ისმაილ კადარე | დიქტატორის ზარი

მარტოდმარტო დარჩენილი შენივე ქვეყნის პირისპირ, რომელიც თავის სიყვარულსა და სიძულვილს ერთდროულად გახლის სახეში. დააბრუნე ეგ წყეული პრემიაო, ყვიროდნენ ყველანი, სტუდენტები, ორსული ქალები და ტეპელენელი მაღაროელები. ამ დროს კი შენ, მოჭოჭმანე მთვარეულივით, ჰამლეტივით აჭიანურებ გადაწყვეტილების მიღებას - აღება... არაღება...

***

სამივემ ერთად მოიყარა თავი. პასტერნაკმა, სტალნიმა, მანდელშტამმა. ორი პოეტი ტირანის გარშემო. პირველი აზრი, რომელმაც გონებაში გაგიარათ, სასიხარულო იყო: ორი პოეტის ერთობა ტირანისთვის ბოლოს მოსაღებად.

ორივეს ძალიან სძულდა ეს ტირანი, უმეტესწილად, როცა ცალ-ცალკე იყვნენ. მანდელშტამმა „კრემლის მთიელი“ შეარქვა. ჰყვებოდნენ, პასტერნაკს ის აღწერილი ჰყავდა, როგორც ბებრისსახიანი და მოზარდის სხეულიანი ჯუჯაო. ამის შემდეგ ორნი ერთის წინააღმდეგ დარჩნენ, რათა დაუნდობლად გაენადგურებინათ, ისე, როგორც ეს მხოლოდ პოეტებმა იციან.

მაგრამ ტირანებსაც ჰქონდათ თავიანთი ეშმაკობები. სტალინს შეეძლო, პოეტების ეს დუეტი დაეშალა. ამხანაგის ჩამოშორობის ლეგენდა მრავალი თაობისთვის იყო გათვლილი.

***

1934 წლის ივნისი იყო და ოსიპ მანდელშტამი სულ ახალი დაპატიმრებული გახლდათ. მთელი მოსკოვი ამაზე ლაპარაკობდა, როდესაც ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მაშასადამე, ივნისის ოცდამესამე დღე იყო და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტალინმა დარეკა. საუბარი მასა და პასტერნაკს შორის გაიმართა. სინამდვილეში სამნი იყვნენ: ერთ მხარეს პოეტების, მანდელშტამ-პასტერნაკის ტანდემი და მეორე მხარეს ტირანი. პირველი აზრი, რომელიც ადამიანს თავში მოუვიდოდა, ის გახლდათ, რომ ორივეს ბედი მის ხელში იყო. მეორე: არავინ იცოდა, ვისი ბედი ვის ხელში იყო.

ისინი ორნი იყვნენ, ყველაფრის მიუხედავად. პოეტების, სრულიად გამორჩეული პოეტების ტანდემი. მაშინ, როცა ტირანი მარტოდმარტო იყო.

იქამდე არავინ იცნობდა თავიანთივე მიერ (დე კიდევ უფრო ნაკლებად, სხვების მიერ) არჩეული პოეტების სხვა დუეტსა თუ ტრიოს.

მანდელშტამ-პასტერნაკის ტანდემი მართლა არსებობდა და ის თითქმის მოდაშიც კი იყო. ერთხანს ყველანი ამაზე ლაპარაკობდნენ, ისე ხშირად, რომ ანა ახმატოვას შეკითხვა, „მანდელშტამი თუ პასტერნაკი, ჩაი, თუ ყავა?“ მაშინვე ლამის ანდაზად იქცა. სხვა სიტყვებით: ამ ორიდან რომელზე ვიჭორაოთ, ძვირფასო სტუმრებო? რა შევუკვეთოთ? ჩაი თუ ყავა?

კომენტარები სწრაფად ვრცელდებოდა, ზოგჯერ გასაკვირი და გაუგებარი, ჰამლეტის ორი მეგობრის, როზენკრანცისა და გილდენშტერნის შედარების მსგავსი, თუმცა ყველაზე ხშირად სამართლიანი და საწყენი: პასტერნაკი, აგარაკიანი კაცი და მანდელშტამი, სადღაც ქოხში გადასახლებული ვინმე. პირველი, მარად გამარჯვებული და მეორე, მარად დამარცხებული. და ასე და ამგვარად, სიკვდილამდე, რომელმაც ისინი როგორც დააშორა ერთმანეთს, ისე სამარადჟამოდ ერთად შეჰყარა. პასტერნაკის სიკვდილმა თავის აგარაკზე, რომელიც შეურაცხყოფების შემდეგაც დაუტოვეს, შეიძლება იმიტომ, რომ ამას სხვებზე და სხვა ყველაფერზე მეტად შეერცხვინა ის. და გადასახლებული მანდელშტამის სიკვდილმა თავის ქოხში.

პირველი ნობელის პრემიამ გამოიწვია, რომელმაც მთელი დედამიწა შეაზანზარა, მეორე კი ფართოდ ინგორირებულმა მუცლის ტიფმა თუ შიმშილმა. ეს ორი სიკვდილი ერთმანეთისგან კი განსხვავდებოდა, როგორც ეს მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისინი რაღაცით მაინც ჰგავდა ერთმანეთს.

ორივე შემთხვევაში, ამქვეყნად ერთგვარი მსგავსება არსებობდა პოეტებს შორის, იქნებოდა ეს დიდების ნათელი, თუ გლოვის ჩრდილი.

მანდელშტამი და პასტერნაკი ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ არც კი იცოდნენ ამის შესახებ. და არც ცდილობდნენ, ერთმანეთს მგვანებოდნენ.

***

1934 წლის დაპატიმრება რომ ერთადერთი არ იყო, ეს ადვილი გასაგებია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საბჭოთა რუსეთია. უცნაური და ძნელად დასაჯერებელი უფრო ის იქნებოდა, რომ ეს დაპატიმრება არ ყოფილიყო უკანასკნელი.

1938 წელს ბედისწერა მანდელშტამს უკანასკნელ დაპატიმრებასა და, შედეგად, სიკვდილს უმზადებდა. პასტერნაკი მდუმარედ ადევნებდა თვალს თავისი თანამოძმის ტრაგედიას, შეიძლება იმ შედეგებსაც აკვირდებოდა, რომელიც თავად მას ელოდა მომავალში. თუმცა ეს შიშები არაფრით დადასტურებულა. ყველაზე მეტი, შეიძლება რაღაც კი მოხდა, მაგრამ ისე დაფარულად, რომ ამის შესახებ არავის არაფერი შეუტყვია.

***

გადაუჭრელი რჩებოდა სტალინზე შექმნილი ლექსების რაოდენობის საკითხი. მოარული ხმებით მუდამ ორი სახელდებოდა: „ცუდი“, შეთხზული „მთიელზე“, რომელმაც თავის ავტორს სამარე გაუთხარა და მეორე, „კარგი“, სახელად „ოდა“, რომელმაც, მიუხედავად სიკარგისა, ვერ იხსნა ის.

როდესაც მათ მოიხსენიებდნენ ხოლმე, რაც ძირითადად ძალიან ხმადაბლა ხდებოდა, დგებოდა მომენტი, როდესაც თანამოსაუბრეები ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის თვალებში არ შეეხედათ. რაღაც არ ჯდებოდა ამ ამბავში, მაგრამ ღიად ამაზე ლაპარაკს ვერავინ ბედავდა. ლოგიკის მიხედვით, ვინაიდან ერთი მათგანი მომაკვდინებელი აღმოჩნდა, მეორე კი არა, სწორედ ეს უკანასკნელი „ოდა“ დაიწერა თავდაპირველად. და შემდეგ მომაკვდინებელი.

მიუხედავად ამისა, ქრონოლოგიისთვის მიქცეული ერთგვარი ყურადღება, თუნდაც ზომიერი, უცილობლად მიგიყვანდათ საპირისპირო გადაწყვეტილებასთან. ყველა მონაცემი იმ ფაქტს აძლიერებდა, რომ „მთიელი“ სწორედაც პირველი ლექსი იყო და რომ, სხვათა შორის, სატელეფონო საუბრის ერთადერთ მიზეზს ზუსტადაც ის წარმოადგენდა.

ამგვარი საუბრები, როგორც წესი, დუმილით მთავრდეობდა, რასაც ზოგჯერ დაქანცული ოხვრა აძლიერებდა და ერთგვარ მონანიებას გამოხატავდა: აფერუმ ჩვენ, საქმე ასეთ ჩახლართულ ამბებთან რომ გვაქვსო.

***

არც ფაქტი იყო ისეთი, როგორიც ყოველდღე ხდება. რამდენიმე წამით ადრე ტელეფონით ილაპარაკეს და სულ ცოტა ხანში ეს ამბავი დაუჯერებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი თანამოსაუბრე ყურმილს აღარ იღებდა. არადა ორივენი ცოცხლები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, პასტერნაკი, და სტალინიც. გარდაცვლილი აშკარად მესამე პირი - ტელეფონი იყო.

***

ისტორია ყოველთვის სიძუნწეს იჩენდა იმის შესახებ, რაც პოეტებსა და ტირანებს შორის ხდებოდა. სიმართლე ხშირად იცვლებოდა ფანტაზიებით, რომელთა დახსომებაც ისევე მოსახერხებელი იყო, როგორც დავიწყება.

 

პაატა ჯავახიშვილის თარგმანი | „სულაკაურის გამომცემლობა“

Vangogen • ვანგოგენი

No comments:

Post a Comment