ის მუდამ ტყუის და თან არასოდეს არ ტყუის. მისი სიყალბე მისივე სიმართლეა – მისი ნათქვამი შეიძლება რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში იოლად გასაგებია. მას ყველაფრის სჯერა და თან არაფრისა სწამს.
***
რასაც მომავალში მივაღწევ, და რისთვისაც დღემდე მიმიღწევია, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მონდომებას ვუმადლი.
***
კაცს მთელი არსებით ოცნება უნდა შეეძლოს, და მაშინ თვით ყველაზე თამამი სურვილიც რეალობად გარდაიქმნება.
***
ფაშისტებს ხან პირუტყვებად მოიხსენიებდა, ხან ეშმაკის მოციქულებად, ხან იდიოტებად; მიწასთან გაასწორა ის ინტელექტუალები, რომლებიც, როგორც ნამუსგარეცხილი ოპორტუნისტები, აგრესიულ ნაციონალიზმს ამართლებდნენ. „ყველა ჩამოსახრჩობია!“ – შესძახა და მაგიდას მუშტი დაჰკრა.
***
ყველა ნაცისტი გლახაკი და მათხოვარია. საკმარისია, თუნდაც ერთ მათგანს გაეკარო, შენც ჭუჭყში ამოისვრები.
***
ნეტავ, თუ შეამჩნია, როგორ შეცვლილიყო ბერლინის ქუჩები? თუ ხედავდა ყავისფერსა და შავ უნიფორმებს, სვასტიკიან დროშებს, დარაზმულ, მწყობრი ნაბიჯით მოსიარულე ახალგაზრდებს? თუ სწვდებოდა მის ყურს საბრძოლო სულისკვეთებით გამსჭვალული სიმღერები, გამუდმებით რომ გაისმოდა ყოველ კუთხეში, რადიომიმღებებიდან თუ კინოეკრანე ბიდან? თუ აქცევდა ყურადღებას ფიურერის გამოსვლებს, მის მუქარებსა და ბაქიაობას? თუ კითხულობდა გაზეთებს, რომლებიც, მართალია, ალამაზებდნენ, თვალს ხუჭავდნენ, ტყუოდნენ, მაგრამ ამაზრზენ სინამდვილეს ბოლომდე მაინც ვერ მალავდნენ? თუ ადარდებდა იმ ადამიანთა ბედი, უწინ მეგობრებად რომ მოიხსენიებდა? ისიც კი არ იცოდა, ვინ სად იყო ახლა. იქნებ პრაღის, ციურიხისა თუ პარიზის რომელიმე კაფეში სხედან, იქნებ მათ რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში აწამებენ, ან იქნებ იმალებიან ბერლინის რომელიმე სახლის სხვენსა თუ სარდაფში? ჰენდრიკს არ აინტერესებდა ეს ბნელით მოცული წვრილმანები. მე ხომ მაინც ვერავის დავეხმარებიო – ამ ფორმულით იცილებდა თავიდან გატანჯულებზე ფიქრს. „მე ხომ თავადაც გამუდმებით მემუქრება საფრთხე! ვინ იცის, იქნებ ხვალ ცეზარ ფონ მუკმა ჩემი დაპატიმრების ბრძანება გააცემინოს. ჯერ როგორმე თავი უნდა გადავირჩინო და მერე იქნებ სხვების დახმარებაც მოვახერხო!“
***
ცნობისმოყვარე პუბლიკიდან ნეტავ ვინმეს თუ ესმოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა ჰენდრიკის გულში, როცა თავი დაბლა დახარა და გოლიათის ხორციან, ბანჯგვლიან ხელს მიუახლოვა? განა მარტო იმიტომ დაუარა ჟრუანტელმა, რომ ბედნიერი და ამაყი იყო? თუ რაღაც სხვა გრძნობაც დაეუფლა – და ამან თვითონაც გააკვირვა? მაინც, რა უნდა ყოფილიყო ეს სხვა გრძნობა? შიში? არა, ეს თითქმის ზიზღი იყო... აი, ახლა კი ტალახში ამოვევლეო, თავზარდაცემული ფიქრობდა ჰენდრიკი. „ახლა ამ ხელზე მაჩნევია ლაქა, რომელსაც ვეღარასოდეს ჩამოვირეცხავ... გავიყიდე... თავად დავისვი სამარცხვინო დაღი!“
***
თუ ამ სახელმწიფოში მაღალ საჯარო თანამდებობას დაიკავებდა, მისი სახელი მთლიანად და კიდევ უფრო დაუეჭვებლად გაიგივდებოდა რეჟიმთან: ანუ თავის სვეს ჰიოფგენი სამუდამოდ დაუკავშირებდა ამ სისხლიანი ავანტიურისტების ბედს. განა ეს მისთვის სასურველი იყო? განა ეს ჰქონდა ჩაფიქრებული? განა გულის სიღრმიდან წამოსული ხმა არ ურჩევდა, ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეეკავებინა? ეს ხმა ხომ სინდისის ქენჯნისა იყო, და მასთან ერთად – შიშისა...
***
წარმატებამ, ყოველგვარი ბოროტების ამ ნატიფმა, უცილობელმა გამართლებამ, ორივეს მოუჩლუნგა სირცხვილის გრძნობა.
***
წყურვილი – უდავო, ჭეშმარიტი, დედაქალაქის მასშტაბის დიდებისა – ჭიასავით უღრღნიდა გულს, თითქოს ფიზიკური ტკივილი ყოფილიყოს.
როცა თავად უწევდა ხალხში ყოფნა, როცა მრავალთაგან ერთ-ერთი იყო, შებოჭილობა ეუფლებოდა, იბნეოდა კიდეც; თავდაჯერება მაშინღა უბრუნდებოდა, მაშინღა გრძნობდა თავს გამარჯვებულად, როცა ხალხისგან გამოყოფას მოახერხებდა და, პროჟექტორის სხივით განათებული, კაშკაშს იწყებდა. ყველაზე საიმედოდ დაცული მაშინ იყო, როცა შემაღლებულზე იდგა და დაჰყურებდა ბრბოს, რომელიც ერთადერთი მიზნისთვის არსებობდა: აღფრთოვანებულიყო, პატივი მიეგო, ტაში დაეკრა მისთვის.
***
ჰოი, უბედურებავ! ცა მოიქუფრა ამ ქვეყნის თავზე. ღმერთმა ამ ქვეყანას ზურგი შეაქცია, და ახლა მისი ყველა ქალაქის ქუჩებში სისხლისა და ცრემლის ნიაღვრები მოედინება.
ჰოი, უბედურებავ! ეს ქვეყანა შერყვნილია და არავინ უწყის, კვლავ როდის განიწმინდება – როგორი მონანიებით, კაცობრიობის გაბედნიერებაში შეტანილი რანაირი წვლილით შეძლებს სამარცხვინო დაღის ჩამორეცხვას? ყველა მისი ქალაქის ყველა ქუჩაში ტალახს სისხლი და ცრემლი შერევია. წაიბილწა ყოველივე, რაც ლამაზი იყო, სიცრუემ მოსპო ყოველივე ჭეშმარიტი.
ამ ქვეყანაში ბინძური ტყუილი ლამობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამ ტყუილს ღრიალებენ საკონფერენციო დარბაზებსა და მიკროფონებში, ტყუილი იღვრება გაზეთების სვეტებიდან და კინოეკრანებიდან, აფჩენს თავის უზარმაზარ ხახას და ირგვლივ ჩირქისა და სნების მყრალ სუნს აფრქვევს: ბევრს ქვეყნიდან მიერეკება, მაგრამ მისთვის, ვისაც დარჩენა უწევს, ეს ქვეყანა აქოთებულ დილეგად ქცეულა.
ჰოი, უბედურებავ! აქეთ-იქით დაქრიან აპოკალიფსის მხედრები, აქ დასცეს ბანაკი, აქ მოიწყვეს გულის ამრევი გარნიზონი. აქედან სურთ სამყაროს დამორჩილება. მათი განზრახვა სწორედ ეს არის: სურთ იბატონონ ქვეყნებსა და ზღვებზე; სურთ, რომ მათს სიგონჯეს ყველგან განადიდებდნენ და ეთაყვანებოდნენ. მათმა სიმახინჯემ ყველა უნდა აღაფრთოვანოს, რადგან ახალი სილამაზე სწორედ ეს არის. ვინც დღეს მათ დასცინის, ხვალ ისევ მათ წინაშე მუცელზე მოუწევს ხოხვა. მტკიცედ გადაუწყვეტიათ, დედამიწას თავს მოახვიონ ომი, რათა შემდეგ ეს დედამიწა დაამცირონ და დაღუპონ, როგორც უკვე ამცირებენ და ღუპავენ ქვეყანას, რომელშიც დღეს ბატონობენ: ჩვენს სამშობლოს, რომლის თავზეც ცა მოიქუფრა და რომელსაც ზურგი შეაქცია ღმერთმა.
ღამე ჩამოწოლილა ჩვენს სამშობლოში. უგვანი ხალხი მიდი-მოდის მისი ერთი ოლქიდან მეორეში – დიდი ავტოებით, თვითმფრინავებითა თუ საგანგებო მატარებლებით. ეს ხალხი ხალისით მოგზაურობს აქეთ-იქით და მოედნებზე თუ თავშეყრის სხვა ადგილებში ერთსა და იმავე სიცრუეს გაჰყვირის. ყველგან, სადაც კი თავად ისინი ან მათი დამქაშები გამოჩნდებიან, ქრება გონების შუქი და ისადგურებს წყვდიადი.
გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ | გამომცემლობა „ინტელექტი“
No comments:
Post a Comment