დღეში თითო წიგნს ვკითხულობდი. ბიბლიოთეკაში დ.ჰ. ლოურენსის რაც კი რამე ქონდათ, ყველაფერი წავიკითხე.
წიგნების გატანისას ბიბლიოთეკარი უკვე უცნაურად მიყურებდა.
- აბა, დღეს რა მიგვაქვს, - მეკითხებოდა ხოლმე ინტერესით.
აუ, როგორ მიხაროდა ამ კითხვის მოსმენა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ლოგინში უკვე ვიკოტრიალე მასთან.
დ.ჰ.-ის ყველა წიგნი წავიკითხე, მერე სხვებიც მივაყოლე. დ.ჰ.-დან დავიწყე და ჰ.დ.-მდე ჩავედი, პოეტი რო იყო, იქამდე. ჰაქსლიც წავიკითხე, ჰაქსლებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ჰაქსლი, ლოურენსის მეგობარი. ძალიან გამიტაცა კითხვამ. ერთ წიგნს მეორე მოყვა. მერე დოს პასოსიც წავიკითხე. არ იყო ცუდი, მართლა, ოღონდ არაუშავდასავით. მისი ტრილოგია „ა.შ.შ.“ დღე-ნახევარში დავამთავრე. დრაიზერი არ მომეწონა, შერვუდ ანდერსონი - პირიქით.
მერე ჰემინგუეის ჯერიც დადგა. ღმერთო, ეს ვინ იყო! აუ, რას წერდა. აკანკალებული ვკითხულობდი! სადღაც გაქრნენ უსიცოცხლო, მოჩვარული სიტყვები! ვკითხულობდი და სიტყვები ზარებივით გუგუნებდა თავში! კითხვისას მათ მაგიურობას თუ მინებდებოდი, რაც არ უნდა შეგმთხვეოდა, ტკივილი აღარ არსებობდა შენთვის, მხოლოდ იმედით ივსებოდი.
აი სახლში კი...
- შუქი ჩააქრე! - ღრიალებდა მამაჩემი.
ამჯერად რუსებს ვკითხულობდი - გორკის და ტურგენევს. მამაჩემს წესად ქონდა, საღამოს რვაზე სახლში შუქს გვაქრობინებდა. უნდა გამოვიძინო, რო ხვალ სამსახურში ჯანზე ვიყო და კარგად ვიმუშაოო. სახლშიც სულ სამსახურზე ლაპარაკობდა. აი, ფეხს შემოდგამდა თუ არა, სანამ დაიძინებდნენ, დედას ტვინს უბურღავდა. მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი, სამსახურში აუცილებლად დამაწინაურებენო.
- კარგი! გეყო ამ ოხერი წიგნების კითხვა! ჩააქრე შუქი!
არადა, მე სწორედ ეს არსაიდან მოსული ადამიანები მომევლინენ მხსნელებად. მხოლოდ ისინი მელაპარაკებოდნენ, მხოლოდ მათი ხმა მესმოდა.
- კარგი, - გავძახებდი მეც.
ავიღებდი ლამპას. შევძვრებოდი საბნის ქვეშ, მოხერხებულად მოვიწყობდი ბალიშს, მივაყურადებდი ზედ წიგნს და მშვიდად ვკითხულობდი. როცა ძალიან დაცხებოდა, ლამპაც გაცხელდებოდა და მეც უკვე სუნთქვა მიჭირდა, გადავიძრობდი გადასაფარებელს და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდი.
- რაო? შუქი ანთია? შუქი არ ჩააქრე, ჰენრი?
მეც სასწრაფოდ შევიმალებოდი ხოლმე გადასაფარებლის ქვეშ და ველოდებოდი, როდის ამოუშვებდა ხვრინვას მამაჩემი.
ტურგენევი სერიოზული ტიპი გამოდგა, ოღონდ ბევრი მაცინა, სიმართლე ცხოვრებაში შეხვედრილ პირველ დაბრკოლებებზე ხანდახან ძლიან სასაცილო მოსასმენიც შეიძლება იყოს.
როცა ვიღაცის ნათქვამი სიმართლე შენსას მეტისმეტად გავს, გეჩვენება, არიქა, ეს ამბავი ხო მეც გადამხდენიაო და მაგ შეგრძნებას არაფერი ჯობია.
მოკლედ, ღამღამობით, საბნის ქვეშ, გახურებული ლამპის შუქზე ვკითხულობდი წიგნებს. დიდ წიგნებს. თან სული მეხუთებოდა, თან ვკითხულობდი. სასწაული იყო.
ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ | გამომცემლობა „პალიტრა L“
No comments:
Post a Comment