ჯორჯ რ.რ. მარტინი | ცეცხლი და სისხლი

 

ვესტეროსი, რომელიც ეიგონმა დაიპყრო, შვიდი სამეფოსგან შედგებოდა და თითოეულ მათგანს საკუთარი კანონები და წეს-ჩვეულებები ჰქონდა. ლორდი მასი წერდა:

„შვიდ სამეფომდე რვა სამეფო იყო, მანამდე ცხრა, ათი, ოცი, ოცდაათი და ასე შემდეგ. ვიცით, რომ გმირების ერაში ასი სამეფო არსებობდა, სინამდვილეში ჯერ ოთხმოცდაჩვიდმეტი იყო, მერე ას ოცდათორმეტი და მათი რიცხვი მუდმივად თამაშობდა, რაც ომებსა და მეფეების ცვლილებაზე იყო დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, კანონებიც ხშირად იცვლებოდა. ერთი მეფე მკაცრი იყო, მეორე ლმობიერი, მესამე „შვიდქიმიანი ვარსკვლავით“ ხელმძღვანელობდა, მეოთხე პირველი ადამიანების უძველეს კანონმდებლობას იყენებდა, მეხუთე სამეფოს თავისი ახირებების მიხედვით მართავდა, მეექვსე სიმთვრალეში ალთას იყო და სიფხიზლეში ბალთას. ათასობით წლის შემდეგ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო პრეცედენტი დაგროვდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ყოველი ლორდი, რომელსაც ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება ჰქონდა (და ზოგი ისეთიც, ვისაც არ ჰქონდა), ნებისმიერ დავას საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტდა.

***

ვალირიელები მარტო დრაკონთა მეუფენი კი არ იყვნენ. ისინი სისხლის მაგიასა და სხვა შავბნელ ცოდნას ფლობდნენ, მიწის სიღრმეში ეძებდნენ საიდუმლოებებს, რომლებიც ყველასათვის დაფარული უნდა დარჩეს, და ცხოველებისა და ადამიანებისაგან საზარელი, უცნაური ურჩხულების შექმნას ცდილობდნენ. სწორედ ამ ცოდვებისთვის განურისხდნენ მათ ღმერთები.

ყველა თანხმდება, რომ ვალირია დაწყევლილია და მის მბოლავ ნანგრევებს ყველაზე მამაცი ზღვაოსანიც კი შორიდან უვლის. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იქაურობა ახლა სრულიად უსიცოცხლოა.

***

ვალირიაში ათასამდე ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ არც ერთის არ ეშინოდათ, აი გაბატონებული წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ გამოსვლას კი ვერავინ ბედავდა.

რაც შეეხება ვესტეროსს, აქ კულტს დიდი გავლენა ჰქონდა. მართალია, ჩრდილოეთში ჯერ კიდევ ძველ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, რკინის კუნძულებზე კი ჩაძირულ ღმერთს, მაგრამ დანარჩენ სამეფოში ერთი ღმერთი სწამდათ შვიდი სახით, რომლის ნებას დედამიწაზე ძველქალაქის უმაღლესი სეპტონი აცხადებდა და კულტის სწავლება, რომელიც საუკუნეების წინ ანდალოსიდან წამოვიდა, გმობდა ქორწინების იმ ვალირიულ ტრადიციას, ტარგარიენები რომ იცავდნენ. მამასა და ქალიშვილს, დედასა და შვილს თუ და-ძმას შორის ინცესტი საშინელ ცოდვად გამოცხადდა და ასეთი კავშირის ნაყოფი ღმერთებისა და კაცის წინაშე საძაგლობად ითვლებოდა.

ცხადია, კულტსა და ტარგარიენების საგვარეულოს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იყო. მართლაც, „დიდად ღვთისმოსავებს“ შორის ბევრი ელოდა, რომ უმაღლესი სეპტონი დაპყრობის დროს ეიგონისა და მისი დების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებდა. ისინი ძალიან იმედგაცრუებული დარჩნენ, როცა მორწმუნეთა მამამ ლორდ ჰაითაუერს დრაკონისთვის ქალაქის ჩაბარება ურჩია. მეტიც, ეიგონი დალოცა კიდეც და მეფედ აკურთხა.

***

ჩვენ ისეთები ვართ, როგორიც ღმერთებმა შეგვექმნეს, - წერდა სეპტონი ბართი, მეფის ყველა მარჯვენას შორის უბრძნესი, - ძლიერები და სუსტები, კარგები და ცუდები, ბოროტები და კეთილები, გმირები და თავკერძები. ეს ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს.

***

აი, რას წერს სეპტონი ბართი: „ტარგარიენთა ძალაუფლება დრაკონებზეა დამყარებული, საზარელ მხეცებზე, რომლებმაც ჰარენჰოლი გაანადგურეს და ცეცხლოვან ველზე ორი მეფე მოკლეს. მეფე ეიგონმა ეს იცოდა და ჯეიჰერისმაც კარგად იცის. მათი ცეცხლი ჩუმი მუქარაა და მისმა ბრწყინვალებამ ერთი ჭეშმარიტებაც იცის, რასაც რეინა ვერ ხვდება: უსიტყვო მუქარა ყველაზე საშინელია.

ვესტეროსის ლორდები ამაყები არიან და მათი დამცირება კარგს არაფერს მოიტანს. ბრძენი მეფე მათ ღირსებას არასოდეს შეეხება. აჩვენე მათ დრაკონი და ამას კარგად დაიმახსოვრებენ. და თუ იტრაბახებ, თქვენს შვილებს დრაკონებს შევაჭმევ და სიმაგრეებს ნაცარტუტად გიქცევთო, ისინი მხოლოდ გაბრაზდებიან და თქვენს წინააღმდეგ განეწყობიან.

***

ჩრდილოეთში ასეთი უძველესი ჩვეულება ჰქონდათ: პირველი თოვლის მოსვლისთანავე მოხუცები, უმცროსი შვილები, დაუქორწინებლები, უშვილოები, უსახლკაროები და უიმედო ავადმყოფები ყველაფერს ტოვებდნენ და მიდიოდნენ, რათა მათ ოჯახს გაზაფხულამდე შესძლებოდა თავის გატანა.

***

სიტყვა ქარია, მაგრამ ქარს ცეცხლის აგზნება შეუძლია. სიტყვა ქარია, მაგრამ ძლიერ ქარს მუხის წაქცევა შეუძლია, ხოლო ლამაზი გოგონას ჩურჩული ზოგჯერ სამეფოს ბედისწერას ცვლის.

***

ყველა ახალგაზრდას თავი უკვდავი ჰგონია, - წერს დიადი მაისტერი მუნკუნი „ჭეშმარიტ ისტორიაში“, - როცა ყმაწვილი მეომარი გამარჯვების მათრობელა ღვინით დატკბება, მისი ეჭვი მტკიცე რწმენად იქცევა. თუმცა ახალგაზრდული თავდაჯერება ხნიერთა ცბიერების წინაშე უძლურია.

მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე, გამომცელობა „პალიტრა L“, 2021 წ.

Vangogen • ვანგოგენი

No comments:

Post a Comment