მარკიზ დე სადი | ფილოსოფია ბუდუარში, ანუ უზნეო აღმზრდელნი

გულცივი და თავხმელი მორალისტები სწორედ ვნებებისათვის გდევნიან, თუმცა ვნება მხოლოდ იარაღია, რომლის მეშვეობით ბუნება ადამიანში თავის დაწყებულს განასრულებს. მხოლოდ ამ საამო ვნებებს მისდიეთ, ვინაიდან ბედნიერებისკენ მათი ორგანი მიგიძღვით.

***

არც უნდა იოცნებო, ლაგამს ამოვიდებო, თორემ ვნებები მოგაგლეჯენ იმ ლაგამს.

***

ადამიანი, განა, თავის სურვილს განაგებს? განსხვავებულ ნდომათა მქონენი კრძალვას იმსახურებენ და არა გაკიცხვას: მათი ბრალი თავად ბუნების ბრალია. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, კოჭლები დავიბადებით თუ საღ-სალამათები. განა, ჩვენ ვწყვეტთ, როგორი ნდომით მოვევლინოთ ქვეყნიერებას?

***

სათნოებანი ცრუ ღმერთები არიან, ისინი მუდამ მსხვერპლს ითხოვენ, მაგრამ იმის მეათასედ სიამოვნებასაც არ გაძლევენ, რასაც მათი უარყოფის გზით მიიღებდი. ზნეობის ურჩხული მუდმივი მსხვერპლშეწირვით შენივე აღტყინებებისა და ვნებების მტრად გაქცევს. შენი აზრით, ეს ბუნებრივია? ბუნება თავის უარყოფას თანაუგრძნობს?

***

სავსებით კეთილი არსი, რომელსაც ბოროტების ჩადენა არ შეუძლია: სწორედ ასეთი ნამუშევარი იქნებოდა ღმერთის საკადრისი. არჩევანის უნარი მისცე, ნიშნავს, ცდუნებისათვის გაწირო. ღმერთს წინასწარ უნდა სცოდნოდა, რა მოჰყვებოდა ასეთ მოქმედებას. ესე იგი, მან განზრახ გააკეთა ისე, რომ ადამიანი გაეწირა.

***

მთავრობის ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა ის არის, რომ ჭარბი მოსახლეობა სახელმწიფოს სიმდიდრე ჰგონია. ასეთი სიჭარბე უსარგებლო ტოტების გროვას ჰგავს, რომლებიც მერქნის ხარჯზე იზრდებიან, რაც საბოლოოდ მას ასუსტებს. გაიხსენეთ, ნებისმიერ სახელმწიფოში, როგორც კი მოსახლეობა საარსებო რესურსებს აჭარბებს, სახელმწიფო სუსტდება.

***

ჩვენს შეფასებებს ჩვენივე ზნე-ჩვეულებანი და ჰავა განაპირობებს. რასაც აქ დანაშაული ჰქვია, ასი ლიეს იქით შეიძლება კეთილშობილ ქმედებად იცნონ, რაც კეთილშობილებად სჯერათ დედამიწის მეორე მხარეს, შეიძლება ჩვენთან დანაშაულად გამოცხადდეს. ნებისმიერი საშინელებისთვის ვიპოვით ადგილს, სადაც მას ღვთაებრივს უწოდებენ.

***

რაც დანაშაულად ეჩვენება შეპყრობილ ადამიანს, ის თავისუფალი სულისთვის სამართლიანი ღაღადია.

***

ხვაშიადს აჰყევი და თავშეკავებას ნურც ეცდები, თორემ შენგან უგულებელყოფილი ბუნება უთვალავ უბედურებას მოგისჯის. რადგან საზოგადოებრივ წესებს ჩვენ გამო არც დღეს და არც ხვალ არავინ შეცვლის, მოგვიწევს მათ წინაშე ნიღაბი ავიფაროთ და ყველას სალაპარაკო არ გავხადოთ, რასაც ჩავდივართ. ამგვარად, ჩუმად ავინაზღაუროთ, რასაც ხმაურით გვართმევენ.

***

მივდიოთ ჩვენს სურვილებს − ნიშნავს მივდიოთ ბუნების კანონებს, ხოლო უარვყოთ ჩვენი სურვილები − ნიშნავს უარვყოთ ბუნება ჩვენში და ამით მას განვუდგეთ.

***

რომელი უფრო სჭირდება ადამიანს საზოგადოებაში: სიქველე თუ სიქველის ნიღაბი? ეჭვიც არ შეგეპაროთ: ნიღაბი გაცილებით საჭიროა. თუ სიქველის ნიღაბს ატარებ, რაც გჭირდება, ყველაფერს მოიპოვებ. ვინ უყურებს დღეს გულში ადამიანს? მარტო პირზე მოგჩერებიან, ამიტომაც საკმარისია, პირიანი იყო. სიმართლე გითხრა, სწორი საქციელით სწორი კაცი ვერც თვითონ შეირგებს რამეს და ვერც სხვას შეარგებს. მთავარია, სწორი ჩანდე, თორემ როგორი იქნები სინამდვილეში, სულერთია. ორპირობას, პირიქით, თითქმის ყოველთვის წარმატება მოაქვს.

***

მარტო ცივილიზაციის ფარგლებში ხდება სისასტიკე მიუღებელი, რადგან იმას, ვისაც ხელყოფენ, ან ძალა აკლია, ან საშუალებები არ აქვს, რათა ხელყოფას უპასუხოს. მაგრამ არაცივილიზებულ მდგომარეობაში, ძლიერს ხელყოფენ, ის მას პასუხობს, ხოლო სუსტი ძლიერს ნებდება, რადგან ვერ ჯაბნის, რაც ასევე ბუნების კანონთა შესაბამისია და ამიტომ სავსებით მისაღები.

***

თუკი მთელი კაცობრიობაც წერილს წაიღებს, ამით არც ჰაერს მოაკლდება სისუფთავე, არც ვარსკვლავებს შეუმცირდებათ ბრწყინვა-კაშკაში და არც სამყარო აბარბაცდება თავის გზაზე.

***

იმ ხალხში ყოფნა, რომელიც თავის ყველა ნაკლსა და ცოდვას საგულდაგულოდ მალავს და მხოლოდ იმ სათნოებებს აჩენს, რომელიც სინამდვილეში სძაგს, შენგანაც ფარისევლობას მოითხოვს. სხვანაირად თუ მოიქცევი, შენს ყველა საქციელს სამხილად გიქცევს და ცივად გაგანადგურებს. ასე რომ, ბრიყვად ყოფნას, ფარისევლობა ჯობია.

***

კანონები, რომელთაც სარგებელი მოაქვთ საზოგადოებისთვის, ზიანს აყენებენ მის შემქმნელ ადამიანს. დაცვისა და მოფრთხილების სანაცვლოდ, ცხოვრების ¾-ით იმონებენ და ზღუდავენ. გონიერი ადამიანი მათ გველებივით ეპყრობა: ეზიზღება, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით მოიხმარს. გონიერი ადამიანი გაურბის კანონებს, როგორც შხამიან გველებს: სიფრთხილეს იჩენს მათ მიმართ და საიდუმლოს საფარქვეშ ემალება, რაც გონიერ ადამიანს იოლად ხელეწიფება.

***

მივიღოთ კარგი კანონები და ვნახავთ, რომ რელიგია აღარ დაგვჭირდება.

***

გჯეროდეთ, ხალხი, რომელიც გაცილებით გონიერია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ტირანიის ბორკილებახსნილი, მოჩვენებას არ დაემორჩილება. თქვენ კი გეშინიათ ხალხის, რომელსაც ხუნდები არ ადევს: რა სიგიჟეა! აჰ! თანამოქალაქენო, გარწმუნებთ, ვისაც კანონთა ხმალი არ აკავებს, იმას ჯოჯოხეთის ტანჯვაც არ აშინებს.

***

თუ სიმართლეა, რომ ვნებები იმდენად გვაბრმავებს, თვალში ბურუსი გვიდგება და გარშემო არსებულ საფრთხეს ვეღარ ვხედავთ, მაშინ როგორ დავიჯეროთ, თითქოს ისეთი შორი საფრთხე, როგორიც ღვთის სასჯელია, თვალებში ბურუსს გვიფანტავდეს, როცა ვნებათა თავზე დაკიდებულმა სამართლის ხმალმა ეს ვერ მოახერხა?

 ***

რელიგიისა და ეროვნული აღზრდის აღრევა ყველაზე ნაკლებად უნდა დავუშვათ. ყოველთვის გვახსოვდეს, ჩვენი მიზანი თავისუფალი ადამიანების ფორმირებაა და არა საცოდავი ღვთის მონებისა.

***

როგორ მოხდა ისე, რომ, − თქვენ აგრძელებთ, − განსჯის უნარის მქონე ხალხი შეაგონეს, ყველაზე გაუგებარი რამ მათთვის უსაკუთრესად მიეჩნიათ? ამას მათში უჩვეულო შიშის გამოწვევით მიაღწიეს. როცა ადამიანს ეშინია, ის გონივრულად განსჯას წყვეტს. ხალხი აიძულეს გონებაზე ხელი აეღო, ჭკუაშერყეული კაცი კი არაფერს იკვლევს და ყველაფერს იჯერებს. შიში და უვიცობა, − ხელახლა მიიპყრობთ მათ ყურადღებას, − აი, რელიგიის ორი, მთავარი ბურჯი. გაურკვევლობა, რომელშიც ადამიანი ღმერთთან მიმართებით იმყოფება, რელიგიაზე მიჯაჭვის მოტივს წარმოადგენს. ადამიანს სიბნელეში შიში უჩნდება, და ამას ფიზიკურადაც და მორალურადაც განიცდის. შიშს როცა ეჩვევა, შემდეგ მოთხოვნილებაში გადასდის: მაშინაც, როცა სანუგეშო ან საშიში არაფერი სჭირს, ის მაინც უკმარისობას განიცდის.

***

მკვლელობით ბუნების ხელყოფა გამორიცხულია. მაგრამ არის თუ არა ის პოლიტიკური დანაშაული? პირიქით, უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი უდიდესი ძრავაა პოლიტიკისა, სამწუხაროდ. მკვლელობებმა არ აქციეს რომი მსოფლიოს ბატონ-პატრონად? მკვლელობებით არ გათავისუფლდა საფრანგეთი? ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ აქ ჩვენ ვსაუბრობთ ომის შედეგად გამოწვეულ მკვლელობებზე და არა საზოგადოების ამრევთა და შფოთის მთესავთა დანაშაულებზე, რომლებიც მხოლოდ შეჩვენებულ იქნებიან ხალხისაგან და იმისთვის მოიგონებენ, რომ წარსულის საშინელება ზარავდეთ. პოლიტიკასავით, რომელ ხელოვნებას სჭირდება მკვლელობა თავის დასაყრდენად; რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება და ერთ ხალხს მეორის ჩასანთქავად აღაზევებს? რა კვებავს და აძლიერებს ხალხს ომებზე მეტად, რომლებსაც სწორედ ბარბაროსული პოლიტიკა აჩაღებს? ხოლო, რა არის ომი, თუ არა განადგურების ხელოვნება? რას მივაწეროთ ადამიანის სიბრმავე, რომელიც სარკის წინ სწავლობს როგორ მოკლას, ხოლო აჯილდოებს ამ საქმეში საუკეთესოს, იმათ კი სჯის, ვინც გარკვეულ მიზეზთა გამო მტერს დაუზავდება? ნუთუ, არ დადგა დრო ამ ბარბაროსულ ნიღაბს თვალი გავუსწოროთ?

ფრანგულიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენი

No comments:

Post a Comment