ძალაუფლების
განაწილება არ ნიშნავს თავისი წილი სამხრეებისა და წითელი ხალიჩის მიღებას. შეიძლება
ითქვას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მერე და მერე მოდის. ძალაუფლების განაწილება, უპირველეს
ყოვლისა, საკუთარი დანაშაულების სხვისთვის განაწილება უფროა!
***
ტექსტის მეორე ნაწილი ჯოჯოხეთის აღწერილობას ეთმობოდა, ოღონდ იმისგან განსხვავებული ჯოჯოხეთისას, როგორიც წარმოგვიდგენია, ჯოჯოხეთისას, სადაც არა ადამიანები, არამედ მკვდარი სახელმწიფოები იყვნენ და მათი გვამები არეულ-დარეულად ეყარა ერთმანეთის გვერდზე:
იმპერეიები,
საემიროები, რესპუბლიკები, კონსტიტუციური მონარქიები, კონფედერაციები...
ჰმ,
ჰმ, დახე, დახეო, ჩაილაპარაკა მარკ ალემმა. იმისგან განსხვავებით, რა შთაბეჭდილებასაც
ერთი შეხედვით ახდენდა, ეს სიზმარი ყველაფერთან ერთად საშიშიც აღმოჩნდა. ფურცელი გადაშალა,
რომ ამ სიზმრის მამაცი გამომგზავნის სახელი და გვარი ენახა და წაიკითხა: სიზმარი ნახა
ფუნდუკ „ორი რობერტის“ სტუმარმა X…მა 18 დეკემბრის ღამის მეორე ნახევარში (პანშალიკი, ცენტრალური ალბანეთი).
ოჰო,
ეშმაკის ფეხი, თავი როგორ დაიძვრინაო, გაიფიქრა და შვებით ამოისუნთქა (გონებაში გაელვებასავით
ამმოუტივტივდა შავქსოვილგადაფარებული კუბო, რომელსაც ახლა ალბათ უკვე დედალქალაქის
დიდი სასაფლაოსკენ მიაქანებდნენ), ბოლო წამს ხაფანგის საფრთხე უგრძნია და უკვალოდ გამქრალაო,
ჩაილაპარაკა... სკამზე მოხერხებულად მოკალათდა და კითხვა განაგრძო.
მკვდარი
და ჯოჯოხეთში მოხვედრილი სახელმწიფოები არ ისჯებოდნენ ისე, როგორც, ზოგადი წარმოდგენებით,
ადამიანები ისჯებიან. მაგალითად, ამ ჯოჯოხეთს ის თავისებურება ჰქონდა, რომ იქიდან გამოქცევა
და უკან, მიწაზე დაბრუნება შეიძლებოდა. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს, დიდი ხნის წინ
მკვდარი სახელმწიფოები, რომელთაგანაც, ყველას აზრით, ჩონჩხებიღა დარჩენილიყო, შეიძლება
ნელ-ნელა ფეხზე წამომდგარიყვნენ და ისევ დედამიწაზე დაბრუნებულიყვნენ.
ოღონდ,
მსახიობების მსგავსად, რომლებიც ახალი როლის შესასრულებლად სცენაზე ასვლის წინ გრიმს
ისვამენ, გარკვეული შელამაზება მათაც სჭირდებოდათ; სახელებს, გერბებსა და დროშებს კი
იცვლიდნენ, მაგრამ არსობრივად და სიღრმისეულად იგივენი რჩებოდნენ.
დახე,
დახეო, ისევ ჩაიჩურჩულა მარკ ალემმა. ბავშვობიდანვე სახელმწიფოსა და მთავრობის საქმეებზე
საუბრების სმენას ჩვეული მალევე მიხვდა იმ ფარულ ზრახვას, რომელიც ამ სიზმრის მნახველს
ამოძრავებდა.
წყალი არ გაუვიდოდა - დასაწყისის გამოკლებით ეს სიზმარი თავიდან ბოლომდე გამოგონილი იყო. ისიც კი ეუცნაურა, მან „სელექციის“ განყოფილების ზღუდე რომ გადმოლახა. ანდა, როგორც პროვოკაციული სიზმარი, ის შეიძლება სულ სხვა მიზნებისთვის შემოინახეს. მაგრამ რა შეიძლება ყოფილიყო ეს მიზნები? ან რატომ გადმოსცეს მაინცდამაინც მას? და მაინცდამაინც ასე - როგორც სასწრაფო და გადაუდებელი და თანაც დამატებითი სამუშაო საათების დასრულების მერე? მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
მიუხედავად
ამისა, ტექსტისთვის თვალი არ მოუშორებია: თემურ ლენგის სახელმწიფო დავინახე, რომელსაც
ალამაზებდნენ და სისხლის ლაქებს აშორებდნენ, რადგან ის კვლავ ფეხზე წამოსადგომად ემზადებოდა;
ოდნავ მოშორებით ჰეროდეს სახელმწიფოსაც მოვკარი თვალი, რომელსაც იმავენაირად ეპყრობოდნენ:
ამბობდნენ, მესამედ ამოდის დედამიწის ზედაპირზე და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ ამოვა
მას შემდეგ, რაც ყველას სამუდამოდ განადგურებული ეგონებაო...
ამ
ბოდვის გამომგზავნის აზრით, თანამედროვე სახელმწიფოები, მათ შორის ოსმალეთის იმპერია,
სხვა არაფერი იყო, თუ არა ძველი, სისხლისმსმელი ინსტიტუციები, რომლებიც დრომ დაასამარა
და შემდეგ დედამიწაზე მოჩვენებებად დაბრუნდნენ.
მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი | „სულაკაურის გამომცემლობა“
No comments:
Post a Comment