიმღერე“.). ეს რისხვა აქილევსისაა. აქილევსი განრისხდა მისთვის ბრისეისის მოტაცების გამო, მაგრამ ბერძენთა მთავარი გმირის განრისხებაში იგულისხმება მთელი საბერძნეთის რისხვაც მშვენიერი ჰელენეს მოტაცების გამო: ასე იწყება პოემა ომის მეათე წელს და ასე მიანიშნებს ეს დასაწყისი ტროის ომის დასაწყისსაც. შესაბამისად, ჰომეროსთან დროს, როგორც ფენომენს, საწყისისა და დასასრულის გაორება შეუძლია: ომის მეათე წელი, ამავე დროს, ომის დასაწყისია, ხოლო პოემის დასასრული ტროის ომის დასასრულიცაა. „ილიადის“ უკანასკნელი სიტყვაა „ცხენთამხედნელი“, ეპითეტი, რომლითაც მთავარი ტროელი გმირი, ჰექტორია მოხსენიებული („ასე დაკრძალეს ცხენთამხედნელი ჰექტორი“.). ასე მთავრდება „ილიადა“, ჰექტორის სიკვდილით, რომელშიც, როგორც ტრაგიკულ მეტაფორაში, იგულისხმება ტროის საბოლოო დაცემა და განადგურება. პოემის პირველ სტრიქონში ბერძენი აქილევსია, უკანასკნელში – ტროელი ჰექტორი. აქილევსი და ჰექტორი: მრისხანება და სიკვდილი, დასაწყისი და დასასრული. ომი, გმირობა, ლაჩრობა, სამართალი, უსამართლობა, მრისხანება, დაუნდობლობა, მხედართმთავართა შეცდომები – თუკი ეს ყველაფერი დღესაც ხდება, ტროის ომი დღესაც მიმდინარეობს და ჰომეროსი დღევანდელობასაც აღწერს. ასე „სტერეოდ“ წერდა ჰომეროსი საუკუნეების წინ, როდესაც მკითხველის თვალწინ ერთდროულად მიმდინარეობდა დროის ორი მდინარე ცხრა-ათწლიანი ინტერვალით. შემდეგ ასე აღარ წერდნენ საუკუნეების განმავლობაში. ასე წერა კვლავ დაიწყეს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში.

ჰომეროსმა შექმნა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირების ისეთი გალერეა, რომლებიც მოულოდნელი და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს, როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემს, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას ქმნის. ყველა გმირმა უნდა იცოდეს საბრძოლო ხელოვნება, ყველას უნდა შეეძლოს ჭრილობის მოვლა, ყველა უნდა იყოს დაჯილდოებული მჭევრმეტყველების ნიჭით, მაგრამ თითოეული გმირი მაინც უნდა გამოირჩეოდეს ერთი რომელიმე თვისებით ან ამა თუ იმ თვისების ინტენსივობით: ფეხმარდ აქილევსს ვაჟკაცობაში ვერავინ შეედრება, ითაკელი ოდისევსი ყველაზე ცბიერი და მოხერხებულია, გერენონელი მხედარი ნესტორი – ყველაზე ბრძენი, არგოსელი ჰელენე – ყველაზე მშვენიერი, ყოვლისმცოდნე კალქასი – ყველაზე უკეთესი მისანი, დასტაქარი მაქაონი – ყველაზე უკეთესი მკურნალი. გმირების ცალკეული ნიშნით, მინიმალური შტრიხით გამორჩევა ორიათას რვაასი წლის ჰომეროსს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ცალკეულ მეცნიერებებთან (მაგალითად, ფონოლოგიასთან) უცნაურად აახლოებს – ჰომეროსის ესა თუ ის პერსონაჟი შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც ფონემა, იგია სასრული ოდენობის ბინარულ ოპოზიციათა უნიკალური კრებული. ამავე დროს დიდი გმირები არა მხოლოდ ერთი ნიშნით გამოირჩევიან, არამედ სხვა ნიშანთა ინტენსივობითაც; ეს ძალიან კარგად ჩანს „ილიადის“, ემოციური თვალსაზრისით, ცენტრალურ ეპიზოდში, როდესაც ერთმანეთს მთავარი გმირები, აქილევსი და ჰექტორი შეერკინებიან.

ლიტერატურის ისტორიაში მრავალი ორთაბრძოლაა აღწერილი, მაგრამ, საერთო აღიარებით, აქილევსისა და ჰექტორის ორთაბრძოლას ვერც ერთი ვერ შეედრება. წინა ეპიზოდებში უშიშარმა ჰექტორმა შუბი სტყორცნა აქილევსს, მაგრამ ათენამ იგი პელევსის ძეს ააცილა და ისევ ჰექტორის ფეხებთან დააგდო. თავად აქილევსი სამჯერ დაეცა თავს ჰექტორს, მაგრამ აპოლონმა, ჰექტორის ნაცვლად, ღრმა წყვდიადი დაახვედრა. უკანასკნელ ბრძოლაში კი ტროელებმა საკუთარ ქალაქში ძლივს შეასწრეს გამძვინვარებულ აქილევსს და კარიბჭე ჩარაზეს. აქაველთა პირისპირ მხოლოდ ჰექტორი დარჩა. იგი მდუმარედ იდგა ტროის კარიბჭესთან. ამაოდ ემუდარებოდა პრიამოსი თავის ძეს, ამაოდ დაღვარა ცრემლები გმირის დედამ, ჰეკაბემ: ჰექტორი ილიონში არ შებრუნდა. სასტიკი აქილევსი კი უახლოვდებოდა. აქილევსის მრისხანე იერმა უშიშარი ჰექტორიც კი დააფრთხო, იგი გაიქცა და ფეხმარდი გმირი მას დაედევნა: სამჯერ შემოურბინეს გმირებმა ტროის გალავანს. ღმერთები ამ სპექტაკლს ზემოდან დაჰყურებდნენ; ბოლოს ზევსმა გმირების ხვედრი სასწორზე შეაგდო და ჰექტორის პინა ძირს დაეშვა; აქილევსი მისდევდა ჰექტორს, როგორც მწევარი მისდევს განწირულ ირემს. აპოლონმა მიატოვა ჰექტორი, ხოლო ძმის, დეიფობოსის სახით მოვლენილმა ათენამ მზაკვრულად შეარცხვინა და ბრძოლისკენ მოუწოდა. ჰექტორი უღმერთო ბრძოლაში დამარცხდა. ჰომეროსმა ზეთანამედროვედ „გახსნა“ ამ ეპითეტის შინაარსი: „უღმერთო“ ნიშნავს „ღმერთებისგან მიტოვებულს“. თვით უდიდესი აქილევსიც კი ვერ დაამარცხებდა ჰექტორს, ეს უკანასკნელი რომ ყველა ღმერთს არ მიეტოვებინა. „ღმერთებიანმა“ გამარჯვებულმა „უღვთოდ“ არ შეისმინა მომაკვდავი მეტოქის თხოვნა, ეტლს გამოაბა ჰექტორის გვამი და აქაველთა ბანაკისკენ გააქანა – მრისხანებას ჭეშმარიტად უჭირს კეთილშობილებასთან დაწყვილება; ხოლო აქილევსის მრისხანებას აძლიერებს იმის შეგრძნებაც, რომ ჰექტორის სიკვდილმა თავად აქილევსის სიკვდილიც მოაახლოვა.

„ილიადის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპოზიციური თავისებურებაა „ქრონოლოგიური შეუთავსებლობის კანონი“, რომელსაც შმიდ-შტელინის კანონის სახელით მოიხსენიებენ ევროპელი მეცნიერები და „ზელინსკის კანონად“ – მათი რუსი კოლეგები (მარკონი-პოპოვისა და ედისონ-ლოდიგინის პარადიგმის გაგრძელება). ქრონოლოგიური შეუთავსებლობის კანონის არსი ისაა, რომ ჰომეროსთან საუბარი ვერასოდეს ვერ უბრუნდება საწყის წერტილს. ჰომეროსი ვერ იტყოდა, „არამედ აწ კვალად პირველსავე სიტყვასა მივიდეთო“. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დროში პარალელური მოვლენები ჰომეროსთან ვერ აისახება. ჰომეროსის პოეტურმა ტექნიკამ იცის მხოლოდ მარტივი წრფივი განზომილება და არა რთული კვადრატული. შესაბამისად, პარალელურად მიმდინარე ამბები ან მიმდევრობით გადმოიცემა, ან ერთ-ერთი მათგანი იჩქმალება.

გარდა ამისა, ჰომეროსის პოემების გეომეტრიული სტილი ჰარმონიულია მაშინდელ გეომეტრიულ, წრიულ-კვადრატულ ხელოვნებასთან. ჩვენ, ქართველები, ძალიან კარგად ვიცნობთ ამგვარ ხელოვნებას. ჩვენი პირველი მიახლება მსოფლიო ცოდნასთან სწორედ კვარდატში ჩასმული წრეებით, ნახევარწრეებითა და ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ხაზებით დაიწყო. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჰომეროსის მწერლობა ჰგავს ჩვენს მრგლოვან („ასომთავრულ“) დამწერლობას.

როგორც გეომეტრიული სტილის ადეპტი, დიდი ჰომეროსი ცნობილია სიმეტრიისადმი განსაკუთრებული სიმპათიითაც. წინამდებარე წიგნის ბოლოს მოცემულია ჰომეროსისეული სიმეტრიის რამდენიმე ნიმუში.

რაც შეეხება „ილიადის“ სტილს, ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც ე. წ. „ფორმულური სტილი“. პოეტურ ფორმულაში იგულისხმება არა შტამპების, შაბლონების ნაკრები, არამედ მოქნილ და ცვლად გამოთქმათა სისტემა, რომელიც დაკავშირებულია სტრიქონის გარკვეულ ადგილთან, რასაც მეტრიკა განსაზღვრავს. შეიძლება ფორმულაზე ლაპარაკი მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის სიტყვათშეთანხმება ტექსტში მხოლოდ ერთხელ გვხვდება, თუმცა მაინც აშკარაა, რომ ის სისტემის ნაწილია. ფორმულებია არა მხოლოდ „ფეხმარდი“, „ღმერთების თანასწორი“, „გონებაუხვი“, „თეთრხელება“, „თვალსხივოსანი“, „მიზანს აუცდენელი“, „ეგისისმპყრობელი“ და ა. შ., არამედ ასევე: „მასთან მივიდა, ახლოს დაუდგა და უთხრა“, „წარბშეკვრით უთხრა“, „ასე ბრძანა“ და ა. შ. გარდა საკუთრივ ფორმულებისა, გვხვდება განმეორებადი ფრაგმენტები, მაგალითად, რომელიმე გმირი სხვა გმირის სიტყვას რომ გადმოსცემს, ტექსტი შეიძლება სიტყვასიტყვით განმეორდეს.

ჰომეროსს ახასიათებს რთული ეპითეტები, რომლებიც არა სიტუაციურად, არამედ ფორმულების სისტემაში უნდა განვიხილოთ. აქილევსი „ფეხმარდია“ მაშინაც, როდესაც ზის, ხოლო აქაველები „ლამაზსაბარკულიანები“ არიან მაშინაც, როდესაც აღჭურვილობის გარეშე აღიწერებიან.

***

დაბოლოს, თარგმანის შესახებ: ჰომეროსი რამდენჯერმეა თარგმნილი ქართულ ენაზე, როგორც ფრაგმენტულად, ისე სრულად. გვაქვს „ილიადის“ სრული პოეტური თარგმანი, შესრულებული რომან მიმინოშვილის მიერ; ასევე, „ოდისეის“ სრული პოეტური (პანტელეიმონ ბერაძე) და პროზაული თარგმანები (ზურაბ კიკნაძე და თამაზ ჩხენკელი). სწორედ „ოდისეის“ პროზაული თარგმანი უნდა მივიჩნიოთ ჰომეროსის პოეზიის საუკეთესო ქართულ ტექსტად, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უკლებლივ ყველა ქართველი მთარგმნელი, რომელიც ჰომეროსს შეეჭიდა, ლიტერატურის ნამდვილი რაინდი და გმირია. ეს საქმიანობა, ეს გმირობა – ჰომეროსის თარგმნა – არასოდეს არ უნდა შეწყდეს. ამავე დროს, ჰომეროსის პოეზიის თავისებურებათა გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს „ილიადის“ პროზაულ თარგმანს; გასათვალისწინებელია, რომ ისეთმა ბრწყინვალე პოეტმაც კი, როგორიც იყო ლეკონტ დე ლილი, „ილიადა“ ფრანგულად პროზად თარგმნა.

პოეტური ფორმულების გადმოცემისას რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ სწორედ ზემოხსენებული მთარგმნელების გამოცდილება გავითვალისწინეთ. ამის ერთ-ერთი ნიმუშია κοῖλος სიტყვის გადმოცემა; ეს ეპითეტი, როგორც წესი, გემს, ხომალდს მიემართება და აღნიშნავს „ამოღრუტნულს“, „ცარიელს“, „განიერფერდებიანს“. ჩვენ დავესესხეთ ზ. კიკნაძესა და თ. ჩხენკელს და იგი ვთარგმნეთ, როგორც „ღრმამუცლიანი“. ამავე მთარგმნელებს დავესესხეთ „სხივოსანს“ (Φοῖβος) აპოლონისთვისა და „თვალსხივოსანს“ (γλαῦκοπις) ათენასათვის („თვალმცეცხლია“ რ. მიმინოშვილთან).

სახელთა გადმოცემისას ჩვენ ვცადეთ, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა მათი ბერძნული ჟღერადობა და, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს მოვახერხეთ კიდეც. ამოსავალი, თითქმის ყოველთვის არის სახელობითი ბრუნვის ფორმა (შესაბამისად, „ალექსანდროსი“ და არა „ალექსანდრე“, „კრეონი“ და არა „კრეონტი“, „დიომედესი“ და არა „დიომედე“, რომელიც, სხვათა შორის, „ილიადის“ პერსონაჟი ქალის სახელია და ა.შ.). გამონაკლისის სახით, ტრადიცია გათვალისწინებულია სახელთა ძალიან ცნობილი და კარგად დამკვიდრებული ქართული ფორმების გადმოცემისას, მაგალითად, დავტოვეთ „ზევსი“ („უნდა“ ყოფილიყო „ძევსი“), „ენეასი“ („აინეიასი“); ხანდახან მოწოდებულია „კომპრომისული“ ფორმები, მაგალითად, ჰეფესტოსი („ჰეფაისტოსი“). წიგნს ახლავს მითოლოგიურ და გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი, სადაც კარგად ჩანს, როგორ გადაწყდა ბერძნულ სახელთა ქართულად გადმოცემის პრობლემა.

ჰომეროსის მთარგმნელმა უნდა დაუჯეროს მეცხრამეტე საუკუნის კარგ ინგლისელ პოეტსა და შესანიშნავ კრიტიკოსს, მეთიუ არნოლდს: „ჰომეროსის მთარგმნელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს მისი ავტორის ოთხი თავისებურება: (1) იგი უაღრესად სწრაფია; (2) იგი უაღრესად უბრალო და პირდაპირია, როგორც აზრის ევოლუციაში, ისე მის გამოხატვაში, ანუ როგორც სინტაქსში, ისე ლექსიკაში; (3) იგი უაღრესად უბრალო და პირდაპირია საკუთარი აზრების შენივთებაში, ანუ მასალასა და იდეებში და, საბოლოოდ, (4) იგი უაღრესად კეთილშობილია“. სწორედ ამიტომ მიმაჩნია ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხატვრულ ამოცანად ჰომეროსის თარგმნა უბრალო, სოკრატესი არ იყოს, „ხელში პირველად მოხვედრილი“ სიტყვებით, არა ზეაწეულ, არამედ უბრალო, ყოფით პოეტურ რეგისტრში, პათეტიკის გარეშე, მაგრამ ვნების, ანუ პათოსის, თანხლებით. რაც შეეხება „ზეაწევას“, ტექსტი ამას თავადაც მოახერხებს და „აქილევი“, რომელიც სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა ჰომეროსმა და „ილიადაში“ ცოცხლად დატოვა, ისევ დააღწევს თავს მკვდართა საუფლოს, ისევ აღდგება და დაიბადება ქართულ ენაში. და ეს ისევე უტყუარია, როგორც ის, რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც ყოველ დილას ახალშობილი ეოსი ვარდისფერ თითებს გამოაჩენს და დედამიწას ყვითელ კაბას გადააფარებს.

ჰომეროსი, „ილიადა“ | „სულაკაურის გამომცემლობა“

0
Share

თავის ქალა და ტემპერამენტი ყველაზე ნაკლებად იცვლება.

***

ბედნიერია? ძირითადად - ჰო, ფიქრობს, რომ არის. მაგრამ არ ავიწყდება ქოროს უკანასკნელი სიტყვები „ოიდიპოს მეფიდან“: „ნუ იტყვი კაცზე, ბედნიერიაო, სანამ არ მომკვდარა“.

***

პოეზია ან თავიდანვე მოგხვდება გულზე, ან არასდროს. გაელვება გამოცხადებისა და მისი გამოძახილისა. ეს ელვას ჰგავს, და შეყვარებას.

***

ჯერ სასჯელი, სასამართლო კი - შემდეგ.

***

ყველაფერი რაც უფრო იცვლება, მით უფრო უცვლელი რჩება. ისტორია მეორდება, თუმცა შედარებით მოკრძალებულად. შეიძლება ისტორიამაც ისწავლა რაღაც.

***

როცა რამის აპელაცია ნამდვილად ზედმეტია, ისღა დაგრჩენია, გამაგრდე და დარჩენილი ცხოვრება როგორღაც გალიო.

***

რაიმეს ქონის რისკი: მანქანის, ფეხსაცმლის, ერთი კოლოფი სიგარეტის. ყველაფერი არასაკმარისია - მანქანები, ფეხსამელი, სიგარეტი. ხალხი ძალიან ბევრია, ნივტები - ძალიან ცოტა. ყველაფერი, რაც არის, მიმოქცევაში უნდა იყოს, რომ ყველას მიეცეს ბედნიერების შანსი, თუნდაც ერთი დღით.

„ეს თეორიაა. ჩაეჭიდე ამ თეორიას და იმ ნუგეშს, რაც მას მოაქვს. არა ადამიანში ფესგვადგმული ბოროტება, არამედ მხოლოდ უზარმაზარი წრებრუნვის სისტემა, რომლის ფუნქციონირებას არავითარი კავშირი არა აქვს სიბრალულსა და შიშთან. ასე უნდა შეხედო ცხოვრებას ამ ქვეყანაში, დაახლოებით ასეთი სქემატური ასპექტით. სხვანაირად შეიძლება გაგიჟდე. მანქანები, ფეხსაცმელები, ქალებიც კი. ამ სისტემაში რაღაც ნიშა უნდა იყოს ქალებისათვის დაი მისათვის, რაც მათ თავს ხდება“.

***

ადამიანები, რომელთათვისაც სისასტიკე სამსახურებრივი მოვალეობაა, მაგალითად, სასაკლაოზე მომუშავეები, სულს ჯავშნით იფარავენ. ჩვევა გულს გიქვავებს. უმეტესად სწორედ ასე ხდება, მაგრამ მისი შემთხვევაში, ეტყობა, ასე არ არის. მას, როგორც ჩანს, გულქვა ადამიანად ქცევის ნიჭი არ აქვს.

***

გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ადამიანი მეტისმეტად მოხუცია საიმისოდ, რომ მომხდარისაგან რამე ისწავლოს. მას ისღა დარჩენია, კვლავ და კვლავ აიტანოს სასჯელი. მაგრამ შესაძლოა, ეს ყოველთვის ასე არც იყოს.

მთარგმნელი: გია ბერაძე | გამომცემლობა „დიოგენე“

0
Share

ალბათ, ყველაფერი ასეა ცხოვრებაში: გვჯერა, რომ ირგვლივ მხოლოდ ჩვენი მსგავსი ქმნილებები არიან და არა ყინული და ქვები, რომლებიც გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ. გინდა, მეგობარს მიესალმო, მაგრამ ხელი დუნედ გივარდება, ღიმილი ქრება, რადგან ამჩნევ, რომ სრულიად მარტო ხარ.

***

ფერიებიც კი გაუბრიან ჩვეულებრივ ბავშვებს, რათა იღბლიან ადამიანებზე იზრუნონ, რომლებიც მათ ყურადღებას არ აქცევენ და მშვიდად სძინავთ აბრეშუმის ბალდახინის ქვეშ.

***

ძნელია რაღაცის გჯეროდეს, როცა მარტო ხარ და ვინმესთვის აზრის გაზიარება არ შეგიძლია. ადამიანები, რაც უნდა დაახლოვდნენ, მაინც უცხოებად რჩბიან ერთმანეთისთვის: თუ ადამიანი ცუდად არის, ეს ტკივილი მთლიანად მისია, არავის შეუძლია თავის თავზე აიღოს მისი მცირე ნაწილიც კი; თუ ადამიანი იტანჯება, სხვები ამ ტანჯვას ვერ გრძნობენ, მაშინაც კი, როცა სიყვარული ნამდვილია. და ეს აჩენს მარტოობას ცხოვრებაში.

***

ალბათ, საათებიღა იყო დარჩენილი, ან კვირები და თვეები, მაგრამ თვეებიცა და კვირებიც უმნიშვნელოა, როცა ისინი სიკვდილისგან გვაშორებს.

***

ალბათ, მშვენიერია სიკვდილი ღია ცის ქვეშ, მძვინვარე შეტაკებისას, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხარ, საყვირის საზეიმო ხმების ფონზე; რა თქმა უნდა, საწყენია სიკვდილი მიღებული ჭრილობისგან, ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, საავადმყოფოს პალატაში; კიდევ უფრო ძნელია სიკვდილი საკუთარ საწოლში, ახლობლების თანაგრძნობის, მკრთალი შუქისა და წამლის შუშების ფონზე; მაგრამ არაფერია იმაზე საშინელი, როცა უცხო, სრულიად უცნობ მხარეში კვდები, იაფფასიანი სასტუმროს საწოლში, მოხუცი და მახინჯი, ისე, რომ ამქვეყნად არავის ტოვებ.


მთარგმნელი: მადონა ბოკუჩავა | გამომცემლობა „დიოგენე“

0
Share

ძალაუფლების განაწილება არ ნიშნავს თავისი წილი სამხრეებისა და წითელი ხალიჩის მიღებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მერე და მერე მოდის. ძალაუფლების განაწილება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი დანაშაულების სხვისთვის განაწილება უფროა!

***

ტექსტის მეორე ნაწილი ჯოჯოხეთის აღწერილობას ეთმობოდა, ოღონდ იმისგან განსხვავებული ჯოჯოხეთისას, როგორიც წარმოგვიდგენია, ჯოჯოხეთისას, სადაც არა ადამიანები, არამედ მკვდარი სახელმწიფოები იყვნენ და მათი გვამები არეულ-დარეულად ეყარა ერთმანეთის გვერდზე:

იმპერეიები, საემიროები, რესპუბლიკები, კონსტიტუციური მონარქიები, კონფედერაციები...

ჰმ, ჰმ, დახე, დახეო, ჩაილაპარაკა მარკ ალემმა. იმისგან განსხვავებით, რა შთაბეჭდილებასაც ერთი შეხედვით ახდენდა, ეს სიზმარი ყველაფერთან ერთად საშიშიც აღმოჩნდა. ფურცელი გადაშალა, რომ ამ სიზმრის მამაცი გამომგზავნის სახელი და გვარი ენახა და წაიკითხა: სიზმარი ნახა ფუნდუკ „ორი რობერტის“ სტუმარმა X…მა 18 დეკემბრის ღამის მეორე ნახევარში (პანშალიკი, ცენტრალური ალბანეთი).

ოჰო, ეშმაკის ფეხი, თავი როგორ დაიძვრინაო, გაიფიქრა და შვებით ამოისუნთქა (გონებაში გაელვებასავით ამმოუტივტივდა შავქსოვილგადაფარებული კუბო, რომელსაც ახლა ალბათ უკვე დედალქალაქის დიდი სასაფლაოსკენ მიაქანებდნენ), ბოლო წამს ხაფანგის საფრთხე უგრძნია და უკვალოდ გამქრალაო, ჩაილაპარაკა... სკამზე მოხერხებულად მოკალათდა და კითხვა განაგრძო.

მკვდარი და ჯოჯოხეთში მოხვედრილი სახელმწიფოები არ ისჯებოდნენ ისე, როგორც, ზოგადი წარმოდგენებით, ადამიანები ისჯებიან. მაგალითად, ამ ჯოჯოხეთს ის თავისებურება ჰქონდა, რომ იქიდან გამოქცევა და უკან, მიწაზე დაბრუნება შეიძლებოდა. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს, დიდი ხნის წინ მკვდარი სახელმწიფოები, რომელთაგანაც, ყველას აზრით, ჩონჩხებიღა დარჩენილიყო, შეიძლება ნელ-ნელა ფეხზე წამომდგარიყვნენ და ისევ დედამიწაზე დაბრუნებულიყვნენ.

ოღონდ, მსახიობების მსგავსად, რომლებიც ახალი როლის შესასრულებლად სცენაზე ასვლის წინ გრიმს ისვამენ, გარკვეული შელამაზება მათაც სჭირდებოდათ; სახელებს, გერბებსა და დროშებს კი იცვლიდნენ, მაგრამ არსობრივად და სიღრმისეულად იგივენი რჩებოდნენ.

დახე, დახეო, ისევ ჩაიჩურჩულა მარკ ალემმა. ბავშვობიდანვე სახელმწიფოსა და მთავრობის საქმეებზე საუბრების სმენას ჩვეული მალევე მიხვდა იმ ფარულ ზრახვას, რომელიც ამ სიზმრის მნახველს ამოძრავებდა.

წყალი არ გაუვიდოდა - დასაწყისის გამოკლებით ეს სიზმარი თავიდან ბოლომდე გამოგონილი იყო. ისიც კი ეუცნაურა, მან „სელექციის“ განყოფილების ზღუდე რომ გადმოლახა. ანდა, როგორც პროვოკაციული სიზმარი, ის შეიძლება სულ სხვა მიზნებისთვის შემოინახეს. მაგრამ რა შეიძლება ყოფილიყო ეს მიზნები? ან რატომ გადმოსცეს მაინცდამაინც მას? და მაინცდამაინც ასე - როგორც სასწრაფო და გადაუდებელი და თანაც დამატებითი სამუშაო საათების დასრულების მერე? მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

მიუხედავად ამისა, ტექსტისთვის თვალი არ მოუშორებია: თემურ ლენგის სახელმწიფო დავინახე, რომელსაც ალამაზებდნენ და სისხლის ლაქებს აშორებდნენ, რადგან ის კვლავ ფეხზე წამოსადგომად ემზადებოდა; ოდნავ მოშორებით ჰეროდეს სახელმწიფოსაც მოვკარი თვალი, რომელსაც იმავენაირად ეპყრობოდნენ: ამბობდნენ, მესამედ ამოდის დედამიწის ზედაპირზე და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ ამოვა მას შემდეგ, რაც ყველას სამუდამოდ განადგურებული ეგონებაო...

ამ ბოდვის გამომგზავნის აზრით, თანამედროვე სახელმწიფოები, მათ შორის ოსმალეთის იმპერია, სხვა არაფერი იყო, თუ არა ძველი, სისხლისმსმელი ინსტიტუციები, რომლებიც დრომ დაასამარა და შემდეგ დედამიწაზე მოჩვენებებად დაბრუნდნენ.

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი | „სულაკაურის გამომცემლობა“

0
Share
ის მუდამ ტყუის და თან არასოდეს არ ტყუის. მისი სიყალბე მისივე სიმართლეა – მისი ნათქვამი შეიძლება რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში იოლად გასაგებია. მას ყველაფრის სჯერა და თან არაფრისა სწამს. 

***

რასაც მომავალში მივაღწევ, და რისთვისაც დღემდე მიმიღწევია, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მონდომებას ვუმადლი.

***

კაცს მთელი არსებით ოცნება უნდა შეეძლოს, და მაშინ თვით ყველაზე თამამი სურვილიც რეალობად გარდაიქმნება.

***

ფაშისტებს ხან პირუტყვებად მოიხსენიებდა, ხან ეშმაკის მოციქულებად, ხან იდიოტებად; მიწასთან გაასწორა ის ინტელექტუალები, რომლებიც, როგორც ნამუსგარეცხილი ოპორტუნისტები, აგრესიულ ნაციონალიზმს ამართლებდნენ. „ყველა ჩამოსახრჩობია!“ – შესძახა და მაგიდას მუშტი დაჰკრა.

***

ყველა ნაცისტი გლახაკი და მათხოვარია. საკმარისია, თუნდაც ერთ მათგანს გაეკარო, შენც ჭუჭყში ამოისვრები.

***

ნეტავ, თუ შეამჩნია, როგორ შეცვლილიყო ბერლინის ქუჩები? თუ ხედავდა ყავისფერსა და შავ უნიფორმებს, სვასტიკიან დროშებს, დარაზმულ, მწყობრი ნაბიჯით მოსიარულე ახალგაზრდებს? თუ სწვდებოდა მის ყურს საბრძოლო სულისკვეთებით გამსჭვალული სიმღერები, გამუდმებით რომ გაისმოდა ყოველ კუთხეში, რადიომიმღებებიდან თუ კინოეკრანე ბიდან? თუ აქცევდა ყურადღებას ფიურერის გამოსვლებს, მის მუქარებსა და ბაქიაობას? თუ კითხულობდა გაზეთებს, რომლებიც, მართალია, ალამაზებდნენ, თვალს ხუჭავდნენ, ტყუოდნენ, მაგრამ ამაზრზენ სინამდვილეს ბოლომდე მაინც ვერ მალავდნენ? თუ ადარდებდა იმ ადამიანთა ბედი, უწინ მეგობრებად რომ მოიხსენიებდა? ისიც კი არ იცოდა, ვინ სად იყო ახლა. იქნებ პრაღის, ციურიხისა თუ პარიზის რომელიმე კაფეში სხედან, იქნებ მათ რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში აწამებენ, ან იქნებ იმალებიან ბერლინის რომელიმე სახლის სხვენსა თუ სარდაფში? ჰენდრიკს არ აინტერესებდა ეს ბნელით მოცული წვრილმანები. მე ხომ მაინც ვერავის დავეხმარებიო – ამ ფორმულით იცილებდა თავიდან გატანჯულებზე ფიქრს. „მე ხომ თავადაც გამუდმებით მემუქრება საფრთხე! ვინ იცის, იქნებ ხვალ ცეზარ ფონ მუკმა ჩემი დაპატიმრების ბრძანება გააცემინოს. ჯერ როგორმე თავი უნდა გადავირჩინო და მერე იქნებ სხვების დახმარებაც მოვახერხო!“

***

ცნობისმოყვარე პუბლიკიდან ნეტავ ვინმეს თუ ესმოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა ჰენდრიკის გულში, როცა თავი დაბლა დახარა და გოლიათის ხორციან, ბანჯგვლიან ხელს მიუახლოვა? განა მარტო იმიტომ დაუარა ჟრუანტელმა, რომ ბედნიერი და ამაყი იყო? თუ რაღაც სხვა გრძნობაც დაეუფლა – და ამან თვითონაც გააკვირვა? მაინც, რა უნდა ყოფილიყო ეს სხვა გრძნობა? შიში? არა, ეს თითქმის ზიზღი იყო... აი, ახლა კი ტალახში ამოვევლეო, თავზარდაცემული ფიქრობდა ჰენდრიკი. „ახლა ამ ხელზე მაჩნევია ლაქა, რომელსაც ვეღარასოდეს ჩამოვირეცხავ... გავიყიდე... თავად დავისვი სამარცხვინო დაღი!“

***

თუ ამ სახელმწიფოში მაღალ საჯარო თანამდებობას დაიკავებდა, მისი სახელი მთლიანად და კიდევ უფრო დაუეჭვებლად გაიგივდებოდა რეჟიმთან: ანუ თავის სვეს ჰიოფგენი სამუდამოდ დაუკავშირებდა ამ სისხლიანი ავანტიურისტების ბედს. განა ეს მისთვის სასურველი იყო? განა ეს ჰქონდა ჩაფიქრებული? განა გულის სიღრმიდან წამოსული ხმა არ ურჩევდა, ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეეკავებინა? ეს ხმა ხომ სინდისის ქენჯნისა იყო, და მასთან ერთად – შიშისა...

***

წარმატებამ, ყოველგვარი ბოროტების ამ ნატიფმა, უცილობელმა გამართლებამ, ორივეს მოუჩლუნგა სირცხვილის გრძნობა.

***

წყურვილი – უდავო, ჭეშმარიტი, დედაქალაქის მასშტაბის დიდებისა – ჭიასავით უღრღნიდა გულს, თითქოს ფიზიკური ტკივილი ყოფილიყოს.

როცა თავად უწევდა ხალხში ყოფნა, როცა მრავალთაგან ერთ-ერთი იყო, შებოჭილობა ეუფლებოდა, იბნეოდა კიდეც; თავდაჯერება მაშინღა უბრუნდებოდა, მაშინღა გრძნობდა თავს გამარჯვებულად, როცა ხალხისგან გამოყოფას მოახერხებდა და, პროჟექტორის სხივით განათებული, კაშკაშს იწყებდა. ყველაზე საიმედოდ დაცული მაშინ იყო, როცა შემაღლებულზე იდგა და დაჰყურებდა ბრბოს, რომელიც ერთადერთი მიზნისთვის არსებობდა: აღფრთოვანებულიყო, პატივი მიეგო, ტაში დაეკრა მისთვის.

***

ჰოი, უბედურებავ! ცა მოიქუფრა ამ ქვეყნის თავზე. ღმერთმა ამ ქვეყანას ზურგი შეაქცია, და ახლა მისი ყველა ქალაქის ქუჩებში სისხლისა და ცრემლის ნიაღვრები მოედინება.

ჰოი, უბედურებავ! ეს ქვეყანა შერყვნილია და არავინ უწყის, კვლავ როდის განიწმინდება – როგორი მონანიებით, კაცობრიობის გაბედნიერებაში შეტანილი რანაირი წვლილით შეძლებს სამარცხვინო დაღის ჩამორეცხვას? ყველა მისი ქალაქის ყველა ქუჩაში ტალახს სისხლი და ცრემლი შერევია. წაიბილწა ყოველივე, რაც ლამაზი იყო, სიცრუემ მოსპო ყოველივე ჭეშმარიტი.

ამ ქვეყანაში ბინძური ტყუილი ლამობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამ ტყუილს ღრიალებენ საკონფერენციო დარბაზებსა და მიკროფონებში, ტყუილი იღვრება გაზეთების სვეტებიდან და კინოეკრანებიდან, აფჩენს თავის უზარმაზარ ხახას და ირგვლივ ჩირქისა და სნების მყრალ სუნს აფრქვევს: ბევრს ქვეყნიდან მიერეკება, მაგრამ მისთვის, ვისაც დარჩენა უწევს, ეს ქვეყანა აქოთებულ დილეგად ქცეულა.

ჰოი, უბედურებავ! აქეთ-იქით დაქრიან აპოკალიფსის მხედრები, აქ დასცეს ბანაკი, აქ მოიწყვეს გულის ამრევი გარნიზონი. აქედან სურთ სამყაროს დამორჩილება. მათი განზრახვა სწორედ ეს არის: სურთ იბატონონ ქვეყნებსა და ზღვებზე; სურთ, რომ მათს სიგონჯეს ყველგან განადიდებდნენ და ეთაყვანებოდნენ. მათმა სიმახინჯემ ყველა უნდა აღაფრთოვანოს, რადგან ახალი სილამაზე სწორედ ეს არის. ვინც დღეს მათ დასცინის, ხვალ ისევ მათ წინაშე მუცელზე მოუწევს ხოხვა. მტკიცედ გადაუწყვეტიათ, დედამიწას თავს მოახვიონ ომი, რათა შემდეგ ეს დედამიწა დაამცირონ და დაღუპონ, როგორც უკვე ამცირებენ და ღუპავენ ქვეყანას, რომელშიც დღეს ბატონობენ: ჩვენს სამშობლოს, რომლის თავზეც ცა მოიქუფრა და რომელსაც ზურგი შეაქცია ღმერთმა. 

ღამე ჩამოწოლილა ჩვენს სამშობლოში. უგვანი ხალხი მიდი-მოდის მისი ერთი ოლქიდან მეორეში – დიდი ავტოებით, თვითმფრინავებითა თუ საგანგებო მატარებლებით. ეს ხალხი ხალისით მოგზაურობს აქეთ-იქით და მოედნებზე თუ თავშეყრის სხვა ადგილებში ერთსა და იმავე სიცრუეს გაჰყვირის. ყველგან, სადაც კი თავად ისინი ან მათი დამქაშები გამოჩნდებიან, ქრება გონების შუქი და ისადგურებს წყვდიადი.


გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ | გამომცემლობა „ინტელექტი“
0
Share

სამყარო ოთხ ბურჯს ეყრდნობა: ბრძენთა სწავლებას, ძლიერთა სამართლიანობას, მართალთა ლოცვას და მამაცთა სიმხნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭია... გარეშე მმართველისა, რომელიც მართვის ხელოვნებას ფლობს.

***

მმართველმა უნდა ისწავლოს დაყოლიება და არა იძულება. საუკეთესო ყავით უნდა მასპინძლობდეს, საუკეთესო ხალხის მოზიდვა თუ უნდა.

***

კარგმა მმართველმა თვისი სამყაროს ენა უნდა იცოდეს, ენა ყველა სამყაროს თვისი აქვს. გულისხმობდა ქვების და ცოცხალ არსებათა ენას, ენას, რომელსაც მხოლოდ ყურით ვერ გაიგონებ.

***

- ჯარისკაცების ერთგულება როგორ უნდა მოიპოვო?

- ბევრი ნაცადი გზა არსებობს: სხვებზე აღმატებულობის შეგნებით მანიპულირება, საიდუმლო შეთქმულების მისტიკა, ერთად გადატანილი ტანჯვით შეძენილი აზროვნებისა და შეგრძნებების სიმკვეთრე. ამის გაკეთება შესაძლებელია. ეგ ბევრჯერ გაკეთებულა სხვადასხვა პლანეტაზე, სხვადასხვა დროს.

***

ნებისმიერ გზას, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად გაჰყვები ბოლომდე, ასეთივე სიზუსტით მიჰყავხარ... არსად. მთის კალთას ცოტაზე შეუყევი, რათა იგრძნო და გამოსცადო, რომ ეს მთაა. მთის მწვერვალიდან მთას ვერ დაინახავ.

***

ალბათ არ არსებობს გააზრების უფრო საშინელი წამი, ვიდრე ის, როცა აღმოაჩენ, რომ მამაშენი კაცია - ადამიანის სხეულით.

***

ძალა და შიში - აი სახელმწიფოს სამართავი იარაღები... სახელმწიფოს მართვის იარაღი მუდამ ალესილი და შემართული უნდა გქონდეს. ძალა და შიში - ალესილი და შემართული.

***

როცა ღმერთი განსაზღვრავს, რომ ესა თუ ის არსება რომელიმე კონკრეტულ ადგილას მოკვდეს, იგი ამ არსებას მოასურვებს, სწორედ იმ ადგილისკენ აიღოს გეზი.

***

საკუთარი სიდიადის განცდა წარმავალია. ის არასოდეს არ არის მუდმივი. ნაწილობრივ, ეს გრძნობა დამოკიდებულია ადამიანთა მოდგმის წარმოსახვაზე, რომლითაც მითები იქმნება.

ადამიანი, რომელსაც საკუთარი დიდების განცდა აქვს, უნდა შეიგრძნობდეს მითს, რომელშიც იმყოფება; უნდა ირეკლავდეს იმას, რაც მასზე არის მისხივებული, პროეცირებული. და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ირონიის ძლიერი გრძნობა. ეს დაიცავს მას და არ მისცემს საშუალებას, სჯეროდეს, რომ მისი პრეტენზიები ყოველთვის მართებულია.

ირონიაა ერთადერთი რამ, რაც მას თავის თავში მოძრავს ამყოფებს. ამ თვისების გარეშე კაცს სიდიადის შემთხვევითი განცდაც კი დაანგრევს.

***

ადამიანები ყველაზე კარგად მაშინ გრძნობენ თავს, როცა ყველას თავისი ადგილი აქვს, როცა ყველამ ზუსტად იცის, ამა თუ იმ მოწესრიგებულ სისტემაში სადაა მისი ადგილი. მოსპე ეს ადგილი და ადამიანიც მოისპობა.

***

ყველაფერი, რაც შენ გარეთაა, შეიძლება დაინახო და ლოგიკა მოარგო მას, მაგრამ ადამიანს ახასიათებს, რომ როცა პირად პრობლემებს აწყდება, ყველაზე მეტად უჭირს სწორედ ყველაზე სიღრმისეულად პირადი ამბების გარეთ გამოტანა, მათი ლოგიკისთვის გადაცემა გასაჩხრეკად და გასარჩევად. ასეთ დროს გვირჩევნია, მივედ-მოვედოთ, მიზეზი ვეძებოთ ყველგან, ოღონდ არ ვიპოვოთ ის ჭეშმარიტი, ჩვენს არსებაში ღრმად ჩამჯდარი მიზეზი, რომელიც სინამდვილეში ყველაფრის გამომწვევია.

***

როცა რელიგია და პოლიტიკა ერთ ეტლში სხედან, მათ ჰგონიათ, რომ წინ ვეღარავინ დაუდგებათ. მაშინ ისინი თავაწყვეტით მიაჭენებენ - სწრაფად, უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. დაბრკოლებაზე აღარც ფიქრობენ და ავიწყდებათ, რომ უკან მოუხედავად მიმქროლავი კაცი ხრამს როცა შენიშნავს, უკვე გვიანია.

 

მთარგმნელი - ნინო ბარძიმაშვილი | გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

0
Share


„წინსვლა ყველას გვინდა. საამისოდ კი ძლიერი იდაყვებია საჭირო“...

„მეფისტოფელი“ კლაუს მანის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული რომანი, რომელიც მსახიობ ჰენდრიკ ჰიოფგენის სულიერი დეგრადაციის ამბავს მოგვითხრობს.

„ის მუდამ ტყუის და თან არასოდეს ტყუის. მისი სიყალბე მისივე სიმართლეა – მისი ნათქვამი შეიძლება რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში იოლად გასაგებია. მას ყველაფრის სჯერა და თან არაფრისა სწამს“, – ამგვარად ახასიათებს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ჰენდრიკ ჰიოფგენს, ახალგაზრდა კაცს, რომელსაც უდავო, ჭეშმარიტი დიდების წყურვილი ჭიასავით უღრღნიდა გულს, თითქოს ფიზიკური ტკივილი ყოფილიყოს:

„როცა თავად უწევდა ხალხში ყოფნა, როცა მრავალთაგან ერთ-ერთი იყო, შებოჭილობა ეუფლებოდა, იბნეოდა კიდეც; თავდაჯერება მაშინღა უბრუნდებოდა, მაშინღა გრძნობდა თავს გამარჯვებულად, როცა ხალხისგან გამოყოფას მოახერხებდა და, პროჟექტორის სხივით განათებული, კაშკაშს იწყებდა. ყველაზე საიმედოდ დაცული მაშინ იყო, როცა შემაღლებულზე იდგა და დაჰყურებდა ბრბოს, რომელიც ერთადერთი მიზნისთვის არსებობდა: აღფრთოვანებულიყო, პატივი მიეგო, ტაში დაეკრა მისთვის“.

ჰიოფგენს მიაჩნია, რომ რასაც მიაღწია და რასაც მომავალში მიაღწევს, ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ მის მონდომებას უნდა უმადლოდეს. მეტიც, დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანს მთელი არსებით ოცნება შეუძლია, მაშინ ყველაზე თამამი სურვილიც კი შესაძლოა რეალობად იქცეს.

თუმცა, ოცნება ერთია, დიდებისაკენ მიმავალ გზაზე კი მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

ამ გზაზე ჰენდრიკ ჰიოფგენი ურიგდება ახალ ხელისუფლებას, ხალხს, რომელთაც თავის დროზე ხან პირუტყვებად მოიხსენიებდა, ხან ეშმაკის მოციქულებად, ხან კი იდიოტებად და ამავდროულად, მიწასთან ასწორებდა იმ ინტელექტუალებს, რომლებიც, როგორც ნამუსგარეცხილი ოპორტუნისტები, აგრესიულ ნაციონალიზმს ამართლებდნენ – „ყველა ჩამოსახრჩობია!“ – იმოძღვრებოდა მსახიობი.

და თუკი ერთ დროს, მიზეზთა და მიზეზთა გამო ფიქრობდა, რომ „ყველა ნაცისტი გლახაკი და მათხოვარია. საკმარისია, თუნდაც ერთ მათგანს გაეკარო, შენც ჭუჭყში ამოისვრები“, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ბერლინის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გამხდარიყო და ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურადაც ქცეულიყო.

არადა, კარგად იცოდა, რომ თუკი ნაცისტურ გერმანიაში მაღალ საჯარო თანამდებობას დაიკავებდა, მისი სახელი მთლიანად და კიდევ უფრო დაუეჭვებლად გაიგივდებოდა რეჟიმთან: ანუ თავის მომავალს სამუდამოდ დაუკავშირებდა სისხლიანი ავანტიურისტების ბედს:

„განა ეს მისთვის სასურველი იყო? განა ეს ჰქონდა ჩაფიქრებული? განა გულის სიღრმიდან წამოსული ხმა არ ურჩევდა, ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეეკავებინა?“

მაგრამ წარმატებამ, ყოველგვარი ბოროტების ამ ნატიფმა, უცილობელმა გამართლებამ, სირცხვილის გრძნობა მოუჩლუნგა და დაამჩნია სამარცხვინო დაღი, რომელიც ვეღარასოდეს ჩამოირეცხა...


გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ | კლაუს მანი, „მეფისტოფელი“ | გამომცემლობა „ინტელექტი“

0
Share

➖ „შუაღამის შვილების“ გამოცემასთან დაკავშირებით, ამერიკაში მომიწია გამგზავრება, სადაც ცნობილმა ფოტოხელოვანმა, ჯილ კრემენცმა რამდენიმე ფოტო გადამიღო და მისი ქმარი, კურტ ვონეგუტიც გამაცნო.

მერე, უქმეებზე, თავიანთ სახლშიც დამპატიჟეს ლონგ-აილენდზე.

„მართლა მწერლობას აპირებთ“ - სრულიად მოულოდნელად მკითხა ვონეგუტმა, როცა მზისგულზე ვისხედით და ლუდს შევექცეოდით.

დადებითი პასუხი რომ მიიღო, „სასაკლაო #5“-ის ავტორმა მითხრა:

„მაშინ წინდაწინვე იყავით მზად: დადგება დღე, როცა დასაწერი აღარაფერი გექნებათ, მაგრამ წერა მაინც მოგიწევთ“.

***

➖ ჩვეულებრივი სიბრმავის გარდა, ადამიანებს ნებაყოფლობითი დაბრმავება ახასიათებთ; ისე უჭირავთ თავი, თითქოს ამქვეყნად არსებობდეს რაღაც ისეთი, რასაც სამართლიანს, ჩვეულებრივს ან ნორმალურს უწოდებდი. ნებაყოფლობით, საგულდაგულოდ იკეტებიან ამ საყოველთაოდ გავრცელებულ გამონაგონში და სირაქლემას ემსგავსებიან, შეგნებულად გაურბიან სინამდვილეს.

როცა საკუთარი ბინის კარს შეიკეტავს, ადამიანი კერძო, ოჯახური ცხოვრების შეუვალ სივრცეში იმალება და იქიდან პასუხობს ცნობისმოყვარე უცხოთა შეკითხვებს: ყველაფერი თავისი გზით მიდის, სათქმელიც ბევრი არაფერია და საერთოდ, ყველაფერი ჩვეულებრივადააო.

არადა, გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ძნელად თუ მოინახება ისეთი კარი, რომლის მიღმაც სრული სიმშვიდე სუფევს. მეტწილად, იქ ჯოჯოხეთი ტრიალებს, მამები ლოთობენ, დედები იწყევლებიან, და-ძმა ერთმანეთს ცხვირს უბზუებს, დეიდა-მამიდები ჭკუიდან გადადიან, მოხუცები თვალსა და ხელს შუა, ნაწილ-ნაწილ იშლებიან...

გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, ოჯახი ის მყარი საძირკველი კი არაა, რომელსაც საზოგადოება ეყრდნობა, არამედ ქაოტური, ბნელი წყარო იმ ყველაფრისა, რაც მთელი ცხოვრება გვტანჯავს და გვსრესს. ოჯახი ნორმალური კი არა, სიურრეალისტური წარმონაქმნია - არა ერთფეროვანი, არამედ მოვლენებით გაძეძგილი სივრცე; არა ჩვეულებრივი, არამედ ყველა - თავისთავად განუმეორებელი.

***

➖ თუ კაცს ერთხელ დასწამეთ ცილი, ეგებ არც არავინ დაგიჯეროთ, მაგრამ ტყუილი დაუღალავად იმეორეთ და ახლა უკვე ი კაცის ნათქვამ არცერთ სიტყვას აღარ მიიჩნევენ სიმართლედ.

***

➖ „იორკშირის ქალაქ ბრედფორდში „ეშმაკეული აიები“ საჯაროდ, ყველას დასანახად იწვოდა...

აი ამან კი მართლა გააბრაზა.

„მართლაც რა მყიფეა ეს ჩვენი ცივილიზაცია!“, - წერდა ცოტა ხნის შემდეგ გაზეთ The Observer-ში, - „რა იოლად, რა ხალისიანად იწვის წიგნი!“

***

➖ ტონი ჰარისონმა BBC-ისთვის გადაიღო ფილმი-პოემა „მკრეხელთა ნადიმი“, სადაც თავად მონაწილეობს - ბრედფორდის რესტორანში ვოლტერთან, მოლიერთან, ომარ ხაიამთან და ბაირონთან ერთად უზის მაგიდას. ამ სცენაში ერთი სკამი ცარიელია და ზედ აწერია: „სალმან რუშდი“.

მაგიდასთან მსხდომნი იმაზე საუბრობენ, რომ მკრეხელობა დასავლური კულტურის ერთი ქვაკუთხედთაგანია; სოკრატეც, იესო ქრისტეცა და გალილეიც სწორედ მკრეხელობისთვის გაასამართლეს. არადა, რამდენს უნდა უმადლოდეს მათ ფილოსოფია, ქრისტიანობა და მეცნიერება!

ერთხელ ჰარისონმა დამირეკა და მითხრა: „იმ სკამს დღემდე ვინახავ, თქვენ ოღონდ ის მითხარით, სად და როდის მოგაწოდოთ...“.

***

➖ როცა კოცონზე კუდიანების დაწვა დაიწყეს, უფრო ადვილი მათი დადანაშაულება აღმოჩნდა, ვიდრე - განაჩენის სამართლიანობაზე დაფიქრება. როცა ახლომდებარე სოფლების ეზო-შუკებში გაზის კამერებიდან წამოსული სუნი დატრიალდა და ციდან შავმა თოვლმა იწყო ცვენა, უფრო ადვილი იყო, ვერაფერი გაგეგო, ვერაფერს მიმხვდარიყავი. ჩინეთის მოქალაქეთა უმეტესობამ ვერ გაიგო, რას შეეწირნენ ტიანანმენის მოედნის გმირები - ამ დანაშაულის ჩამდენებმა მომხდარის შეფასების ყირაზე დაყენებაზეც იზრუნეს.

როცა მუსლიმური სამყაროს ქვეყნებში ხელისუფლებას დიქტატორები ეპატრონებოდნენ, ბევრი მზად იყო, ეს რეჟიმები ავთენტურად მოენათლა, ხოლო ოპოზიცია - დასავლეთიდან მართულ უფესვებო, მტრულ ძალად.

როცა ერთმა პაკისტანელმა პოლიტიკოსმა სიწმინდეთა შელახვის მცდარი ბრალდებით დაკავებული ქალის დაცვა იკისრა, ის პირადმა დაცვამ მოკლა და მკვლელს მთელმა ქვეყანამ ტაში დაუკრა, სულ ვარდის ფურცლები უფინა სასამართლოს შენობისაკენ მიმავალს! ეს პირქუში სიახლეები, მეტწილად, ტოტალიტარულ იდეოლოგიას, შეუზღუდავ მმართველს, ეჭვშეუტანელ დოგმასა თუ ღვთის განდიდებას უკავშირდებოდა.

***

➖ ყველას უნდა გვქონდეს საშუალება, ნებისმიერ დიდ ნაწარმოებზე ვიკამათოთ, თუნდაც ვიმასხარაოთ, მოვითხოვოთ მათი ახლებური წაკითხვა ცვალებადი დროის შესაბამისად. არ უნდა გვეკრძალებოდეს, ჩვენი სურვილისდა მიხედვით, მოვიხსენიოთ ისინი გვინდა - მოწიწებით, გვინდა - აგდებულად, გვინდა აღტაცებით და გვინდა - დაცინვით. ესაა ჩვენი, როგორც ღია საზოგადოების წევრთა უფლება.

არსებითად, ჩვენი კულტურის, ისტორიის ხელახლა მოყოლისა თუ შექმნის უნარია იმის უტყუარი მაჩვენებელი, რამდენად თავისუფალია ჩვენი საზოგადოებები. დიად მონათხრობზე აზრთა შეხლა-შემოხლა თავისუფალ საზოგადოებაში არასოდეს მთავრდება, რადგან მთავარი ფასი და ღირებულება სწორედ აზრთა ამგვარ შეხლა-შემოხლას აქვს; სწორედ აზრის დაუბრკოლებლად გაზიარებაა თავისუფლება.

რაც შეეხება ჩაკეტილ საზოგადოებებს, იქ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ძალაუფლების მქონენი მუდამ ცდილობენ, ამგვარი კამათი არ დაუშვან: „ჩვენ თავადვე მოგიყვებით ყველაფერს“, - ამბობენ ისინი, - „და აგიხსნით კიდეც, რა რას ნიშნავს! გასწავლით, როგორ მოჰყვეთ ამბავს - სწორედ ჩვენებურად, რადგან სხვაგვარად არ ეგების. ხოლო თუ ჩვენებურად მოყოლილი არ მოგწონთ, ესე იგი, ან სახელმწიფოს მტრები ხართ, ან სჯულს განდგომილნი. თქვენ არანაირი უფლებები არ გაგაჩნიათ და იცოდეთ, როცა ჩვენს სამსჯავროზე წარსდგებით, მაშინ გაიგებთ, რა ფასი აქვს თქვენს განდგომას“.

ადამიანს კი - ამბის მთხრობელ ცხოველს - თავისუფლება სჭირდება, რათა გული ამოიბერტყოს!

***

➖ პარიზში, ლუვრის ოქროთი, ფრესკებითა და მწერლებით გაძეძგილ დარბაზში, კულტურის აკადემიის თავყრილობაზე გამოვედი სიტყვით. დარბაზში, ბევრ სხვა ცნობილ მწერალთან ერთად, უმბერტო ეკოც გამოჩნდა. სწორედ იმხანად მის რომანზე, „ფუკოს ქანქარაზე“ დავწერე გამანადგურებელი რეცენზია. მსგავსი დაუნდობლობა არცერთი სხვა წიგნის მიმართ არ გამომივლენია მანამდე.

გამიკვირდა კიდეც, რა პირგაბადრული გამოენთო ჩემკენ ეკო და რა გულითადად გადამეხვია:

„რუშდი-ი! მე ის ეკო ვარ, საკუთარი ნაბოდვარი რომ გადამაქვს ქაღალდზე!“

იმ წუთიდან ჩვენ შორის გადასარევი ურთიერთობა დამყარდა (მოგვიანებით, როცა მარიო ვარგას ლიოსაც შევიამხანაგეთ, ლიტერატურული ტრიოს მსგავსიც კი ჩამოვაყალიბეთ, რასაც ეკომ „სამი მუშკეტერი“ შეარქვა - ეგ იმიტომ, ჯერ რომ ვიჩხუბეთ და მერე დავმეგობრდითო...).

ლიოსა რუსის მეტისმეტ მემარცხენეობას ედავებოდა, ეკო წრეგადასულ მემარჯვენეობას უკიჟინებდა მარიოს, სალმანი წერის მანერას უწუნებდა ეკოს, მაგრამ ერთად თუ მოიყრიდნენ თავს, იფიქრებდი, ერთმანეთზე ახლობელი არც არავინ ჰყავთო.

***

➖ უოლდენის ტბორის სანახავად წავედით, იმ ადგილას, სადაც თოროს ქოხი იდგა... ისე, ჩვენში დარჩეს და, ეს თავშესაფარი იმდენად ახლო იყო ქალაქთან, სურვილის შემთხვევაში, თოროს სულ იოლად შეეძლო ლუდის მოსამარაგებლად ფეხითაც ჩაესეირნა იქამდე. მოკლედ, ვერაფერი „უღრანში განმარტოება“ გამოდიოდა...

***

➖ ერთ საღამოს, მეხიკოში, კარლოს ფუენტესმა მითხრა: „უცნაურია, როგორ მოხდა, რომ შენ და გაბრიელ გარსია მარკესი არასოდეს შეხვედრიხართ ერთმანეთს! სამწუხაროდ, ახლა კუბაშია, თუმცა სატელეფონო საუბარს მაინც მოგიხერხებ“.

რამდენიმე წუთში მართლაც დამირეკა „გაბომ“ და მითხრა, ინგლისურად ვერ ვლაპარაკობო. არადა, მშვენივრად ესმოდა ყველაფერი. თავად სასაუბრო ესპანურთანაც კი მწყრალად გახლდით, მაგრამ თუკი მოსაუბრე ნელა ილაპარაკებდა და ჟარგონსაც მოერიდებოდა, მაშინ ნათქვამის აზრი ეგებ გამეგო კიდეც. მოკლედ, ერთადერთ შეხების წერტილად ფრანგული დაგვრჩა და შევეცადეთ, ამით გვესარგებლა. ოღონდ გაბო ხშირად იშველიებდა ესპანურს, მე კი ინგლისურს.

ამის მიუხედავად, მახსოვრობაში შემორჩენილ ფოტოზე საერთოდ არ მოჩანს ამ ენობრივი სირთულეების კვალი - უბრალოდ, ვსაუბრობდით, თბილად, ალალად, დაუძაბავად. წიგნებსა და მათი წარმომშობი სამყაროების თაობაზე ერთმანეთს მოსაზრებებს ვუზიარებდით.

ლათინურამერიკული ყოფის უმ უამრავ გამოვლინებაზე ჩამოაგდო სიტყვა, რასაც ძალიან ბევრი ჰქონდა საერთო სამხრეთაზიურ სინამდვილესთან; ორივე სამყარო ხანგრძლივი კოლონიალური წარსულიდან მოდიოდა, ორივეში ცოცხლობდა და ხშირად მძიმედაც თრგუნავდა ადამიანს რელიგია; ორივეგან ძალაუფლებისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს სამხედრო, თუ სამოქალაქო ლიდერები; ორივეგან თვალსაჩინოდ მოჩანდა სიმდიდრისა და სიღარიბის უკიდურესობანი, სადღაც შუაში კი წრეგადასული აღებ-მიცემობა ბატონობდა.

ალბათ ამიტომაც ჰყავს ლათინურამერიკულ ლიტერატურას ამდენი მკითხველი აღმოსავლეთში, ვუთხარი მარკესს, მან კი, თავის მხრივ, მომიგო - ჩვენებურების ხელწერაზე იმთავითვე დიდად იმოქმედა სწორედ აღმოსავლურმა ჯადოსნურმა ზღაპრებმაო.

ბოლოს კი მარკესმა ისეთი რამ მითხრა, რაც მანამდე და მერეც უდიდეს კომპლიმენტად დარჩა ჩემთვის: „არაესპანურენოვან მწერალთაგან, ვცდილობ, ორს მაინც მუდმივად მივადევნო თვალი: ჯონ მაქსველ კუტზეეს და თქვენ“.

ყურმილი დავდე და მაშინღა გავიაზრე, რომ მარკესს სიტყვაც არ დაეძრა არც ფათვისა და არც ჩემს იმჟამინდელ ცხოვრებაზე. უბრალოდ, მელაპარაკა, როგორც მწერალი მწერალს - მხოლოდ წიგნებზე, რაც, თავისთავად, ასევე დიდ დაფასებად ჩავუთვალე.

 

ინგლისურიდან თარგმნეს გია ჭუმბურიძემ და ზაზა ჭილაძემ | გამომცემლობა „დიოგენე“

0
Share
Older Posts Home

პოპულარული

  • ვოლფგანგ ბორჰერტი - პური
    ანაზდად ქალს გაეღვიძა. ღამის სამის ნახევარი იყო. ვერ მიმხვდარიყო, რას უნდა გაეღვიძებინა. აი, თურმე, რას! სამზარეულოში ვიღაცა სკამს დაეჯა...
  • ნიკოლო მიწიშვილი - თებერვალი
    დაიწყო ეს ამბავი ამგვარად: იყო მარტი. 1921 წელი. ქალაქ ბათომში. ამ დღეს ბათომი გასხვანაირდა. ესე იგი ეს იყო უკანასკნელი დღე. ამ დღეს ...
  • არჩილ ქიქოძე - სამხრეთული სპილო
    ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ორთაჭალჰესი თბილისელი გვამების ნავსაყუდელია - მტკვარში საკუთარი სურვილით ჩამხტარიც და გადაგდებულიც, ყველა ა...
  • ავლაბრის სახარება | აღასი აივაზიანი
    ავლაბრიდან მოჩანს ყველაფერი. მთელი თბილისი თავისი მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით: შაითან ბაზარი, ერევნის მოედანი, საპნის ქუჩა, ნარიყალა, სუფსარ...
  • ისმაილ კადარე | დიქტატორის ზარი
    მარტოდმარტო დარჩენილი შენივე ქვეყნის პირისპირ, რომელიც თავის სიყვარულსა და სიძულვილს ერთდროულად გახლის სახეში. დააბრუნე ეგ წყეული პრემიაო, ყ...
  • ტროა | ილიადა
    Gigi Scaria, Someone Left a Horse on the Shore, 2007, digital print on archival paper, 109 × 164 cm. Delhi, India ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალ...
  • ჩარლზ ბუკოვსკი | ბუტერბროდი ჭვავის პურით
    დღეში თითო წიგნს ვკითხულობდი. ბიბლიოთეკაში დ.ჰ. ლოურენსის რაც კი რამე ქონდათ, ყველაფერი წავიკითხე.  წიგნების გატანისას ბიბლიოთეკარი უკვე უცნ...
  • ისმაილ კადარე | სიზმრების სასახლე
    ძალაუფლების განაწილება არ ნიშნავს თავისი წილი სამხრეებისა და წითელი ხალიჩის მიღებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მერე და მერე მ...
  • აკაკი ბაქრაძე - ნიჰილიზმის კვანტი
    არცერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა ისე მწარედ არ დამარცხებულა, როგორც საქართველო. მართალია, ომია მოლდავეთშიც, ტაჯიკეთშიც, ჩვენი მეზობლებ...
Copyright © 2015 ვანგოგენი | Vangogen

Created By ThemeXpose