თომას მანი | ჯადოსნური მთა

მოგზაურობაში გატარებული ორი დღე ადამიანს, მით უმეტეს, ცხოვრებაში ჯერ კიდევ ფესვმოუმაგრებელ ახალგაზრდას, საკმაოდ აშორებს თავის ყოველდღიურ სამყაროს; აშორებს ყოველივე იმას, რასაც იგი თავის მოვალეობას, ინტერესებს, საზრუნავსა და პერსპექტივებს ეძახდა; აშორებს იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე სადგურისაკენ დროშკით მიმავალი წარმოიდგენდა. მასა და მშობლიურ კერას შორის ბზრიალ-ტრიალით მსრბოლავი სივრცე საოცარ ძალას იჩენს, რასაც, ჩვეულებრივ, დრო-ჟამს მიაწერენ ხოლმე. ყოველ საა- თობით ახდენს იგი შინაგან ცვლილებებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან დრო-ჟამით გამოწვეულს, ოღონდ მას ერთგვარად აჭარბებენ კიდეც. სივრცეც დრო-ჟამის მსგავსად ბადებს დავიწყებას და ამას თავისებურად აღწევს. იგი ათავისუფლებს პიროვნებას ურთიერთობებისგან და შეუბორკავ, პირველყოფილ მდგომარეობაში აყენებს. დიახ, მას ძალუძს, პედანტები და ობივატელებიც კი ერთი ხელის დაკვრით აქციოს მაწანწალებად. დრო ლეთეაო, ამბობენ, მაგრამ შორეული კუთხის ჰაერიც ამავე ჯურის სასმელი გახლავთ. მართალია, იგი, შედარებით, ზერელედ გაჟღენთს ორგანიზმს, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო სწრაფად მოქმედებს.

რუსი ჩინოვნიკები გაუთლელი ხალხია. ერთხელ მინახავს მაგ წრის კაცი. რკინისფერი ბაკენბარდები ჰქონდა და წითელი სახე... დიდი მექრთამეები არიან, ვუტკისთვის, ესე იგი, არყისთვის ხომ სული ელევათ, ზრდილობის გულისთვის თუ მიატანენ რამეს, ერთ-ორ ცალ დამწნილებულ სოკოს ან ერთ ნაჭერ თართს და მერე უზომოდ ბევრს სვამენ. ჰოდა, ამას წასაუზმებას ეძახიან.

ქრისტიანობამ პირველმა წამოაყენა თანასწორობისა და ერთიანობის იდეა, ბეჭდვითმა სიტყვამ ამ იდეის გავრცელებას კარგად შეუწყო ხელი, ხოლო დიდმა ფრანგულმა სახელმწიფო გადატრიალებამ იგი კანონის სიმაღლემდე აიყვანა.

ჩვეულებრივი ამბავი არაჩვეულებრივი ხდება, როცა იგი არაჩვეულებრივი მიზეზებითაა გამოწვეული.

მოლოდინი კი წინ სწრაფვას ნიშნავს, ხოლო წინ სწრაფვისას დრო და აწმყო ჯილდოდ კი არა, დაბრკოლებად გეჩვენება, გინდა იგი გააუფასურო, უარყო და გონებაში როგორღაც გადაახტე კიდეც. ლოდინში დრო ჭიანურდებაო, ამბობენ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ლოდინში დრო მოკლდება კიდეც, რადგან დროის უზარმაზარ მასას ისე ნთქავს კაცი, რომ სრულად არ იყენებს და მისით არ სულდგმულობს. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ლოდინით მოსულდგმულე კაცი ღორმუცელას ჰგავს, რომლის საჭმლის მომნელებელი ორგანოები აუარებელ სანოვაგეს ნთქავენ, მაგრამ საჭმელს ვერც გემოს ატანენ და ვერც შეირგებენ. ეს შედარება შეიძლებოდა განგვევრცო და გვეთქვა: როგორც მოუნელებელი საკვები არ შეერგება კაცს, ისე ლოდინში გაფლანგული დროც ხანს არ მოუმატებს. თუმცა პრაქტიკულად არც არსებობს წმინდა და მინარევებისგან დაცლილი მოლოდინი.

იმაზე მწარე არაფერია, როცა ჩვენი ორგანული, ცხოველური საწყისი გონების სამსახურში გვიშლის ხელს.

წინასწარმეტყველებას, დაფიცებისა არ იყოს, უფრო იმ მიზნით წამოისვრიან, მართლა არ ახდესო. ასეთი ყაიდის წინასწარმეტყველებანი მომავალს აღიზიანებენ, რათა მას შერცხვეს და მართლა წინასწარმეტყველებისამებრ არ წარიმართოს.

თუკი სახელმწიფო ადამიანის გაკეთილშობილებისთვის იღვწის და არა ძალმომრეობისთვის, მას უფლება აღარა აქვს, ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხოს.

ადამიანი ისეთია, როგორიც თვითონ უნდა, რომ იყოს და ამ სურვილს კუბოს კარამდე ვერ დაეხსნება.

თუკი ყველაზე სანუკვარ სურვილს შეისრულებ, მაშინ სიკვდილი აღარ გაგიჭირდება.

იმ ადამიანის, იმ მამაკაცის სულში, რომელიც წლების მანძილზე ჰანს კასტორპივით ცხოვრობდა, რაღაც რომ გროვდება, ანუ, როგორც ჰანს კასტორპი-ინჟინერი იტყოდა, „აკუმულირდება. ერთ მშვენიერ დღეს კი ივსება მოთმინების ფიალა, აღარაფრად დაგიდევს გონიერებასა და სიფრთხილეს, ამოხეთქავს, გამომწვევად იქცევა და ისეთ ელემენტარულ ფრაზად ყალიბდება, როგორიცაა: „ოჰ, ერთი! ანდა: „მოხდეს, რაც მოსახდენია!

ადამიანი წრეებს ურტყამს, თავს იგვემავს, მტკიცედ სჯერა, წინ მივდივარო და ამ დროს ფართო-ფართო, უაზრო წრეებს კი ხაზავს, რომელიც წელიწადის მისტიკური ბრუნვისა არ იყოს, კვლავ საწყის წერტილს უბრუნდება.

პოლიტიკას რომ არ შეიცავდეს, ისეთი ამქვეყნად არაფერია. ყველაფერი პოლიტიკა გახლავთ.

ენა თვით კულტურაა... სიტყვა, თუნდაც საწინააღმდეგოდ თქმული, ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს... უსიტყვობა კი მარტოობას გვიქადის.

ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაწურვის ხელოვნების დაუფლებით ადამიანები ველურობის ხანიდან გამოვიდნენ და ზნეობას ეზიარნენ და დღესაც კი ის ხალხები, რომლებსაც ყურძენი მოჰყავთ, უფრო კულტურულად ითვლებიან ან თვითონვე თვლიან საკუთარ თავს უფრო კულტურულად სხვა ხალხებთან.

გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ | „სულაკაურის გამომცემლობა“

Vangogen • ვანგოგენი

No comments:

Post a Comment