ფრენკ ჰერბერტი | დიუნი

სამყარო ოთხ ბურჯს ეყრდნობა: ბრძენთა სწავლებას, ძლიერთა სამართლიანობას, მართალთა ლოცვას და მამაცთა სიმხნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭია... გარეშე მმართველისა, რომელიც მართვის ხელოვნებას ფლობს.

***

მმართველმა უნდა ისწავლოს დაყოლიება და არა იძულება. საუკეთესო ყავით უნდა მასპინძლობდეს, საუკეთესო ხალხის მოზიდვა თუ უნდა.

***

კარგმა მმართველმა თვისი სამყაროს ენა უნდა იცოდეს, ენა ყველა სამყაროს თვისი აქვს. გულისხმობდა ქვების და ცოცხალ არსებათა ენას, ენას, რომელსაც მხოლოდ ყურით ვერ გაიგონებ.

***

- ჯარისკაცების ერთგულება როგორ უნდა მოიპოვო?

- ბევრი ნაცადი გზა არსებობს: სხვებზე აღმატებულობის შეგნებით მანიპულირება, საიდუმლო შეთქმულების მისტიკა, ერთად გადატანილი ტანჯვით შეძენილი აზროვნებისა და შეგრძნებების სიმკვეთრე. ამის გაკეთება შესაძლებელია. ეგ ბევრჯერ გაკეთებულა სხვადასხვა პლანეტაზე, სხვადასხვა დროს.

***

ნებისმიერ გზას, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად გაჰყვები ბოლომდე, ასეთივე სიზუსტით მიჰყავხარ... არსად. მთის კალთას ცოტაზე შეუყევი, რათა იგრძნო და გამოსცადო, რომ ეს მთაა. მთის მწვერვალიდან მთას ვერ დაინახავ.

***

ალბათ არ არსებობს გააზრების უფრო საშინელი წამი, ვიდრე ის, როცა აღმოაჩენ, რომ მამაშენი კაცია - ადამიანის სხეულით.

***

ძალა და შიში - აი სახელმწიფოს სამართავი იარაღები... სახელმწიფოს მართვის იარაღი მუდამ ალესილი და შემართული უნდა გქონდეს. ძალა და შიში - ალესილი და შემართული.

***

როცა ღმერთი განსაზღვრავს, რომ ესა თუ ის არსება რომელიმე კონკრეტულ ადგილას მოკვდეს, იგი ამ არსებას მოასურვებს, სწორედ იმ ადგილისკენ აიღოს გეზი.

***

საკუთარი სიდიადის განცდა წარმავალია. ის არასოდეს არ არის მუდმივი. ნაწილობრივ, ეს გრძნობა დამოკიდებულია ადამიანთა მოდგმის წარმოსახვაზე, რომლითაც მითები იქმნება.

ადამიანი, რომელსაც საკუთარი დიდების განცდა აქვს, უნდა შეიგრძნობდეს მითს, რომელშიც იმყოფება; უნდა ირეკლავდეს იმას, რაც მასზე არის მისხივებული, პროეცირებული. და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ირონიის ძლიერი გრძნობა. ეს დაიცავს მას და არ მისცემს საშუალებას, სჯეროდეს, რომ მისი პრეტენზიები ყოველთვის მართებულია.

ირონიაა ერთადერთი რამ, რაც მას თავის თავში მოძრავს ამყოფებს. ამ თვისების გარეშე კაცს სიდიადის შემთხვევითი განცდაც კი დაანგრევს.

***

ადამიანები ყველაზე კარგად მაშინ გრძნობენ თავს, როცა ყველას თავისი ადგილი აქვს, როცა ყველამ ზუსტად იცის, ამა თუ იმ მოწესრიგებულ სისტემაში სადაა მისი ადგილი. მოსპე ეს ადგილი და ადამიანიც მოისპობა.

***

ყველაფერი, რაც შენ გარეთაა, შეიძლება დაინახო და ლოგიკა მოარგო მას, მაგრამ ადამიანს ახასიათებს, რომ როცა პირად პრობლემებს აწყდება, ყველაზე მეტად უჭირს სწორედ ყველაზე სიღრმისეულად პირადი ამბების გარეთ გამოტანა, მათი ლოგიკისთვის გადაცემა გასაჩხრეკად და გასარჩევად. ასეთ დროს გვირჩევნია, მივედ-მოვედოთ, მიზეზი ვეძებოთ ყველგან, ოღონდ არ ვიპოვოთ ის ჭეშმარიტი, ჩვენს არსებაში ღრმად ჩამჯდარი მიზეზი, რომელიც სინამდვილეში ყველაფრის გამომწვევია.

***

როცა რელიგია და პოლიტიკა ერთ ეტლში სხედან, მათ ჰგონიათ, რომ წინ ვეღარავინ დაუდგებათ. მაშინ ისინი თავაწყვეტით მიაჭენებენ - სწრაფად, უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. დაბრკოლებაზე აღარც ფიქრობენ და ავიწყდებათ, რომ უკან მოუხედავად მიმქროლავი კაცი ხრამს როცა შენიშნავს, უკვე გვიანია.

 

მთარგმნელი - ნინო ბარძიმაშვილი | გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

Vangogen • ვანგოგენი

No comments:

Post a Comment