ჰენრი კისინჯერი - მსოფლიო წესრიგი

მსოფლიო წესრიგის ძიებაში
 
1961 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერმა, კანზასში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტ ჰარი . ტრუმენის გამონათქვამი დავიმოწმე. კერძოდ, კითხვაზე, ყველაზე მეტად რა გეამაყებათ თქვენი, როგორც პრეზიდენტის მოღვაწეობიდანო, მან უპასუხა: ის, რომ მტრები საბოლოოდ დავამარცხეთ და შემდეგ თანასწორუფლებიან წევრებად მივიღეთ ხალხთა თანამეგობრობაში. ვფიქრობ, მხოლოდ ამერიკას შეუძლია ამის გაკეთება. ტრუმენს გაცნობიერებული ჰქონდა ამერიკის უზარმაზარი ძალაუფლება, მაგრამ უპირველესად ამაყობდა აშშ- ჰუმანური და დემოკრატიული ღირებულებებით. სურდა, კაცობრიობას, ამერიკის გამარჯვებებზე მეტად, მის მიერ შერიგებისთვის გადადგმული ნაბიჯები დამახსოვრებოდა.
 
ტრუმენის შემდეგ ყველა პრეზიდენტმა გაითავისა ეს ამა თუ იმ ფორმით, სიამაყით იმოწმებდნენ ამერიკის ისტორიიდან მსგავს მაგალითებს. ხოლო დროის ამ მონაკვეთის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, ხალხთა თანამეგობრობა, რომლის შენარჩუნებისთვისაც იღვწოდნენ ეს პრეზიდენტები, ამ ამერიკულ კონსენსუსს ასახავდასახელმწიფოების მუდამ მზარდი, კოოპერაციული წესრიგი, რომელიც იცავს საყოველთაო წესებსა და ნორმებს, გამორჩეულია ეკონომიკის ლიბერალური სისტემით, გმობს სხვისი ტერიტორიების დაპყრობას, პატივს სცემს ეროვნულ სუვერენიტეტს და ემხრობა მართვის პარტიციპატორულ და დემოკრატიულ სისტემებს. ორივე პარტიის წარმომადგენელი ამერიკელი პრეზიდენტები დაუღალავად და ხშირად ძალზე დაჟინებით მოითხოვენ სხვა სახელმწიფოებისგან ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემას. სწორედ ამ მოთხოვნას შეაქვს დიდი წვლილი ადამიანების ცხოვრების პირობების ძირფესვიან ცვლილებაში.
 
მაგრამ დღესდღეობით ეს წესებზე დაფუძნებული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშეა. სხვა ქვეყნების მიმართ სულ უფრო ხშირად გამოთქმული მოწოდება, სათანადო წვლილი შეიტანონ, 21- საუკუნის წესები დაიცვან ან ერთიანი სისტემის ფარგლებში მოიქცნენ, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორები, ცხადყოფს, რომ არ არსებობს სისტემის საერთო დეფინიცია და არც იმის საერთო აღქმა, მაინც რას შეიძლება ეწოდოს სათანადო წვლილი. დასავლური სამყაროს მიღმა, დღეს ამ წესებს ის სახელმწიფოები და რეგიონები აყენებენ ეჭვქვეშ, რომელთა როლიც უმნიშვნელოა მათ თავდაპირველ ჩამოყალიბებაში. ისინი არ მალავენ, რომ ამ წესების მოდიფიცირებას ესწრაფვიან. მით უმეტეს, დღეს, როდესაც უფრო ხშირად ვიმოწმებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ვიდრე ყველა სხვა ეპოქაში; და ეს თანამეგობრობა არ გვთავაზობს მკაფიო სურათს, მტკიცედ შეთანხმებულ მიზნებს, მეთოდებსა თუ საზღვრებს.
 
ჩვენი დრო დაჟინებით და სასოწარკვეთილი ეძებს მსოფლიო წესრიგის კონცეფციას. ქაოსი გვემუქრება და მაინც და ამავდროულად აქამდე არარსებული ურთიერთდამოკიდებულების მომსწრენი ვართ: მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, სახელმწიფოების ჩამოშლა, გარემოს დაზიანების შედეგები, განმეორებითი გენოციდები, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება ხელს უწყობს კონფლიქტების ისეთ გამწვავებას, რომ შეუძლებელია მათი შედეგების განჭვრეტა, შესაბამისად, გართულებულია ამ ყოველივეს გაკონტროლება. ინფორმაციებზე წვდომისა და გავრცელების ახალი მეთოდები დღეს ისე აკავშირებს ერთმანეთთან და ისე აერთიანებს მსოფლიოს რეგიონებს, როგორც არასდროს, და ნებისმიერი მოვლენა გლობალურ განზომილებაში გადაჰყავს. ოღონდ ეს ისეთი ფორმით ხდება, რომ აღარ რჩება განსჯის დრო. პოლიტიკური ლიდერი იძულებულია, დაუყონებლივ გაამჟღავნოს თავისი რეაქცია, რაც შეიძლება მარტივად და იოლად დასამახსოვრებლად. ხომ არ ვდგავართ საბედისწერო დროის პირისპირ, სადაც მომავალს განსაზღვრავენ ის ძალები, არანაირ წესრიგს რომ აღარ დაემქვემდებარებიან?
 
მსოფლიო წესრიგის ვარიანტები
 
ჭეშმარიტად გლობალური მსოფლიო წესრიგი დედამიწაზე არასოდეს არსებულა. რაც ჩვენს დროში წესრიგად მიიჩნევა, თითქმის ოთხი საუკუნის წინათ შეიქმნა დასავლეთ ევროპაში, გერმანიის რეგიონისვესტფალიისსამშვიდობო კონფერენციაზე. ვესტფალიის კონფერენცია არათუ მთელ კონტინენტთა თუ ცივილიზაციათა უმეტესობის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა, არამედ მათ არც კი იცოდნენ მის შესახებ. კონფერენციას უძღოდა ცენტრალურ ევროპაში რელიგიური კონფლიქტებისა და პოლიტიკური გარდაქმნების საუკუნე, რომლის კულმინაციასაც წარმოადგენდა ოცდაათწლიანი ომი (1618-1648) – ეს იყო ფართომასშტაბიანი ხანძარი, რომელმაც აღრია პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირება, სადაც დაპირისპირებული მხარეები ტოტალურ ომს აწარმოებდნენ მოსახლეობის წინააღმდეგ და რომლის დროსაც ცენტრალური ევროპის მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი ომის, ავადმყოფობისა და შიმშილის გამო დაიხოცა. კონფლიქტის ძალაგამოცლილი მხარეები, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე, რომელსაც უნდა აღეკვეთა შემდგომი სისხლისღვრა. რელიგიური ერთიანობა შეარყია პროტესტანტიზმის გადარჩენამ და კიდევ უფრო გავრცელებამ. პოლიტიკური მრავალფეროვნება უკვე არსებობდა ავტონომიური პოლიტიკური ერთეულების მარტივი ფორმით: მათ დიდხანს იბრძოლეს ერთმანეთის წინააღმდეგ, სანამ პატის სიტუაციას არ მიაღწიეს. ამგვარად, ევროპამ ჯერ კიდევ მაშინ გამოავლინა დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი: არსებობს მრავალი პოლიტიკური ერთეული, რომელთაგან არცერთი არ არის ისეთი ძლიერი, რომ დაამარცხოს დანარჩენები, ისინი ნაწილობრივ ურთიერთსაწინააღმდეგო ფილოსოფიის მიმდევრები არიან, განსხვავებული მმართველობითი სისტემებით, ახლა კი ერთად ეძებენ მოქმედებისა და კონფლიქტების მოგვარების ნეიტრალურ წესებს.
 
ვესტფალიის ზავი განასახიერებდა რეალობაზე პრაგმატული მორგების და არა განსაკუთრებული მორალური თანხმობის მაგალითს. იგი ეყრდნობოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების სისტემას, რომელსაც გადაეწყვიტა, არ ჩარეულიყო სხვის საშინაო საქმეებში და რომელიც ცდილობდა ცალკეული სახელმწიფოს სწრაფვები ძალთა საერთო თანაფარდობით გაეკონტროლებინა. ევროპულ კონფლიქტებში ვერ განმტკიცდა ერთადერთი სიმართლის მატარებლისა და უნივერსალური ბატონობის პრეტენზია. პირიქით, ყველა სახელმწიფოს მიენიჭა სუვერენიტეტისა და საკუთარი ტერიტორიის ატრიბუტი. თითოეული სახელმწიფო აღიარებდა მეორე სახელმწიფოს შიდა სტრუქტურებს და რელიგიურ მრწამსს როგორც რეალობას და თავს იკავებდა მათი არსებობის ეჭვქვეშ დაყენებისგან. ახლა ძალთა ბალანსი ბუნებრივად და სასურველად მიიჩნეოდა; მმართველთა მიზანსწრაფულობაც გაწონასწორდა და თეორიულად მაინც შემოისაზღვრა კონფლიქტების გავრცელების არეალი. დაყოფა და მრავალფეროვნებაევროპის ისტორიის უნებური შედეგიიქცა მახასიათებლად საერთაშორისო წესრიგის ახალი სისტემისა, რომელიც საკუთარი, მკაფიო ფილოსოფიური პერსპექტივით გამოირჩა. ამ სულისკვეთების გათვალისწინებით, მაშინდელმა მონდომებამ, დამთავრებულიყო ევროპის ყოვლისმომცველი ომი, თანამედროვე განწყობის კონტურები მოხაზა: აბსოლუტური მსოფლმხედველობის თეორიამ ადგილი დაუთმო პრაგმატულ და ეკუმენურ მსოფლმხედველობას, გაჩნდა, არსებული მრავალფეროვნების გათვალისწინებით და ამავდროულად, ერთმანეთის საქმეში ჩაურევლად, წესრიგის მიღწევის სურვილი.
 
მე-17 საუკუნეში ვესტფალიის ზავის მომლაპარაკებლები, რასაკვირველია, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ გლობალურ სისტემას უყრიდნენ საფუძველს. ამდენად, მათ არ უცდიათ, მეზობელი რუსეთი ჩაერთოთ მოლაპარაკებებში. რუსეთს ესეს იყო საკუთარი უბედურება გადაეტანა, . . არეულობის ხანა და საკუთარი შიდა წესრიგის ახლებურად განმტკიცებას ცდილობდა. ამ პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე პრინციპი, რომელიც ვესტფალიური წონასწორობის მკვეთრად საპირისპირო იყო: ერთი, აბსოლუტური მმართველი, ერთიანი ორთოდოქსული სივრცე და ყველა მიმართულებით ტერიტორიული ექსპანსიის პროგრამა. ძალაუფლების სხვა მნიშვნელოვანი ცენტრებიც მიიჩნევდნენ ვესტფალიის მშვიდობას თავიანთი რეგიონებისთვის არარელევანტურად (თუკი საერთოდ იცოდნენ მისი არსებობის შესახებ.).
 
მსოფლიო წესრიგის იდეა მაშინ იმ გეოგრაფიულ სივრცეს გულისხმობდა, რომელიც თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწეებისთვის იყო ცნობილიდა ეს მიდგომა სხვა რეგიონებშიც მეორდებოდა. მთავარი მიზეზი იმ მოცემულობაში უნდა ვეძებოთ, რომ მაშინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდა ერთი გლობალური სისტემის შექმნისა და განვითარების საშუალებას. რადგან არ არსებობდა არც განგრძობადი ინტერაქციის ინსტრუმენტები და არც შედარების მეთოდი რეგიონების ძალაუფლებების ხარისხის შესაფასებლად; ყველა რეგიონი საკუთარ შიდა წესრიგს მიიჩნევდა როგორც ერთადერთ შესაძლოს და სხვა ხალხებს უწოდებდაბარბაროსებს“, რომლებიც იმართებოდნენ მათ მიერ დამყარებული წესრიგისთვის გაუგებრად და მათი მიზნებისთვის ირელევანტურად, ან აღიქმებოდნენ საფრთხედაც კი. თითოეული წესრიგი თავს მიიჩნევდა სამაგალითოდ კაცობრიობის ლეგიტიმური მოწყობისთვის და უშუალო გარემოცვაზე ძალაუფლების მოპოვებასთან ერთად, სამყაროს მოწესრიგებასაც ცდილობდა.
 
ევრაზიის კონტინენტის მეორე ბოლოში ჩინეთი წარმოადგენდა საკუთარი იერარქიული და თეორიულად უნივერსალური წესრიგის კონცეფციის ცენტრს. ეს იყო სისტემა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მუშაობდაიგი არსებობდა მანამ, სანამ რომის იმპერია ევროპას მთლიანად დაიპყრობდა. ჩინური წესრიგის კონცეფცია ემყარებოდა არა სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის იდეას, არამედ მოსაზრებას, რომ იმპერატორის გავლენა უსაზღვროა. ეს კონცეფცია არ გულისხმობდა სუვერენიტეტს ევროპული გაგებით, რადგან იმპერატორიცისქვეშეთშიყველაფერზე ბატონობდა. იგი იდგა პოლიტიკური და კულტურული იერარქიის მწვერვალზე, იყო ერთადერთი, განუმეორებელი და უნივერსალური და მისი ძალაუფლების სხივები სამყაროს ცენტრიდან – საიმპერატორო ქალაქ პეკინიდან მთელ დანარჩენ კაცობრიობას ეფინებოდა. ჩინეთის გარშემო მცხოვრები კაცობრიობა ბარბაროსობის სხვადასხვა საფეხურზე მდგომად იყოფოდა იმის მიხედვით, რამდენად ფლობდნენ ჩინურ დამწერლობას და ჩინეთის კულტურულ ინსტიტუციებს (კოსმოგრაფია, რომელიც თანამედროვე პერიოდამდე შენარჩუნდა). ამგვარი თვალთახედვით, ჩინეთს მსოფლიო უპირველესად შემდეგი გზით უნდა მოეწესრიგებინა: მას სხვა საზოგადოებები უნდა განეცვიფრებინა თავისი დიდებული კულტურული მიღწევებით და ეკონომიკური სიმდიდრით და ჩაერთო ისინი ისეთ ურთიერთობებში, რომლითაც „ცისქვეშეთში ჰარმონიას“ დაამყარებდა.
 
ევროპასა და ჩინეთს შორის გადაჭიმული ტერიტორიის დიდ ნაწილზე ბატონობდა ისლამური მსოფლიო წესრიგის განსხვავებული კონცეფცია, რომლის მიხედვით არსებობს ერთადერთი, ღმერთისგან სანქცირებული, მსოფლიოს გამაერთიანებელი და საყოველთაო მშვიდობის დამამყარებელი მბრძანებელი. მე-7 საუკუნეში ისლამმა რელიგიური აღფრთოვანების და იმპერიული ექსპანსიის უმაგალითო გავრცელების ტალღა წარმოშვა და სამ კონტინენტს მოედო. მას შემდეგ, რაც ისლამმა არაბული სამყარო გააერთიანა, რომის იმპერიის ნაშთები გადაიბარა და სპარსეთის იმპერია დაიპყრო, იგი მთელ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიის დიდ ნაწილებსა და ევროპის ერთ ნაწილშიც კი გაბატონდა. უნივერსალური წესრიგის ამ ვერსიის თანახმად, ისლამი უნდა გავრცელებულიყო „ომის მთელ სამფლობელოში“, როგორც უწოდებდნენ უმეცართა მიერ დასახლებულ რეგიონებს, სანამ, ბოლოს და ბოლოს, მთელ მსოფლიოს არ აქცევდა ერთიან, წინასწარმეტყველ მუჰამედის გზავნილის გამზიარებელ ჰარმონიულ სისტემად. იმ დროს, როდესაც ევროპა თავის მრავალსახელმწიფოიან წესრიგს ადგენდა, თურქეთის მიწაზე აღმოცენდა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც ისლამის პრეტენზიას, ყოფილიყო ერთადერთი ლეგიტიმური მბრძანებელი, ახალი სიცოცხლე შთაბერა და მისი ბატონობა არაბული სამყაროდან ხმელთაშუა ზღვის, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიებზეც გავრცელდა. ისლამს გაცნობიერებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ ევროპაში ის-ისაა ყალიბდებოდა სახელმწიფოთაშორისი წესრიგი; მაგრამ ისლამის პერსპექტივიდან ეს უკანასკნელი მოდელს კი არ წარმოადგენდა, არამედ შემდგომი განხეთქილების წყაროს, რომელიც ოსმალეთის დასავლეთისაკენ მიმართული ექსპანსიის მიზნებისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ეს ცხადი ხდება სულთან მეჰმედ მეორის („დამპყრობლის“) სიტყვებიდან, რომლითაც მან მიმართა იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებს, რომლებიც ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ახორციელებდნენ მულტიპოლარულობის საწყის ფორმას: „ოცი სახელმწიფო ხართ... ერთმანეთში ვერ მორიგებულხართ... სჯობს მსოფლიოში ერთი სამყარო, ერთი რწმენა და ერთი სამეფო არსებობდეს“.
 
ამასობაში, ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, „ახალ მსოფლიოში“ განსხვავებული მსოფლიო წესრიგის საფუძვლების შემუშავება დაიწყო. მანამ, სანამ მე-17 საუკუნის ევროპაში პოლიტიკური და რელიგიური კონფლიქტები მძვინვარებდა, პურიტანელმა ჩამოსახლებულებმა (კოლონისტებმა) გადაწყვიტეს, თავიანთი „უკაცრიელი ადგილის დაპყრობით“ განეხორციელებინათ ღვთიური გეგმა და გათავისუფლებულიყვნენ ბატონობის უკვე ჩამოყალიბებული (და მათი შეხედულებით გარყვნილი) ავტორიტარული სტრუქტურებისგან. ისინი ააგებდნენ „ქალაქს მთაზე“, როგორც განმარტა გუბერნატორმა ჯონ ვინთროპმა 1630 წელს, მასაჩუსეტსის დასახლებისკენ მიმავალ გემზე წარმოთქმულ ქადაგებაში; ეს დასახლება მსოფლიოს მარტივი, სამართლიანი პრინციპებით აღაფრთოვანებდა და მას დამაჯერებელი, ნათელი მაგალითით წარუძღვებოდა წინ. მსოფლიო წესრიგის ამერიკულ წარმოდგენაში მშვიდობა და წონასწორობა ბუნებრივად წარმოიშვებოდა და დაძლევდა ძველ მტრობას, თუ სხვა ერებსაც ისევე მიენიჭებოდა პრინციპული უფლება, უშუალოდ გადაეწყვიტათ მმართველობის სისტემა, როგორც ამერიკელები იყვნენ უფლებამინიჭებულნი თავიანთი სისტემის ჩამოყალიბებაში. საგარეო პოლიტიკის ამოცანა, შესაბამისად, არა იმდენად სპეციფიკური ამერიკული ინტერესების გატარებაში მდგომარეობდა, არამედ, უფრო მეტად, საერთო პრინციპების კულტივირებაში. დროთა განმავლობაში შეერთებული შტატები უნდა ქცეულიყო ევროპაში შექმნილი წესრიგის შეუცვლელ მცველად. მაგრამ სანამ შეერთებული შტატების მთელი ძალისხმევა ამ მიზნისკენ იყო მიმართული, თავი იჩინა ამბივალენტურობამ – რადგან ამერიკული ხედვა ძალთა ბალანსის ევროპული სისტემის გათავისებას კი არ ეფუძნებოდა, არამედ მშვიდობის მიღწევას დემოკრატიული პრინციპების გავრცელების გზით.
 
წესრიგის ყველა ამ კონცეფციიდან ამჯერად მხოლოდ ვესტფალიის მშვიდობის პრინციპებია იმის ერთადერთი აღიარებული საფუძველი, რაც მსოფლიო წესრიგის სახით არსებობს. ვესტფალიის სისტემა მთელ მსოფლიოში გავრცელდა როგორც ჩარჩო-პირობა ეროვნულ სახელმწიფოზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისა, რომელიც ბევრ განსხვავებულ ცივილიზაციასა და რეგიონს მოიცავს, რადგან ევროპის სახელმწიფოები თავიანთი ექსპანსიის დროს საერთაშორისო წესრიგის ამ ანაბეჭდს თავიანთ თავში ატარებდნენ. თუმცა, ევროპელებმა ბევრჯერ დაივიწყეს, სუვერენიტეტის კონცეფცია გადაეტანათ თავიანთ კოლონიებსა და კოლონიურ ხალხებზე. მაგრამ როდესაც ამ ხალხებმა დამოუკიდებლობა მოითხოვეს, საფუძვლად ვესტფალიის კონცეფციები მოიშველიეს. ეროვნული დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, ნაციონალური ინტერესებისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები აღმოჩნდა ეფექტური არგუმენტები თვით კოლონიური ძალების წინააღმდეგ, არა მხოლოდ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, არამედ შემდგომაც, როდესაც საქმე მიდგა ახალშექმნილი სახელმწიფოების შენარჩუნებასა და დაცვაზე.
 
დღევანდელი, აწ უკვე გლობალური ვესტფალიური სისტემა – რასაც არაოფიციალურ ენაზე მსოფლიო თანამეგობრობას ვუწოდებთ – მიზნად ისახავს მსოფლიოს ანარქისტული ხასიათი საერთაშორისო სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურების ვრცელი ქსელის საშუალებით მოაქციოს კალაპოტში. მან ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალ ვაჭრობასა და სტაბილურ საერთაშორისო ფინანსურ სისტემას, უნდა დაამკვიდროს საერთაშორისო სადავო საკითხების გადასაჭრელად საყოველთაოდ მისაღები პრინციპები და, თუკი ომამდე მივა საქმე, საზღვრები უნდა დაუწესოს ასეთ კონფლიქტებს. სახელმწიფოების ეს სისტემა დღეს ყველა კულტურასა და რელიგიას მოიცავს. მისი ინსტიტუციები ძალიან განსხვავებულ საზოგადოებებს სთავაზობენ ინტერაქციისთვის საჭირო ნეიტრალურ ჩარჩოს, რომელიც ამ საზოგადოებების ღირებულებებთან მიმართებით მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობით გამოირჩევა.
 
მაგრამ ვესტფალიური პრინციპები ყოველმხრივ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხანდახან თვით მსოფლიო წესრიგის სახელითაც კი. ევროპის დიდი ნაწილი ადგას სახელმწიფოების მისივე შექმნილი სისტემიდან გასვლის და ამ სისტემის კრებსითი სუვერენიტეტის კონცეფციით შეცვლის გზას. და მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ თავად გამოიგონა ძალთა ბალანსის კონცეფცია, ირონიულად ჟღერს, რომ შეგნებულად და თანმიმდევრულად ზღუდავს თავისი ახალი ინსტიტუციების ძალისმიერ ელემენტს. საკუთარი სამხედრო რესურსების შემცირების გამო, ევროპას რეაგირების სუსტი საშუალებები დარჩა უნივერსალური ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
 
ცენტრალურ აღმოსავლეთში ჯიჰადისტები სუნიტურ-შიიტური გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არყევენ ბევრი საზოგადოების ფუნდამენტს. მათ სახელმწიფოების ჩამოშლა მოახერხეს, რათა განეხორციელებინათ ისლამის ფუნდამენტალურ ვერსიაზე დამყარებული მსოფლიო რევოლუციის საკუთარი ხედვა. ამ შემთხვევაში თავად სახელმწიფო დგას საშიშროების წინაშე – ისევე, როგორც სახელმწიფოზე დაყრდნობილი რეგიონული სისტემა; მას უტევს იდეოლოგია, რომელიც არალეგიტიმურობის საბაბით უარყოფს ფუნქციონალურ იძულებას, აგრეთვე, ტერორისტული მილიციები, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მთავრობის შეიარაღებული ძალები.
 
აღსანიშნავია, რომ აზია წარმოადგენს გარკვეული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ რეგიონს, თუკი მასშტაბად სახელმწიფო სუვერენიტეტის კონცეფციის გატარებას განვიხილავთ. თუმცა, აზიაც ნოსტალგიით იხსენებს წესრიგის ალტერნატიულ კონცეფციებს და იქაც ღვივის ისეთივე პაექრობა და ისტორიული პრეტენზიები, რამაც ასი წლის წინათ ევროპის წესრიგი დაანგრია. თითქმის ყველა აზიურ სახელმწიფოს თავი „აღმასვლის გზაზე მყოფ ერად“ მიაჩნია და განსხვავებულ მოსაზრებას ხშირად ღია კონფრონტაციით პასუხობს.
 
შეერთებული შტატები ორ უკიდურესობას შორის მერყეობს: ერთი მხრივ, იცავს ვესტფალიურ სისტემას, მეორე მხრივ, ამსხვრევს ძალაუფლებათა წონასწორობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის ვესტფალიურ პრინციპს, რომელიც ამორალურად და დრომოჭმულად მიაჩნია. ხანდახან კი ორივე პოზიციას ერთდროულად იკავებს. აშშ დაჟინებით მოითხოვს მშვიდობიანი მსოფლიო წესრიგის შენების საკუთარი ღირებულებების საყოველთაო ვალიდურობას და პრეტენზია აქვს ამ ღირებულებათა გლობალურ დაცვაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც აშშ-მ სულ რაღაც ორი თაობის ხანგრძლივობის პერიოდში სამი ომიდან უკან დაიხია – ყოველი მათგანი დაიწყო იდეალისტური მოლოდინით და ფართო საჯარო მხარდაჭერით, მაგრამ ეროვნულ ტრავმად დამთავრდა – ამერიკას დიდ ძალისხმევად უჯდება თავის (ჯერ კიდევ უზარმაზარ) ძალაუფლებასა და საკუთარ პრინციპებს შორის ურთიერთობის განსაზღვრა.
 
ძალაუფლების ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მეტ-ნაკლებად ეყრდნობა ვესტფალიური წესრიგის პრინციპებს, მაგრამ არცერთი არ აღიქვამს თავს ამ სისტემის ბუნებრივ დამცველად. ყველა მათგანი გადის გარდაქმნის მნიშვნელოვან შიდა პროცესს. შეძლებენ ასეთი განსხვავებული კულტურის, ისტორიული გამოცდილების და წესრიგის შესახებ მემკვიდრეობით მიღებული შეხედულებების რეგიონები რომელიმე საერთო სისტემის ლეგიტიმურობის დაცვას?
 
მსგავსი ძალისხმევის წარმატებას განაპირობებს მიდგომა, რომელიც პატივს მიაგებს არა მხოლოდ ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას, არამედ თავისუფლებისადმი დაუოკებელ სწრაფვასაც. ამ გაგებით, წესრიგზე ზრუნვაა საჭირო, ხოლო მისი თავზე მოხვევა შეუძლებელია. განსაკუთრებით იმ დროში, რომელსაც ახასიათებს კომუნიკაციის სწრაფი ტემპი და რევოლუციური პოლიტიკური ცვლილებები. ნებისმიერი მსოფლიო წესრიგი, დროს რომ გაუძლოს, უნდა აღიქმებოდეს სამართლიანად და იმსახურებდეს საყოველთაო თანხმობას არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების, არამედ მისი მოქალაქეების მხრიდანაც. სისტემა უნდა განასახიერებდეს ორ სიმართლეს: წესრიგი თავისუფლების გარეშე, გინდაც მყისიერ აღფრთოვანებას აჩენდეს, საბოლოოდ, აუცილებლად იწვევს თავისსავე საპირისპიროს. თავისუფლება ვერ იარსებებს და ვერ შენარჩუნდება წესრიგის ჩარჩოს გარეშე, რომელმაც თავად მშვიდობა უნდა დაიცვას. წესრიგი და თავისუფლება, ეს ორი ცნება, რომლებიც ხანდახან გამოცდილების სპექტრის ორ წინააღმდეგობრივ პოლუსად მიიჩნევა, ურთიერთდამოკიდებულად უნდა განიხილებოდეს. შეძლებენ დღევანდელი ლიდერები, თავი დააღწიონ ყოველდღიური გადაუდებელი საქმეების რუტინას და იღვაწონ ამ ბალანსის მისაღწევად?
 
ლეგიტიმაცია და ძალაუფლება
 
ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, წესრიგის ცნების სამი კატეგორიაა გასათვალისწინებელი. ცნება „მსოფლიო წესრიგი“ ასახავს კონცეფციას, რომელიც რომელიმე რეგიონში ან ცივილიზაციაში არსებული სამართლიანი წესებისა და ძალაუფლების განაწილების თვალსაზრისით მიიჩნევა მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად. „საერთაშორისო წესრიგი“ გულისხმობს ამ კონცეფციების პრაქტიკულ გამოყენებას მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში, რათა გავლენა მოახდინოს ძალთა გლობალურ ბალანსზე. „რეგიონული წესრიგი“ ამავე პრინციპებს ეყრდნობა, მაგრამ მისი გავლენის სფერო გეოგრაფიულად შეზღუდულია.
 
წესრიგის ყველა ეს სისტემა ეფუძნება ორ კომპონენტს: საყოველთაოდ აღიარებული წესების ერთობას, რომელიც განსაზღვრავს დასაშვები მოქმედების საზღვრებს და ძალთა ბალანსს, რომელიც მხარეებს აიძულებს თავშეკავებას, როცა წესები აღარ მოქმედებს, რათა ამ წესრიგის ცალკეულ წევრს არ მიეცეს უფლება ყველა სხვა დანარჩენი დაჩაგროს. კონსენსუსი არსებული წესების ლეგიტიმაციაზე არ გამორიცხავს – არც დღეს და არც წარსულში – შეჯიბრებითობასა და დაპირისპირებას, მაგრამ შეუძლია უზრუნველყოს, შეჯიბრებითობა და დაპირისპირება მხოლოდ მაშინ განხორციელდეს, როცა საჭირო გახდება არსებული წესრიგის ახალ მოცემულობებზე მორგება და არა მისი ეჭვქვეშ დაყენება. ძალთა ბალანსი, როგორც ასეთი, ვერ უზრუნველყოფს მშვიდობას, მაგრამ თუკი გონივრულად ჩამოყალიბდება და დამკვიდრდება, შესაძლებელი გახდება ფუნდამენტური კონფლიქტებისა და მათი გავრცელების არეალის შემცირება და, თუ კონფლიქტი მაინც განვითარდა, ცალკეულ აქტორთა უპირატესობა-პრივილეგიას ნიადაგს გამოაცლის.
 
ვერცერთი წიგნი ვერ ამოწურავს საერთაშორისო წესრიგის ყველა ისტორიული საწყისის კვლევას ან ზედმიწევნით შესწავლას, რომლებიც მონაწილეობენ მსოფლიოს მოწყობაში. ამიტომაც ამ წიგნში იმ რეგიონებზეა გამახვილებული ყურადღება, რომელთა წესრიგის კონცეფციებმა უდიდესი გავლენა იქონიეს თანამედროვე ეპოქის განვითარებაზე.
 
ლეგიტიმაციასა და ძალაუფლებას შორის ბალანსი განსაკუთრებით კომპლექსურია; რაც უფრო მცირეა მისი განხორციელების გეოგრაფიული არეალი და რაც უფრო კოჰერენტულია ამ არეალის კულტურული ცნობიერება, მით უფრო იოლია ქმედითი კონსენსუსის პოვნა. მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში გლობალური წესრიგის მოთხოვნა დგას. მარტივი შეკრება ერთეულებისა, რომლებსაც არც ისტორია და არც ღირებულებები არ აკავშირებთ (გარდა გარკვეული დისტანციისა) და მეტწილად, უნარშეზღუდულად განსაზღვრავენ საკუთარ თავს, ალბათ კონფლიქტებს უფრო გამოიწვევს, ვიდრე – წესრიგს.
 
1971 წელს პეკინში პირველად ჩასვლისას, მტრული განწყობით აღბეჭდილი ურთიერთობების ორი ათწლეულის შემდეგ, უმთავრესად კონტაქტების დამყარება მსურდა. მაშინ აღვნიშნე, ჩინეთი ამერიკული დელეგაციისთვის „საიდუმლოებებით მოცული ქვეყანა“ არის-მეთქი. პრემიერ-მინისტრმა ზოუ ენლაიმ მიპასუხა: „თქვენ აღმოაჩენთ, რომ ჩინეთი საიდუმლოებით მოცული არ არის. თუ გაიცნობთ ამ ქვეყანას, საიდუმლოებით მოცული აღარ მოგეჩვენებათ“. შემდეგ დასძინა, რომ 900 მილიონ ჩინელს თავისი ქვეყანა სრულიად ჩვეულებრივად მიაჩნია. მსოფლიო წესრიგის ძიება ჩვენს დროში მოითხოვს, გავითვალისწინოთ იმ საზოგადოებების თვალსაზრისიც, რომელთა რეალობა განსხვავებული და საკუთარ თავში ჩაკეტილია. ყველა ხალხს ახასიათებს გარკვეული იდუმალება, რომელიც უნდა ამოიხსნას, მიუხედავად მათი განსხვავებული ისტორიული გამოცდილებისა და ღირებულებებისა, რომლებიც უნდა ჩამოყალიბდეს საერთო წესრიგად.
 
ინგლისურიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2020 წ.