დავიდ დიოპი | სულიერი ძმა

 


როდესაც სიგიჟის შთაბეჭდილებას განუწყვეტლივ, გამუდმებით და შეუჩერებლად ქმნი, ასეთ დროს საკუთარ თანამებრძოლებშიც თესავ შიშს. ასეთ დროს თანდათანობით სიმამაცის განსახიერებიდან და სიკვდილისგან დავიწყებულიდან სიკვდილის ნამდვილ მეგობრად, მის თანამზრახხველად და მის ძმაზე უფრო ძმად იქცევი.

***

ადამიანი ყოველთვის ფაქტებში ეძებს რაღაც აბსურდულ პასუხისმგებლობებს. ასეა ეს. ასე უფრო მარტივია. ახლა, როცა ვფიქრობ იმას, რაც მინდა, ვიცი, მივხვდი ამას. ჩემს ამხანაგებს, თეთრებსაც და შავებსაც, სჭირდებათ სჯეროდეთ, რომ ომისგან კი არ მოდის მათი მოკვლის საშიშროება, არამედ ავი თვალისგან. სჭირდებათ სჯეროდეთ, რომ მტრისგან ნასროლი ათასობით ტყვია კი არ კლავს მათ, არამედ ბედისწერა. ამიტომაც არ უყვართ ბედისწერა. ბედისწერა მეტისმეტად აბსურდულია. მათ უნდათ, ვინმეს აჰკიდონ პასუხისმგებლობა, ურჩევნიათ იფიქრონ, რომ მტრის ტყვიას, რომელიც მათ ხვდება, ვიღაც ბოროტი, ცუდი და ავის მზრახველი მოუძღვება და წარმართავს.

***

ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როცა ჰგონია, რომ რასაც უნდა, იმას იფიქრებს, მაგრამ სინამდვილეში სხვების - დედ-მამის ლამაზ-ლამაზ აზრებს, პაპის გრიმწასმულ აზრებს, დის ან ძმის, მეგობრების, ან სულაც მტრების შეფარულ აზრებს არ აჰყვეს.

***

დამოუკიდებლად ფიქრი არ ნიშნავს აუცილებლად ყველაფრის გაგებას.

***

როგორც კი შეტევა მთავრდება, ყველამ ბრძოლის ველზე უნდა დატოვოს თავისი სიგიჟე, ტკივილი და მრისხანება. ტკივილს კიდევ იტანენ, მისი დატოვება დაიშვება, ოღონდ, თუ მას შენთვის შეინახავ. მაგრამ ცოფი და რისხვა არ უნდა ჩამოიტანო სანგარში. აქ დაბრუნებამდე უნდა მოიშორო, მოიცილო, ჩამოიბერტყო ისინი, თორემ ომობანას თამაში აღარ გამოვა. კაპიტნის მიერ სასტვენით ბრძოლის დამასრულებელი ნიშნის შემდეგ სიგიჟე ტაბუდ იქცევა.

***

ღმერთია მოწამე, ბრძოლის შემდეგ ადამიანი ჰუმანური ხდება მტრის მიმართ. დიდხანს ვერ გაგახარებს კაცს მტრის შიში, როცა თავადაც გეშინია.

***

ესაა ომი: როდესაც ღმერთი ადამიანების მუსიკას ჩამორჩება, როდესაც ერთბაშად ვეღარ ხსნის ბედისწერის ზედმეტ, აბურდულ ძაფებს. ღმერთია მოწამე, ამაზე ვერ გაუნაწყენდები ღმერთს. ვინ იცის, ეგებ მან პატარა მტრის ჯარისკაცის მშობლების დასჯა მოინდომა შავკანიანის ხელით ომში მისი მოკვდინებით? ვინ იცის, ეგებ მან პატარა მტრის ჯარისკაცის მშობლების დასჯა იმიტომ მოინდომა, რომ ამ მშობლების შეცდომების გასწორება ვერ მოასწრო მათივე შვილების სიცოცხლეში? ღმერთია მოწამე, შეიძლება ღმერთმა სულაც დააგვიანა მტრის ჯარისკაცის ოჯახის დასჯა. ვინ ვინ და მე კი ვიცი, რომ მან მძიმედ დასაჯა ისინი მათივე შვილიშვილისა თუ შვილის საშუალებით.

***

ომში როცა საკუთარ ჯარისკაცთან აქვთ ხოლმე რამე პრობლემა, მას მტრებს აკვლევინებენ. ეს უფრო პრაქტიკულია.

***

ადამიანი კი არ წარმართავს მოვლენებს, არამედ მოვლენები წარმართავს ადამიანს. ამბები, რომლებიც მოულოდნელად გადახდება ხოლმე ადამიანს, იქამდე სხვა ადამიანებს გადახდენიათ თავს. ადამიანის ყველა შესაძლო შეგრძნება უკვე ნაგრძნობია. არაფერი, რაც აქ, ამქვეყნად გვემართება, რაც უნდა მძიმე ან მომგებიანი იყოს ჩვენთვის, არ არის ახალი. თუმცა ის, რასაც ჩვენ შევიგრძნობთ, ყოველთვის ახალია, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია, როგორც ხის ყველა ფოთოლია უნიკალური. ადამიანი სხვა ადამიანებს ერთსა და იმავე წვენს უნაწილებს, მაგრამ თვითონ ამით განსხვავებულად იკვებება. სიახლე რომც არ იყოს მართლა ახალი, ის მაინც მუდამ ახლად რჩება იმათთვის, ვისაც განუწყვეტლივ არ უმართლებს ამქვეყნად და მეჩეჩზე ჯდება, თაობიდან თაობაში, ტალღიდან ტალღამდე. მაშინ იმისათვის, რომ ადამიანი ცხოვრებას დაუბრუნდეს და გზაში არ დაიკარგოს, ყური მოვალეობის ხმას უნდა დაუგდოს. საკუთარი გონებით ზედმეტი ფიქრი ღალატია. მას, ვინც ეს საიდუმლო იცის, შანსი აქვს, რომ მშვიდად იცხოვრებს. თუმცა არც ამის არანაირი გარანტია არ არსებობს.

 

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი, „სულაკაურის გამომცემლობა“, 2023 წ.

Vangogen • ვანგოგენი

No comments:

Post a Comment