„წინსვლა ყველას გვინდა. საამისოდ კი ძლიერი იდაყვებია საჭირო“...
„მეფისტოფელი“ კლაუს მანის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული რომანი, რომელიც მსახიობ ჰენდრიკ ჰიოფგენის სულიერი დეგრადაციის ამბავს მოგვითხრობს.
„ის მუდამ ტყუის და თან არასოდეს ტყუის. მისი სიყალბე მისივე სიმართლეა – მისი ნათქვამი შეიძლება რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში იოლად გასაგებია. მას ყველაფრის სჯერა და თან არაფრისა სწამს“, – ამგვარად ახასიათებს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ჰენდრიკ ჰიოფგენს, ახალგაზრდა კაცს, რომელსაც უდავო, ჭეშმარიტი დიდების წყურვილი ჭიასავით უღრღნიდა გულს, თითქოს ფიზიკური ტკივილი ყოფილიყოს:
„როცა თავად უწევდა ხალხში ყოფნა, როცა მრავალთაგან ერთ-ერთი იყო, შებოჭილობა ეუფლებოდა, იბნეოდა კიდეც; თავდაჯერება მაშინღა უბრუნდებოდა, მაშინღა გრძნობდა თავს გამარჯვებულად, როცა ხალხისგან გამოყოფას მოახერხებდა და, პროჟექტორის სხივით განათებული, კაშკაშს იწყებდა. ყველაზე საიმედოდ დაცული მაშინ იყო, როცა შემაღლებულზე იდგა და დაჰყურებდა ბრბოს, რომელიც ერთადერთი მიზნისთვის არსებობდა: აღფრთოვანებულიყო, პატივი მიეგო, ტაში დაეკრა მისთვის“.
ჰიოფგენს მიაჩნია, რომ რასაც მიაღწია და რასაც მომავალში მიაღწევს, ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ მის მონდომებას უნდა უმადლოდეს. მეტიც, დარწმუნებულია, რომ თუკი ადამიანს მთელი არსებით ოცნება შეუძლია, მაშინ ყველაზე თამამი სურვილიც კი შესაძლოა რეალობად იქცეს.
თუმცა, ოცნება ერთია, დიდებისაკენ მიმავალ გზაზე კი მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
ამ გზაზე ჰენდრიკ ჰიოფგენი ურიგდება ახალ ხელისუფლებას, ხალხს, რომელთაც თავის დროზე ხან პირუტყვებად მოიხსენიებდა, ხან ეშმაკის მოციქულებად, ხან კი იდიოტებად და ამავდროულად, მიწასთან ასწორებდა იმ ინტელექტუალებს, რომლებიც, როგორც ნამუსგარეცხილი ოპორტუნისტები, აგრესიულ ნაციონალიზმს ამართლებდნენ – „ყველა ჩამოსახრჩობია!“ – იმოძღვრებოდა მსახიობი.
და თუკი ერთ დროს, მიზეზთა და მიზეზთა გამო ფიქრობდა, რომ „ყველა ნაცისტი გლახაკი და მათხოვარია. საკმარისია, თუნდაც ერთ მათგანს გაეკარო, შენც ჭუჭყში ამოისვრები“, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ბერლინის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გამხდარიყო და ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურადაც ქცეულიყო.
არადა, კარგად იცოდა, რომ თუკი ნაცისტურ გერმანიაში მაღალ საჯარო თანამდებობას დაიკავებდა, მისი სახელი მთლიანად და კიდევ უფრო დაუეჭვებლად გაიგივდებოდა რეჟიმთან: ანუ თავის მომავალს სამუდამოდ დაუკავშირებდა სისხლიანი ავანტიურისტების ბედს:
„განა ეს მისთვის სასურველი იყო? განა ეს ჰქონდა ჩაფიქრებული? განა გულის სიღრმიდან წამოსული ხმა არ ურჩევდა, ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეეკავებინა?“
მაგრამ წარმატებამ, ყოველგვარი ბოროტების ამ ნატიფმა, უცილობელმა გამართლებამ, სირცხვილის გრძნობა მოუჩლუნგა და დაამჩნია სამარცხვინო დაღი, რომელიც ვეღარასოდეს ჩამოირეცხა...
გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ | კლაუს მანი, „მეფისტოფელი“ | გამომცემლობა „ინტელექტი“
No comments:
Post a Comment