დრო
ჩვენი წინააღმდეგია! ამ დროებას დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შექმნა სურს!
ღმერთის აღარ სწამთ. ნაციონალიზმი ახალ რელიგიად იქცა. ხალხი ეკლესიაში აღარ დადის
და ეროვნულ მოძრაობას ურთდება. მონარქია კი, ჩვენი მონარქია, ღვთისმოსაობაზეა დაფუძნებული,
რწმენაზე, რომ ჰაბსბურგთა დინასტია ღმერთის რჩეულია და მოწოდებულია სხვა ქრისტიან ხალხებზე
იბატონოს. ჩვენი იმპერატორი რომის პაპის ამქვეყნიური ძმაა, მისი სამეფო-საიმპერატორო
უდიდებულესობა ყველაზე „სამოციქულო“ უდიდებულესობაა; ევროპელ მონარქთაგან არც ერთი
არ არის ღმერთის წყალობასა და მისი რჩეულისადმი ხალხის ნდობაზე ისე დამოკიდებული, როგორც
ჩვენი ხელმწიფე. გერმანელი იმპერატორი ღმერთმა რომც მიატოვოს, ხალხის წყალობით, ასე
თუ ისე, მაინც შეძლებს ქვეყნის მართვას. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი არ შეიძლება რომ
ღმერთმა მიატოვოს. თუმცა ღმერთმა ის უკვე მიატოვა!
***
ერთი
მოხუცი კაცი იყო იმპერატორი, ყველაზე მხცოვანი იმპერატორი მთელ ცისქვეშეთში. სიკვდილი
დაძრწოდა მის ირგვლივ, წრეზე აწრიალებული გზადაგზა თიბავდა და ცელავდა. პირწმინდად
მოთიბულ ყანაში ერთადერთ, ვერცხლისფერ ჩალის ღეროსავით აღმართულიყო და იცდიდა სიკვდილისგან
დავიწყებული იმპერატორი.
ნათელი,
მკაცრი თვალებით უკვე რამდენი წელია, უმწეოდ გაჰყურებდა დაკარგულ შორეულ დროებას. მოშიშვლებული
თავი ამობურცულ ხრიოკ უდაბნოს, თოვლივით სპეტაკი ბანეკბარდები კი - აფოფრილ ფრთებს
მიუგავდა. ნაოჭთა შორის, სახე გაუვალი ბარდნარივით რომ დაექსელატ, წლებს დაებუდებინა.
ჩამომდნარი სხეული თვალშისაცემად მოხრილიყო ზურგში. შინ მოკლე-მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით,
ასე ვთქვათ, დაცუნცულებდა, მაგრამ სასახლის გარეთ ცდილობდა წელგამართულად, მოხდენილად,
მოქნილი და მსუბუქი ნაბიჯებით ევლო. ჭეშმარიტად მეფური თვალები თვალთმაქცურ სიკეტეს
ასხივებდა: მის მახვილ მზერას არაფერი გამოეპარებოდა, ყოველ შემხვედრს ამჩნევდა, თუმცა
სახეები ბუნდოვანი სილუეტებივით წამიერად გაიელვებდნენ და ქრებოდნენ, რადგან იმპერატორის
თვალები მხოლოდ თვალსაწიერზე სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარივით აღმართულ ნაზ, სიფრიფანა
ხაზს ხედავდა, თუნდაც ამ მიჯნას სახლები, ტყეები ან მთები ჩამოჰფარებოდა. ხალხს ეგონა,
ფრანც-იოზეფი ჩვენზე ხანდაზმულია და მასზე მეტი ვიცითო, მაგრამ მას მრავალ მათგანზე
მეტი რამ ახსოვდა, ხედავდა, როგორ ჩადიოდა მისი იმპერიის მზე, მაგრამ არაფერს ამბობდა.
ისიც იცოდა, რომ მოკვდებოდა, სანამ სამეფოს მზე ჩაესვენებოდა და ამას ვერ მოესწრებოდა.
ხანდახან ხალისობდა, როცა მავანი დაწვრილებით უხსნიდა იმ საკითხს, რომელიც საფუძვლიანად
ჰქონდა შესწავლილი. ბავშვებსა და მოხუცებს უყვართ სხვების გაცურება. იმ ხალხის ამპარტავნება
ახალისებდა, ვისაც თავი იმპერატორზე ჭკვიანი ეგონა. გონიერებას მიამიტობით ნიღბავდა,
რამეთუ არ ხამს იმპერატორი მრჩევლებს ჭკუით აღემატებოდეს. უჯობს, გულუბრყვილო კაცად
მოაჩვენოს თავი, ვიდრე ყოვლისმცოდნე ბრძენად. ნადირობისას მარეკები პირდაპირ სამიზნეზე
დაუყენებდნენ ხოლმე გარეულ ცხოველს და იმის მიუხედავად, რომ გაქცეულის მონადირებაც
შეეძლო, მაინც იმას ესროდა, ტყიდან მეფისკენ რომ გამოედევნათ. რამეთუ არ ხამს იმპერატორმა
გაამჟღავნოს თავისი მიხვედრილობა, რომ ზოგ-ზოგების ჩანაფიქრი ამოიცნო და იმ ზოგ-ზოგებზე
უკეთესი ჩუბინია.
ტყუილების
გუდას თავს რომ მოხსნიდნენ, თავი ისე ეჭირა, ვითომ დაიჯერა, რამეთუ არ ხამს იმპერატორმა
ტყუილში ამხილოს ვინმე. ფარისეველთა იქედნურ ღიმილსაც არ იმჩნევდა, რამეთუ არ ხამს,
იმპერატორი მიხვდეს, რომ დასცინიან, რადგან სანამ არ იმჩნევს, ფუჭია მათი დაცინვა.
სიცხიანს
თავს დაჰფოფინებდნენ, კარის ექიმი პირფერულად ცრუობდა, - არაფერი გჭირთო და ესეც პასუხობდა,
მაშასადამე საქმე კარგად ყოფილაო! თუმცა იცოდა, რომ სიცხე ჰქონდა. რამეთუ იმპერატორი
პირად ექიმს ტყუილისთვის არ სჯის. თანაც სხვებზე უკეთ მოეხსენებოდა, რომ სიკვდილის
დრო ჯერ არ დამდგარიყო. რამდენი ღამე უთევია სიცხით გათანგულს, ექიმებს კი არაფერი
გაუგიათ, ავადმყოფობა არავის შეუმჩნევია. ჯანმრთელი იყო და არწმუნებდნენ, ავად ხარო;
ისიც თავს მოისაწყლებდა ხოლმე.
კეთილგანწყობილი
ეგონათ, ის კი გულგრილი იყო; გულცივიაო, - იტყოდნენ, მას კი მართლა შესტკიოდა გული.
დიდხანს იცხოვრა ამქვეყნად და გამოსცადა, რომ სიმართლის თქმა უაზრობაა.
შეცდომის
უფლებას აძლევდა ადამიანებს და მთელ იმპერიაში იმპერატორზე ანეკდოტების გამავრცელებელ
მასხარებზე ნაკლებად სჯეროდა თავისი სამყაროს მუდმივობისა. თუმცა არ ხამს იმპერატორმა
თავი გაუყადროს მსახურებსა და მეტისმეტად ჭკუაგაბრძნობილებს.
მთარგმნელი: ასმათ ფარჯიანი, „სულაკაურის გამომცემლობა“, 2018 წ.

No comments:
Post a Comment