„არა
დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“, - ალექსანდრე მაკედონელი (დავით აღმაშენებლის
ისტორიკოსის მიხედვით).
თანამედროვე
მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების
ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენია დასავლურ კულტურაზე.
ხანდახან ამ ჩამონათვალში მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც შეაქვთ და ამგვარად
გაგებული დასავლური კანონი „ხელოვნების მწვერვალებისგან შემდგარ სულიერების ქედად“
(ჟაკ მარიტენი) მოიაზრება. ამგვარ სიებს ადგენენ მეცნიერები, მწერლები, მხატვრები,
კომპოზიტორები, გამომცემლობები და მკითხველები. საკუთარი ნუსხები აქვს შექმნილი სახელგანთქმულ
უნივერსიტეტებს; ცნობილია, მაგალითად, ჰარვარდის კლასიკა, იელის სტუდიები, დასავლური
კულტურისადმი პრინსტონის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარული მიდგომა, სტენფორდის უნივერსიტეტის
სტრუქტურირებული ლიბერალური განათლება და ა. შ. ხშირად ეს `ლიტერატურული კანონი~ უკავშირდება
„თავისუფალ ხელოვნებათა“ (ლათინური Artes liberales, ინგლისური Liberal Arts) კონცეფციას,
რომელიც ანტიკურობიდან იღებს სათავეს. დღეს ეს ტერმინი აღნიშნავს ზოგად ცოდნას და უპირისპირდება
სპეციალიზაციის პროფესიულ თუ ტექნიკურ კურიკულუმებს. „თავისუფალი ხელოვნებების“ თანამედროვე
კომპენდიუმი მოიცავს ლიტერატურას, ენებს, ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყეველებას.
შუა
საუკუნეებში Artes liberales მოიცავდა ტრივიუმს (გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა) და კვადრივიუმს
(არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია).
როგორც
უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“,
ვინც უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს
ამ სიის ინიციატორი, რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს,
რომელ უნივერსიტეტშიც უნდა შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ
აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელსა
და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია: ერთ-ერთი პირველი
ავტორი, რომელიც განათლებულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, სწორედ ჰომეროსია და პირველი
წასაკითხი წიგნებიც ჰომეროსის პოემები „ილიადა“ და „ოდისეაა“.
ერთი
შეხედვით, სრულიად გასაგებია, რომ განათლებულ ადამიანს ჰომეროსი წაკითხული უნდა ჰქონდეს,
მაგრამ მაინც საკითხავია – რატომ არის გასაგები? ლიტერატურის ისტორია რომ ჰომეროსის
გარეშე არ არსებობს, ამაზე არავინ დავობს, ძველი ბერძნული განათლება რომ სწორედ ჰომეროსის
შესწავლას გულისხმობდა, არც ესაა საკამათო, მაგრამ დღეს რატომაა ჰომეროსი წასაკითხი,
რატომაა იგი თანამედროვე ზოგადი განათლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი? რას აძლევს
თანამედროვე ადამიანს ძალიან დიდი ხნის წინ, ოცდარვა საუკუნის წინ დაწერილი თუნდაც
გენიალური პოემები? და თუ ჰომეროსი არ იცის, რა ფერი, რა სიღრმე, რა სიზუსტე, რა სითბო,
რა მიზანდასახულობა მოაკლდება მის მრავალფეროვან ცხოვრებას, მის ღრმა ინტერესებს, მის
ზუსტ პროფესიონალიზმს, მის თბილ გრძნობებს, მისწრაფებებს, იმედებსა და უიმედობას? თუ
„ილიადა“ და „ოდისეა“ არ გაუგია, სხვა წიგნს ვერ წაიკითხავს, სპექტაკლს ვერ დაესწრება,
კინოს ვერ უყურებს, ინტერნეტში ვერ შევა თუ მანქანას ვერ წაიყვანს?! წაიკითხავს. დაესწრება.
უყურებს. შევა. წაიყვანს. აბა, რას ვერ იზამს? რას იძლევა ასეთს ჰომეროსი? – იქნებ,
პასუხი ისაა, რომ უკეთესად წაიკითხავს, უფრო ხშირად დაესწრება, უფრო აზრიანად შევა,
უფრო სწორი გზით წაიყვანს?
„ილიადის“
პირველი სიტყვაა „რისხვა“ („რისხვაზე, ქალღმერთო, პელევსის ძის, აქილევსის, საბედისწერო
რისხვაზე მიმღერე“.). ეს რისხვა აქილევსისაა. აქილევსი განრისხდა მისთვის ბრისეისის
მოტაცების გამო, მაგრამ ბერძენთა მთავარი გმირის განრისხებაში იგულისხმება მთელი საბერძნეთის
რისხვაც მშვენიერი ჰელენეს მოტაცების გამო: ასე იწყება პოემა ომის მეათე წელს და ასე
მიანიშნებს ეს დასაწყისი ტროის ომის დასაწყისსაც. შესაბამისად, ჰომეროსთან დროს, როგორც
ფენომენს, საწყისისა და დასასრულის გაორება შეუძლია: ომის მეათე წელი, ამავე დროს,
ომის დასაწყისია, ხოლო პოემის დასასრული ტროის ომის დასასრულიცაა. „ილიადის“ უკანასკნელი
სიტყვაა „ცხენთამხედნელი“, ეპითეტი, რომლითაც მთავარი ტროელი გმირი, ჰექტორია მოხსენიებული
(„ასე დაკრძალეს ცხენთამხედნელი ჰექტორი“.). ასე მთავრდება „ილიადა“, ჰექტორის სიკვდილით,
რომელშიც, როგორც ტრაგიკულ მეტაფორაში, იგულისხმება ტროის საბოლოო დაცემა და განადგურება.
პოემის პირველ სტრიქონში ბერძენი აქილევსია, უკანასკნელში – ტროელი ჰექტორი. აქილევსი
და ჰექტორი: მრისხანება და სიკვდილი, დასაწყისი და დასასრული. ომი, გმირობა, ლაჩრობა,
სამართალი, უსამართლობა, მრისხანება, დაუნდობლობა, მხედართმთავართა შეცდომები – თუკი
ეს ყველაფერი დღესაც ხდება, ტროის ომი დღესაც მიმდინარეობს და ჰომეროსი დღევანდელობასაც
აღწერს. ასე „სტერეოდ“ წერდა ჰომეროსი საუკუნეების წინ, როდესაც მკითხველის თვალწინ
ერთდროულად მიმდინარეობდა დროის ორი მდინარე ცხრა-ათწლიანი ინტერვალით. შემდეგ ასე
აღარ წერდნენ საუკუნეების განმავლობაში. ასე წერა კვლავ დაიწყეს მეოცე და ოცდამეერთე
საუკუნეებში.
ჰომეროსმა
შექმნა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირების ისეთი გალერეა, რომლებიც მოულოდნელი
და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს, როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს,
რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემს, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას
ქმნის. ყველა გმირმა უნდა იცოდეს საბრძოლო ხელოვნება, ყველას უნდა შეეძლოს ჭრილობის
მოვლა, ყველა უნდა იყოს დაჯილდოებული მჭევრმეტყველების ნიჭით, მაგრამ თითოეული გმირი
მაინც უნდა გამოირჩეოდეს ერთი რომელიმე თვისებით ან ამა თუ იმ თვისების ინტენსივობით:
ფეხმარდ აქილევსს ვაჟკაცობაში ვერავინ შეედრება, ითაკელი ოდისევსი ყველაზე ცბიერი და
მოხერხებულია, გერენონელი მხედარი ნესტორი – ყველაზე ბრძენი, არგოსელი ჰელენე – ყველაზე
მშვენიერი, ყოვლისმცოდნე კალქასი – ყველაზე უკეთესი მისანი, დასტაქარი მაქაონი – ყველაზე
უკეთესი მკურნალი. გმირების ცალკეული ნიშნით, მინიმალური შტრიხით გამორჩევა ორიათას
რვაასი წლის ჰომეროსს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ცალკეულ მეცნიერებებთან (მაგალითად,
ფონოლოგიასთან) უცნაურად აახლოებს – ჰომეროსის ესა თუ ის პერსონაჟი შეგვიძლია აღვწეროთ,
როგორც ფონემა, იგია სასრული ოდენობის ბინარულ ოპოზიციათა უნიკალური კრებული. ამავე
დროს დიდი გმირები არა მხოლოდ ერთი ნიშნით გამოირჩევიან, არამედ სხვა ნიშანთა ინტენსივობითაც;
ეს ძალიან კარგად ჩანს „ილიადის“, ემოციური თვალსაზრისით, ცენტრალურ ეპიზოდში, როდესაც
ერთმანეთს მთავარი გმირები, აქილევსი და ჰექტორი შეერკინებიან.
ლიტერატურის
ისტორიაში მრავალი ორთაბრძოლაა აღწერილი, მაგრამ, საერთო აღიარებით, აქილევსისა და
ჰექტორის ორთაბრძოლას ვერც ერთი ვერ შეედრება. წინა ეპიზოდებში უშიშარმა ჰექტორმა შუბი
სტყორცნა აქილევსს, მაგრამ ათენამ იგი პელევსის ძეს ააცილა და ისევ ჰექტორის ფეხებთან
დააგდო. თავად აქილევსი სამჯერ დაეცა თავს ჰექტორს, მაგრამ აპოლონმა, ჰექტორის ნაცვლად,
ღრმა წყვდიადი დაახვედრა. უკანასკნელ ბრძოლაში კი ტროელებმა საკუთარ ქალაქში ძლივს
შეასწრეს გამძვინვარებულ აქილევსს და კარიბჭე ჩარაზეს. აქაველთა პირისპირ მხოლოდ ჰექტორი
დარჩა. იგი მდუმარედ იდგა ტროის კარიბჭესთან. ამაოდ ემუდარებოდა პრიამოსი თავის ძეს,
ამაოდ დაღვარა ცრემლები გმირის დედამ, ჰეკაბემ: ჰექტორი ილიონში არ შებრუნდა. სასტიკი
აქილევსი კი უახლოვდებოდა. აქილევსის მრისხანე იერმა უშიშარი ჰექტორიც კი დააფრთხო,
იგი გაიქცა და ფეხმარდი გმირი მას დაედევნა: სამჯერ შემოურბინეს გმირებმა ტროის გალავანს.
ღმერთები ამ სპექტაკლს ზემოდან დაჰყურებდნენ; ბოლოს ზევსმა გმირების ხვედრი სასწორზე
შეაგდო და ჰექტორის პინა ძირს დაეშვა; აქილევსი მისდევდა ჰექტორს, როგორც მწევარი მისდევს
განწირულ ირემს. აპოლონმა მიატოვა ჰექტორი, ხოლო ძმის, დეიფობოსის სახით მოვლენილმა
ათენამ მზაკვრულად შეარცხვინა და ბრძოლისკენ მოუწოდა. ჰექტორი უღმერთო ბრძოლაში დამარცხდა.
ჰომეროსმა ზეთანამედროვედ „გახსნა“ ამ ეპითეტის შინაარსი: „უღმერთო“ ნიშნავს „ღმერთებისგან
მიტოვებულს“. თვით უდიდესი აქილევსიც კი ვერ დაამარცხებდა ჰექტორს, ეს უკანასკნელი
რომ ყველა ღმერთს არ მიეტოვებინა. „ღმერთებიანმა“ გამარჯვებულმა „უღვთოდ“ არ შეისმინა
მომაკვდავი მეტოქის თხოვნა, ეტლს გამოაბა ჰექტორის გვამი და აქაველთა ბანაკისკენ გააქანა
– მრისხანებას ჭეშმარიტად უჭირს კეთილშობილებასთან დაწყვილება; ხოლო აქილევსის მრისხანებას
აძლიერებს იმის შეგრძნებაც, რომ ჰექტორის სიკვდილმა თავად აქილევსის სიკვდილიც მოაახლოვა.
„ილიადის“
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპოზიციური თავისებურებაა „ქრონოლოგიური შეუთავსებლობის
კანონი“, რომელსაც შმიდ-შტელინის კანონის სახელით მოიხსენიებენ ევროპელი მეცნიერები
და „ზელინსკის კანონად“ – მათი რუსი კოლეგები (მარკონი-პოპოვისა და ედისონ-ლოდიგინის
პარადიგმის გაგრძელება). ქრონოლოგიური შეუთავსებლობის კანონის არსი ისაა, რომ ჰომეროსთან
საუბარი ვერასოდეს ვერ უბრუნდება საწყის წერტილს. ჰომეროსი ვერ იტყოდა, „არამედ აწ
კვალად პირველსავე სიტყვასა მივიდეთო“. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დროში პარალელური
მოვლენები ჰომეროსთან ვერ აისახება. ჰომეროსის პოეტურმა ტექნიკამ იცის მხოლოდ მარტივი
წრფივი განზომილება და არა რთული კვადრატული. შესაბამისად, პარალელურად მიმდინარე ამბები
ან მიმდევრობით გადმოიცემა, ან ერთ-ერთი მათგანი იჩქმალება.
გარდა
ამისა, ჰომეროსის პოემების გეომეტრიული სტილი ჰარმონიულია მაშინდელ გეომეტრიულ, წრიულ-კვადრატულ
ხელოვნებასთან. ჩვენ, ქართველები, ძალიან კარგად ვიცნობთ ამგვარ ხელოვნებას. ჩვენი
პირველი მიახლება მსოფლიო ცოდნასთან სწორედ კვარდატში ჩასმული წრეებით, ნახევარწრეებითა
და ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ხაზებით დაიწყო. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჰომეროსის მწერლობა
ჰგავს ჩვენს მრგლოვან („ასომთავრულ“) დამწერლობას.
როგორც
გეომეტრიული სტილის ადეპტი, დიდი ჰომეროსი ცნობილია სიმეტრიისადმი განსაკუთრებული სიმპათიითაც.
წინამდებარე წიგნის ბოლოს მოცემულია ჰომეროსისეული სიმეტრიის რამდენიმე ნიმუში.
რაც
შეეხება „ილიადის“ სტილს, ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც ე. წ. „ფორმულური სტილი“.
პოეტურ ფორმულაში იგულისხმება არა შტამპების, შაბლონების ნაკრები, არამედ მოქნილ და
ცვლად გამოთქმათა სისტემა, რომელიც დაკავშირებულია სტრიქონის გარკვეულ ადგილთან, რასაც
მეტრიკა განსაზღვრავს. შეიძლება ფორმულაზე ლაპარაკი მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის
სიტყვათშეთანხმება ტექსტში მხოლოდ ერთხელ გვხვდება, თუმცა მაინც აშკარაა, რომ ის სისტემის
ნაწილია. ფორმულებია არა მხოლოდ „ფეხმარდი“, „ღმერთების თანასწორი“, „გონებაუხვი“,
„თეთრხელება“, „თვალსხივოსანი“, „მიზანს აუცდენელი“, „ეგისისმპყრობელი“ და ა. შ., არამედ
ასევე: „მასთან მივიდა, ახლოს დაუდგა და უთხრა“, „წარბშეკვრით უთხრა“, „ასე ბრძანა“
და ა. შ. გარდა საკუთრივ ფორმულებისა, გვხვდება განმეორებადი ფრაგმენტები, მაგალითად,
რომელიმე გმირი სხვა გმირის სიტყვას რომ გადმოსცემს, ტექსტი შეიძლება სიტყვასიტყვით
განმეორდეს.
ჰომეროსს
ახასიათებს რთული ეპითეტები, რომლებიც არა სიტუაციურად, არამედ ფორმულების სისტემაში
უნდა განვიხილოთ. აქილევსი „ფეხმარდია“ მაშინაც, როდესაც ზის, ხოლო აქაველები „ლამაზსაბარკულიანები“
არიან მაშინაც, როდესაც აღჭურვილობის გარეშე აღიწერებიან.
***
დაბოლოს,
თარგმანის შესახებ: ჰომეროსი რამდენჯერმეა თარგმნილი ქართულ ენაზე, როგორც ფრაგმენტულად,
ისე სრულად. გვაქვს „ილიადის“ სრული პოეტური თარგმანი, შესრულებული რომან მიმინოშვილის
მიერ; ასევე, „ოდისეის“ სრული პოეტური (პანტელეიმონ ბერაძე) და პროზაული თარგმანები
(ზურაბ კიკნაძე და თამაზ ჩხენკელი). სწორედ „ოდისეის“ პროზაული თარგმანი უნდა მივიჩნიოთ
ჰომეროსის პოეზიის საუკეთესო ქართულ ტექსტად, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ
უკლებლივ ყველა ქართველი მთარგმნელი, რომელიც ჰომეროსს შეეჭიდა, ლიტერატურის ნამდვილი
რაინდი და გმირია. ეს საქმიანობა, ეს გმირობა – ჰომეროსის თარგმნა – არასოდეს არ უნდა
შეწყდეს. ამავე დროს, ჰომეროსის პოეზიის თავისებურებათა გათვალისწინებით, განსაკუთრებული
მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს „ილიადის“ პროზაულ თარგმანს; გასათვალისწინებელია, რომ ისეთმა
ბრწყინვალე პოეტმაც კი, როგორიც იყო ლეკონტ დე ლილი, „ილიადა“ ფრანგულად პროზად თარგმნა.
პოეტური
ფორმულების გადმოცემისას რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ სწორედ ზემოხსენებული მთარგმნელების
გამოცდილება გავითვალისწინეთ. ამის ერთ-ერთი ნიმუშია κοῖλος სიტყვის გადმოცემა; ეს
ეპითეტი, როგორც წესი, გემს, ხომალდს მიემართება და აღნიშნავს „ამოღრუტნულს“, „ცარიელს“,
„განიერფერდებიანს“. ჩვენ დავესესხეთ ზ. კიკნაძესა და თ. ჩხენკელს და იგი ვთარგმნეთ,
როგორც „ღრმამუცლიანი“. ამავე მთარგმნელებს დავესესხეთ „სხივოსანს“ (Φοῖβος) აპოლონისთვისა
და „თვალსხივოსანს“ (γλαῦκοπις) ათენასათვის („თვალმცეცხლია“ რ. მიმინოშვილთან).
სახელთა
გადმოცემისას ჩვენ ვცადეთ, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა მათი ბერძნული ჟღერადობა
და, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს მოვახერხეთ კიდეც. ამოსავალი, თითქმის ყოველთვის
არის სახელობითი ბრუნვის ფორმა (შესაბამისად, „ალექსანდროსი“ და არა „ალექსანდრე“,
„კრეონი“ და არა „კრეონტი“, „დიომედესი“ და არა „დიომედე“, რომელიც, სხვათა შორის,
„ილიადის“ პერსონაჟი ქალის სახელია და ა.შ.). გამონაკლისის სახით, ტრადიცია გათვალისწინებულია
სახელთა ძალიან ცნობილი და კარგად დამკვიდრებული ქართული ფორმების გადმოცემისას, მაგალითად,
დავტოვეთ „ზევსი“ („უნდა“ ყოფილიყო „ძევსი“), „ენეასი“ („აინეიასი“); ხანდახან მოწოდებულია
„კომპრომისული“ ფორმები, მაგალითად, ჰეფესტოსი („ჰეფაისტოსი“). წიგნს ახლავს მითოლოგიურ
და გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი, სადაც კარგად ჩანს, როგორ გადაწყდა ბერძნულ სახელთა
ქართულად გადმოცემის პრობლემა.
ჰომეროსის
მთარგმნელმა უნდა დაუჯეროს მეცხრამეტე საუკუნის კარგ ინგლისელ პოეტსა და შესანიშნავ
კრიტიკოსს, მეთიუ არნოლდს: „ჰომეროსის მთარგმნელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს
მისი ავტორის ოთხი თავისებურება: (1) იგი უაღრესად სწრაფია; (2) იგი უაღრესად უბრალო
და პირდაპირია, როგორც აზრის ევოლუციაში, ისე მის გამოხატვაში, ანუ როგორც სინტაქსში,
ისე ლექსიკაში; (3) იგი უაღრესად უბრალო და პირდაპირია საკუთარი აზრების შენივთებაში,
ანუ მასალასა და იდეებში და, საბოლოოდ, (4) იგი უაღრესად კეთილშობილია“. სწორედ ამიტომ
მიმაჩნია ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხატვრულ ამოცანად ჰომეროსის თარგმნა უბრალო,
სოკრატესი არ იყოს, „ხელში პირველად მოხვედრილი“ სიტყვებით, არა ზეაწეულ, არამედ უბრალო,
ყოფით პოეტურ რეგისტრში, პათეტიკის გარეშე, მაგრამ ვნების, ანუ პათოსის, თანხლებით.
რაც შეეხება „ზეაწევას“, ტექსტი ამას თავადაც მოახერხებს და „აქილევი“, რომელიც სასიკვდილოდ
ვერ გაიმეტა ჰომეროსმა და „ილიადაში“ ცოცხლად დატოვა, ისევ დააღწევს თავს მკვდართა
საუფლოს, ისევ აღდგება და დაიბადება ქართულ ენაში. და ეს ისევე უტყუარია, როგორც ის,
რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც ყოველ დილას ახალშობილი ეოსი ვარდისფერ თითებს გამოაჩენს
და დედამიწას ყვითელ კაბას გადააფარებს.
ჰომეროსი, „ილიადა“ | „სულაკაურის გამომცემლობა“
No comments:
Post a Comment