➖ „შუაღამის
შვილების“ გამოცემასთან დაკავშირებით, ამერიკაში მომიწია გამგზავრება, სადაც ცნობილმა
ფოტოხელოვანმა, ჯილ კრემენცმა რამდენიმე ფოტო გადამიღო და მისი ქმარი, კურტ ვონეგუტიც
გამაცნო.
მერე, უქმეებზე, თავიანთ სახლშიც დამპატიჟეს ლონგ-აილენდზე.
„მართლა მწერლობას აპირებთ“ - სრულიად მოულოდნელად მკითხა ვონეგუტმა, როცა მზისგულზე ვისხედით და ლუდს შევექცეოდით.
დადებითი პასუხი რომ მიიღო, „სასაკლაო #5“-ის ავტორმა მითხრა:
„მაშინ წინდაწინვე იყავით მზად: დადგება დღე, როცა დასაწერი აღარაფერი გექნებათ, მაგრამ წერა მაინც მოგიწევთ“.
***
➖ ჩვეულებრივი სიბრმავის გარდა, ადამიანებს ნებაყოფლობითი დაბრმავება ახასიათებთ; ისე უჭირავთ თავი, თითქოს ამქვეყნად არსებობდეს რაღაც ისეთი, რასაც სამართლიანს, ჩვეულებრივს ან ნორმალურს უწოდებდი. ნებაყოფლობით, საგულდაგულოდ იკეტებიან ამ საყოველთაოდ გავრცელებულ გამონაგონში და სირაქლემას ემსგავსებიან, შეგნებულად გაურბიან სინამდვილეს.
როცა საკუთარი ბინის კარს შეიკეტავს, ადამიანი კერძო, ოჯახური ცხოვრების შეუვალ სივრცეში იმალება და იქიდან პასუხობს ცნობისმოყვარე უცხოთა შეკითხვებს: ყველაფერი თავისი გზით მიდის, სათქმელიც ბევრი არაფერია და საერთოდ, ყველაფერი ჩვეულებრივადააო.
არადა, გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ძნელად თუ მოინახება ისეთი კარი, რომლის მიღმაც სრული სიმშვიდე სუფევს. მეტწილად, იქ ჯოჯოხეთი ტრიალებს, მამები ლოთობენ, დედები იწყევლებიან, და-ძმა ერთმანეთს ცხვირს უბზუებს, დეიდა-მამიდები ჭკუიდან გადადიან, მოხუცები თვალსა და ხელს შუა, ნაწილ-ნაწილ იშლებიან...
გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, ოჯახი ის მყარი საძირკველი კი არაა, რომელსაც საზოგადოება ეყრდნობა, არამედ ქაოტური, ბნელი წყარო იმ ყველაფრისა, რაც მთელი ცხოვრება გვტანჯავს და გვსრესს. ოჯახი ნორმალური კი არა, სიურრეალისტური წარმონაქმნია - არა ერთფეროვანი, არამედ მოვლენებით გაძეძგილი სივრცე; არა ჩვეულებრივი, არამედ ყველა - თავისთავად განუმეორებელი.
***
➖ თუ კაცს ერთხელ დასწამეთ ცილი, ეგებ არც არავინ დაგიჯეროთ, მაგრამ ტყუილი დაუღალავად იმეორეთ და ახლა უკვე ი კაცის ნათქვამ არცერთ სიტყვას აღარ მიიჩნევენ სიმართლედ.
***
➖ „იორკშირის ქალაქ ბრედფორდში „ეშმაკეული აიები“ საჯაროდ, ყველას დასანახად იწვოდა...
აი ამან კი მართლა გააბრაზა.
„მართლაც რა მყიფეა ეს ჩვენი ცივილიზაცია!“, - წერდა ცოტა ხნის შემდეგ გაზეთ The Observer-ში, - „რა იოლად, რა ხალისიანად იწვის წიგნი!“
***
➖ ტონი ჰარისონმა BBC-ისთვის გადაიღო ფილმი-პოემა „მკრეხელთა ნადიმი“, სადაც თავად მონაწილეობს - ბრედფორდის რესტორანში ვოლტერთან, მოლიერთან, ომარ ხაიამთან და ბაირონთან ერთად უზის მაგიდას. ამ სცენაში ერთი სკამი ცარიელია და ზედ აწერია: „სალმან რუშდი“.
მაგიდასთან მსხდომნი იმაზე საუბრობენ, რომ მკრეხელობა დასავლური კულტურის ერთი ქვაკუთხედთაგანია; სოკრატეც, იესო ქრისტეცა და გალილეიც სწორედ მკრეხელობისთვის გაასამართლეს. არადა, რამდენს უნდა უმადლოდეს მათ ფილოსოფია, ქრისტიანობა და მეცნიერება!
ერთხელ ჰარისონმა დამირეკა და მითხრა: „იმ სკამს დღემდე ვინახავ, თქვენ ოღონდ ის მითხარით, სად და როდის მოგაწოდოთ...“.
***
➖ როცა კოცონზე კუდიანების დაწვა დაიწყეს, უფრო ადვილი მათი დადანაშაულება აღმოჩნდა, ვიდრე - განაჩენის სამართლიანობაზე დაფიქრება. როცა ახლომდებარე სოფლების ეზო-შუკებში გაზის კამერებიდან წამოსული სუნი დატრიალდა და ციდან შავმა თოვლმა იწყო ცვენა, უფრო ადვილი იყო, ვერაფერი გაგეგო, ვერაფერს მიმხვდარიყავი. ჩინეთის მოქალაქეთა უმეტესობამ ვერ გაიგო, რას შეეწირნენ ტიანანმენის მოედნის გმირები - ამ დანაშაულის ჩამდენებმა მომხდარის შეფასების ყირაზე დაყენებაზეც იზრუნეს.
როცა მუსლიმური სამყაროს ქვეყნებში ხელისუფლებას დიქტატორები ეპატრონებოდნენ, ბევრი მზად იყო, ეს რეჟიმები ავთენტურად მოენათლა, ხოლო ოპოზიცია - დასავლეთიდან მართულ უფესვებო, მტრულ ძალად.
როცა ერთმა პაკისტანელმა პოლიტიკოსმა სიწმინდეთა შელახვის მცდარი ბრალდებით დაკავებული ქალის დაცვა იკისრა, ის პირადმა დაცვამ მოკლა და მკვლელს მთელმა ქვეყანამ ტაში დაუკრა, სულ ვარდის ფურცლები უფინა სასამართლოს შენობისაკენ მიმავალს! ეს პირქუში სიახლეები, მეტწილად, ტოტალიტარულ იდეოლოგიას, შეუზღუდავ მმართველს, ეჭვშეუტანელ დოგმასა თუ ღვთის განდიდებას უკავშირდებოდა.
***
➖ ყველას უნდა გვქონდეს საშუალება, ნებისმიერ დიდ ნაწარმოებზე ვიკამათოთ, თუნდაც ვიმასხარაოთ, მოვითხოვოთ მათი ახლებური წაკითხვა ცვალებადი დროის შესაბამისად. არ უნდა გვეკრძალებოდეს, ჩვენი სურვილისდა მიხედვით, მოვიხსენიოთ ისინი გვინდა - მოწიწებით, გვინდა - აგდებულად, გვინდა აღტაცებით და გვინდა - დაცინვით. ესაა ჩვენი, როგორც ღია საზოგადოების წევრთა უფლება.
არსებითად, ჩვენი კულტურის, ისტორიის ხელახლა მოყოლისა თუ შექმნის უნარია იმის უტყუარი მაჩვენებელი, რამდენად თავისუფალია ჩვენი საზოგადოებები. დიად მონათხრობზე აზრთა შეხლა-შემოხლა თავისუფალ საზოგადოებაში არასოდეს მთავრდება, რადგან მთავარი ფასი და ღირებულება სწორედ აზრთა ამგვარ შეხლა-შემოხლას აქვს; სწორედ აზრის დაუბრკოლებლად გაზიარებაა თავისუფლება.
რაც შეეხება ჩაკეტილ საზოგადოებებს, იქ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ძალაუფლების მქონენი მუდამ ცდილობენ, ამგვარი კამათი არ დაუშვან: „ჩვენ თავადვე მოგიყვებით ყველაფერს“, - ამბობენ ისინი, - „და აგიხსნით კიდეც, რა რას ნიშნავს! გასწავლით, როგორ მოჰყვეთ ამბავს - სწორედ ჩვენებურად, რადგან სხვაგვარად არ ეგების. ხოლო თუ ჩვენებურად მოყოლილი არ მოგწონთ, ესე იგი, ან სახელმწიფოს მტრები ხართ, ან სჯულს განდგომილნი. თქვენ არანაირი უფლებები არ გაგაჩნიათ და იცოდეთ, როცა ჩვენს სამსჯავროზე წარსდგებით, მაშინ გაიგებთ, რა ფასი აქვს თქვენს განდგომას“.
ადამიანს კი - ამბის მთხრობელ ცხოველს - თავისუფლება სჭირდება, რათა გული ამოიბერტყოს!
***
➖ პარიზში, ლუვრის ოქროთი, ფრესკებითა და მწერლებით გაძეძგილ დარბაზში, კულტურის
აკადემიის თავყრილობაზე გამოვედი სიტყვით. დარბაზში, ბევრ სხვა ცნობილ მწერალთან ერთად,
უმბერტო ეკოც გამოჩნდა. სწორედ იმხანად მის რომანზე, „ფუკოს ქანქარაზე“ დავწერე გამანადგურებელი
რეცენზია. მსგავსი დაუნდობლობა არცერთი სხვა წიგნის მიმართ არ გამომივლენია მანამდე.
გამიკვირდა კიდეც, რა პირგაბადრული გამოენთო ჩემკენ ეკო და რა გულითადად გადამეხვია:
„რუშდი-ი! მე ის ეკო ვარ, საკუთარი ნაბოდვარი რომ გადამაქვს ქაღალდზე!“
იმ წუთიდან ჩვენ შორის გადასარევი ურთიერთობა დამყარდა (მოგვიანებით, როცა მარიო ვარგას ლიოსაც შევიამხანაგეთ, ლიტერატურული ტრიოს მსგავსიც კი ჩამოვაყალიბეთ, რასაც ეკომ „სამი მუშკეტერი“ შეარქვა - ეგ იმიტომ, ჯერ რომ ვიჩხუბეთ და მერე დავმეგობრდითო...).
ლიოსა რუსის მეტისმეტ მემარცხენეობას ედავებოდა, ეკო წრეგადასულ მემარჯვენეობას უკიჟინებდა მარიოს, სალმანი წერის მანერას უწუნებდა ეკოს, მაგრამ ერთად თუ მოიყრიდნენ თავს, იფიქრებდი, ერთმანეთზე ახლობელი არც არავინ ჰყავთო.
***
➖ უოლდენის ტბორის სანახავად წავედით, იმ ადგილას, სადაც თოროს ქოხი იდგა... ისე, ჩვენში დარჩეს და, ეს თავშესაფარი იმდენად ახლო იყო ქალაქთან, სურვილის შემთხვევაში, თოროს სულ იოლად შეეძლო ლუდის მოსამარაგებლად ფეხითაც ჩაესეირნა იქამდე. მოკლედ, ვერაფერი „უღრანში განმარტოება“ გამოდიოდა...
***
➖ ერთ საღამოს, მეხიკოში, კარლოს ფუენტესმა მითხრა: „უცნაურია, როგორ მოხდა, რომ შენ და გაბრიელ გარსია მარკესი არასოდეს შეხვედრიხართ ერთმანეთს! სამწუხაროდ, ახლა კუბაშია, თუმცა სატელეფონო საუბარს მაინც მოგიხერხებ“.
რამდენიმე წუთში მართლაც დამირეკა „გაბომ“ და მითხრა, ინგლისურად ვერ ვლაპარაკობო. არადა, მშვენივრად ესმოდა ყველაფერი. თავად სასაუბრო ესპანურთანაც კი მწყრალად გახლდით, მაგრამ თუკი მოსაუბრე ნელა ილაპარაკებდა და ჟარგონსაც მოერიდებოდა, მაშინ ნათქვამის აზრი ეგებ გამეგო კიდეც. მოკლედ, ერთადერთ შეხების წერტილად ფრანგული დაგვრჩა და შევეცადეთ, ამით გვესარგებლა. ოღონდ გაბო ხშირად იშველიებდა ესპანურს, მე კი ინგლისურს.
ამის მიუხედავად, მახსოვრობაში შემორჩენილ ფოტოზე საერთოდ არ მოჩანს ამ ენობრივი სირთულეების კვალი - უბრალოდ, ვსაუბრობდით, თბილად, ალალად, დაუძაბავად. წიგნებსა და მათი წარმომშობი სამყაროების თაობაზე ერთმანეთს მოსაზრებებს ვუზიარებდით.
ლათინურამერიკული ყოფის უმ უამრავ გამოვლინებაზე ჩამოაგდო სიტყვა, რასაც ძალიან ბევრი ჰქონდა საერთო სამხრეთაზიურ სინამდვილესთან; ორივე სამყარო ხანგრძლივი კოლონიალური წარსულიდან მოდიოდა, ორივეში ცოცხლობდა და ხშირად მძიმედაც თრგუნავდა ადამიანს რელიგია; ორივეგან ძალაუფლებისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს სამხედრო, თუ სამოქალაქო ლიდერები; ორივეგან თვალსაჩინოდ მოჩანდა სიმდიდრისა და სიღარიბის უკიდურესობანი, სადღაც შუაში კი წრეგადასული აღებ-მიცემობა ბატონობდა.
ალბათ ამიტომაც ჰყავს ლათინურამერიკულ ლიტერატურას ამდენი მკითხველი აღმოსავლეთში, ვუთხარი მარკესს, მან კი, თავის მხრივ, მომიგო - ჩვენებურების ხელწერაზე იმთავითვე დიდად იმოქმედა სწორედ აღმოსავლურმა ჯადოსნურმა ზღაპრებმაო.
ბოლოს კი მარკესმა ისეთი რამ მითხრა, რაც მანამდე და მერეც უდიდეს კომპლიმენტად დარჩა ჩემთვის: „არაესპანურენოვან მწერალთაგან, ვცდილობ, ორს მაინც მუდმივად მივადევნო თვალი: ჯონ მაქსველ კუტზეეს და თქვენ“.
ყურმილი დავდე და მაშინღა გავიაზრე, რომ მარკესს სიტყვაც არ დაეძრა არც ფათვისა და არც ჩემს იმჟამინდელ ცხოვრებაზე. უბრალოდ, მელაპარაკა, როგორც მწერალი მწერალს - მხოლოდ წიგნებზე, რაც, თავისთავად, ასევე დიდ დაფასებად ჩავუთვალე.
ინგლისურიდან თარგმნეს გია ჭუმბურიძემ და ზაზა ჭილაძემ | გამომცემლობა „დიოგენე“
No comments:
Post a Comment