ერნესტ ჰემინგუეი - განუყრელი დღესასწაული |
„ბედმა თუ გარგუნა, ახალგაზრდობისას გეცხოვრა პარიზში, მერე სადაც უნდა წახვიდე, იგი სიკვდილის დღემდე შენთან იქნება, რადგან პარიზი განუყრელი დღესასწაულია“, - ერნესტ ჰემინგუეის წერილიდან მეგობრისადმი, 1950 წ.
***
დაიწყო ზამთრის პირველი ცივი წვიმები და პარიზი ერთბაშად სევდამ მოიცვა; მიდიოდი და მაღალი თეთრი სახლების ზემო სართულებს ვეღარ ხედავდი. ჩანდა მხოლოდ წვიმიანი ქუჩების შავი სისველე, პატარა მაღაზიების, აფთიაქებისა და ჯიხურების გამოკეტილი კარები, აგრეთვე აბრები ნაკლებად ცნობილი ბებიაქალისა და სასტუმროსი, სადაც ერთ დროს ვერლენი გარდაცვლილიყო და სადაც ახლა მე სულ ზემო სართულზე ოთახი მეჭირა სამუშაოდ.
***
სეზანის მხატვრობა მასწავლიდა, რომ მოთხრობებისათვის იმ განზომილებათა მისაცემად, რასაც მე ვესწრაფოდი, მხოლოდ ნამდვილად უბრალო წინადადებები არ კმარა. ბევრი რამ ვისწავლე სეზანისაგან, მაგრამ ვერ ვახერხებ მკაფიოდ ავუხსნა ეს სხვას. თან ეს საიდუმლოც არის.
***
- ან ტანსაცმელი უნდა იყიდო, ან სურათები, - თქვა გერტრუდა სტაინმა, - ეს ასეა. ძალიან მდიდარი ხალხის გარდა ვერავინ ახერხებს ორივეს ყიდვას. სულაც ნუ მიაქცევთ ყურადღებას, როგორი ჩაცმული ხართ, მით უმეტეს - მოდას; ეცადეთ გამძლე და მოხერხებული ტანსაცმელი იყიდოთ, მაშინ სურათებისთვისაც დაგრჩებათ ფული.
- სულაც რომ ავიკვეთო დღეიდან ტანსაცმლის ყიდვა, - ვუთხარი მე, - პიკასოს იმ სურათების შესაძენად, რაც მე მომწონს, ფული მაინც არ მეყოფა.
- ჰო, პიკასო თქვენთვის მართლაც მიუწვდომელია. თვენივე თაობის მხატვართა სურათები უნდა შეიძინოთ. კარგ, სერიოზულ ახალ მხატვრებს რა გამოლევს. მაგრამ ტანსაცმელი რომ ვახსენე, იმდენად თქვენ კი არ მყავდით მხედველობაში, რამდენადაც თქვენი ცოლი. სწორედ ქალის ტანსაცმელია ძვირი.
შევნიშნე, რომ ჩემი ცოლი ცდილობდა თვალი აერიდებინა მისს სტაინის უცნაური ტანსაცმლისათვის.
***
დაწყებულ სამუშაოზე ფიქრის თავიდან მოსაცილებლად, ზოგჯერ მაშინდელი მწერლების წიგნების ვკითხულობდი; ოლდოს ჰაქსლისას, მაგალითად, დ.ჰ. ლოურენსისას, ან რომელიმე სხვა თანამედროვე მწერლისას, რასაც კი ვიშოვიდი სილვია ბიჩის ბიბლიოთეკაში, ან სანაპიროზე წავაწყდებოდი.
- ჰაქსლი ხომ მკვდარია! - თქვა მისს სტაინმა, - ნეტა რაში გჭირდებათ მკვდრის წიგნები? ვერა გრძნობთ, რომ მიცვალებულია?
არა, მე არ მიმაჩნდა იგი მკვდრად. მისი წიგნების მართობს-მეთქი, შევესიტყვე, ფიქრის საშუალებას არ მაძლევს-მეთქი.
- ან მართლა კარგი რამე უნდა წაიკითხოთ, ან სულაც უვარგისი.
[...]
იმ სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე გერტრუდ სტაინთან გულითადი მეგობრობა მქონდა, ერთხელაც არ მახსოვს, რომელიმე მწერალზე კარგი აზრი გამოეთქვას, გარდა იმ მწერლებისა, ვინც მის წიგნებს აქებდა და ვისაც მისი კარიერისათვის რითიმე ხელი შეეწყო. გამონაკლისს წარმოადგენდა რონალდ ფორბენკი და, უფრო მოგვიანებით, სკოტ ფიცჯერალდი.
როცა გავეცანი, შერვუდ ანდერსონს, როგორც მწერალს, სულაც არ მოიხსენიებდა, ხოლო როგორც ადამიანი ცამდე აჰყავდა; ისეთი სიყვარულით ახსენებდა ხოლმე მის დიდრონ, მშვენიერ, თბილ იტალიურ თვალებს, მის გულკეთილობასა და მომხიბლაობას. მე სულაც არ მაინტერესებდა ანდერსონის დიდრონი, მშვენიერი, თბილი იტალიური თვალები, მაგრამ ზოგი მისი ნოველა მართლაც ძალიან მომწონდა. უბრალოდ წერდა, ზოგჯერ დიდებულადაც. იცნობდა იმ ხალხს, ვისზედაც წერდა, და ძალიან უყვარდა. მისს სტაინს არა სურდა მის მოთხრობებზე ლაპარაკი, მასზე ლაპარაკობდა მხოლოდ როგორც ადამიანზე.
[...]
ერთხელ ეზრა პაუნდს იმიტომ გაუგულისდა, რომ ეს უკანასკნელი ძალიან სწრაფად, მოწყვეტით დაჯდა პატარა, მორყეულ და აშკარად მოუხერხებელ სკამზე, რომელიც, სავსებით შესაძლებელია, განგებ დაუდგეს; სკამი გატყდა თუ გაიბზარა. ის რომ დიდი პოეტი იყო, კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანი და ნორმალური ზომის სკამი მაინც უნდა შეეთავაზებინათ, კაცს არ უფიქრია. ეზრასადმი მისი სიძულვილის მიზეზები წლების შემდეგ შეითხზე - ძალიან მარჯვედ და ღვარძლიანად.
***
სილვიას ცოცხალი სახე ჰქონდა, თაფლისფერი თვალები სიმკვირცხლით პატარა მხეცუნას მიუგავდა, მხიარულებით კი ახალგაზრდა ქალიშვილის, ლამაზი შუბლიდან უკან გადავარცხნილი წაბლისფერი ხუჭუჭა. თმა ყურებს ქვემოთ ჰქონდა შეკრეჭილი და ყავისფერი ჟაკეტის საყელოს სწვდებოდა. ლამაზი ფეხები ჰქონდა, კეთილი ქალი იყო, მხიარული, ცნობისმოყვარე, უყვარდა ხუმრობა და ჭორები. ჩემს ნაცნობთაგან ამ ქალზე კარგად არავინ არ მომპყრობია.
პირველად რომ შევედი მის მაღაზიაში, ძალიან გაუბედავი ვიყავი, ბიბლიოთეკაში ჩასაწერი ფულიც არა მქონია. წინდი მერეც შეგიძლიათ შემოიტანოთ, როცა ფული გექნებათო, და ბარათი შემივსო, წიგნები, რამდენიც გნებავთ, წაიღეთო, მითხრა.
არავითარი საფუძველი ჩემი ნდობისა არა ჰქონია. არ მიცნობდა, მისამართი, რომელიც მე მივეცი - კარდინალ ლემუანის ქუჩა 74 - მხოლოდ ჩემს სიღარიბეზე მეტყველებდა. მაგრამ სასიამოვნო ქალი იყო, მომხიბლავი, თავაზიანი; მის ზურგსუკან ჭერამდე ამართულიყო და ეზოსკენ მიქცეულ ოთახშიაც გადიოდა თაროები და თაროები, რომლებზედაც ბიბლიოთეკის მთელი სიმდიდრე ელაგა.
მე ტურგენევით დავიწყე, „მონადირის ჩანაწერების“ ორი ტომი წამოვიღე და დ.ჰ. ლოურენსის ერთ-ერთი ადრეული რომანი, მგონი „შვილები და საყვარლები“. სხვა წიგნებიც შემომთავაზა სილვიამ, თუკი გჭირდებათ, წაიღეთო. მე ავირჩიე კონსტანს გარნეტის გამოცემული „ომი და მშვიდობა“, დოსტოევსკის „მოთამაშე“ და სხვა მოთხრობები.
- სულ თუ აპირებთ ამათ წაკითხვას, მაშინ მალე ვეღარ შემოივლით, - მითხრა სილვიამ.
- ფულის გადასახდელად მოვალ, - ვუპასუხე მე, - შინ მაქვს ფული.
- განა მაგას გეუბნებით, - მითრა მან, - როცა მოგიხერხდებათ, მაშინ გადაიხდით.
- ჯოისი როდის მოდის ხოლმე თქვენთან? - ვკითხე მე.
- თუ მოვა, დღის ბოლოს იცის შემოვლა, - მიპასუხა სილვიამ, - ჯერ არ გინახავთ?
- ერთხელ ვნახეთ მიშოს რესტორანში, ოჯახით იყო, - ვუთხარი მე, - მაგრამ ჭამის დროს ხალხისთვის ყურება უხერხულია, თან კი მიშოს რესტორანი ძვირი გახლავთ.
- თქვენ შინ სადილობთ?
- მეტწილად. კარგი მზარეული გვყავს.
- თქვენს მახლობლად მგონი არც კი უნდა იყოს რესტორნები.
- დიახ. თქვენ საიდან იცით?
- ლარბო ცხოვრობდა მანდ, - მიპასუხა მან, - სხვამხრივ ძალიან მოსწონდა იქაურობა.
- უახლოესი იაფფასიანი რესტორანი პანთეონის გვერდით გახლავთ.
- თქვენს უბანს არ ვიცნობ. ჩვენ შინ ვსადილობთ. გვეწვიეთ მეუღლესთან ერთად.
- ჯერ დაიცადეთ, ფულს თუ გადავიხდი, - ვუთხარი მე, - ისე კი, დიდ მადლობა მოგახსენებთ.
- ნუ იჩქარებთ, ნელა იკითხეთ.
ჩვენ ოროთახიანი ბინა გვეჭირა კარდინალ ლემუანის ქუჩაზე, არც ცხელი წყალი გვქონია, არც კანალიზაცია. ამის მაგივრობას რაღაც ბაკი სწევდა, და არც თუ მოუხერხებელი იყო იმათთვის, ვინც მიჩიგანის საპირფარეშოებს არის მიჩვეული. ფანჯრიდან მშვენიერი ხედი იშლებოდა. იატაკზე კარგი ზამბარებიანი ნაალი გვეგო, კედლებზე გაკრული სურათებიც მოგვწონდა. კარგი ბინა იყო, ნათელი და ხალისიანი.
წიგნები რომ მივიტანე შინ, ცოლს ვუამბე, ასეთი შესანიშნავი ადგილი აღმოვაჩინე-მეთქი.
- ამ საღამოსვე უნდა წახვიდე, ტეტი, და ფული მიუტანო, - მითხრა ცოლმა.
- რაღა თქმა უნდა, - დავუმოწმე მე, -ერთად წავიდეთ. იქიდან კი სანაპიროზე ჩავალთ და გავისეირნებთ.
[...]
- ამიერიდან, რაც ქვეყანაზე წიგნებია, ჩვენც გვექნება წასაკითხად, და სამოგზაუროდ რომ წავალთ, შეგვეძლება თან წავიღოთ.
- მერე წესიერი იქნება ეგ?
- რატომაც არა.
- ჰენრი ჯეიმსიც ექნებათ?
- რა თქმა უნდა.
- რა კარგია, რა ბედზე აღმოაჩინე ეგ ბიბლიოთეკა.
- ბედი მუდამ ჩვენთან არის, - ვუთხარი მე, მაგრამ სულელივით ხეზე არ დამიკაკუნებია, თუმცა სახლში ყველაფერი ხისა გვედგა.
***
სანაპიროზე, ბუკინისტებთან, ზოგჯერ ძალიან იაფად იშოვიდით ახალგამოცემულ ამერიკულ წიგნებს. რესტორან „ვერცხლის კოშკის“ თავზე იმხანად რამდენიმე ოთახს აქირავებდნენ, და ვინც იქ ბინას აიღებდა, რესტორანიც ფასდაკლებით ჰქონდა, და თუ რაიმე წიგნი დარჩებოდა ამ ხალხს, სასტუმროს მსახური ხელად ბუკინისტთან გააქანებდა, სანაპიროზე, და შეგეძლოთ სულ რამდენიმე ფრანკად გეყიდათ.
***
***
სიარულმა კიდევ უფრო მოგვაშია, რესტორანი მიშო კი ჩვენთვის ძალიან მაცდუნებელი და ძვირი იყო. იმხანად სწორედ იქ სადილობდა ჯოისი თავის ოჯახთან ერთად. ცოლ-ქმარი კედელთან იჯდა. ჯოისს ცალი ხელით მომაღლოდ დაეჭირა მენიუ და თავისი სათვალის სქელი მინებიდან გასცქეროდა; გვერდით ნორა ეჯდა, სადილს მადიანად შეექცეოდა, მაგრამ ცოტას ჭამდა, წინ - ჯორჯიო, გამხდარი, კოხტა ბიჭი, კეფაზე თმაგადასლექილი; ჯორჯიოს გვერდით - ლუჩია, ჯერ ისევ პატარა გოგონა, ხშირი ხუჭუჭა თმა ჰქონდა. ყველანი იტალიურად ლაპარაკობდნენ.
***
***
ჟურნალისტობას თუ გაანებე თავი და ახლა ისეთ რამეს წერ, რასაც კაციშვილი არ იყიდის ამერიკაში, თან ყველაფერს გირჩევნია, ლუქსემბურგის ბაღებისკენ გასწიო; ობსერვატორიის მოედნიდან მოკიდებული ისე მიადგები ვოჟირარის ქუჩას, რომ არც თვალისა და არც ყნოსვის გამაღიზიანებელ საჭმელს არ შეხვდები. შეგიძლია ლუქსემბურგის მუზეუმშიც შეუხვიო; ნახატები უფრო ნათელი და მშვენიერი ხდება, როცა კუჭი ცარიელი გაქვს და შიმშილით გიწანწალებს.
მშიერი რომ ვიყავი, გაცილებით უფრო ღრმად ჩავწვდი სეზანს, მივხვდი, როგორ ქმნიდა იგი თავის პეიზაჟებს. ნეტა ისიც თუ მშიერი იყო, როცა ამეებს ქმნიდა-მეთქი, ვფიქრობდი. ბოლოს გადავწყვიტე - ჭამა ალბათ ავიწყდებოდა-მეთქი. ასეთი არც თუ მაინცდამაინც საღი, მაგრამ ნათელი ფიქრები მაშინ მოგდის, როცა უძილობა გჭირს ან მშიერი ხარ.
უფრო მოგვიანებით იმ დასკვნამდე მივედი, რომ სეზანი მართლაც შიმშილობდა, ოღონდ სხვა შიმშილით.
***
მე რომ გავიცანი, მაშინ განსაკუთრებით თ.ს. ელიოტის მდგომარეობა არ აძლევდა მოსვენებას; იძულებულია, ლონდონის რომელიღაც ბანკში იმსახუროსო, მითხრა ეზრამ, და ცოტაღა დრო რჩება, თანაც მოუხერხებელი დრო, შემოქმედებისთვისო.
***
***
[...]
ერთ დღეს ჯოისს შევხვდი სენ ჟერმენის ბულვარზე; დილის სპექტაკლიდან გამოსული, მარტო მოდიოდა. უყვარდა მსახიობების მოსმენა, თუმცა ვერ ხედავდა მათ. მთხოვა, რამე დავლიოთო, და „დიო მაგოში“ შევედით, ხერესი დავუკვეთეთ, თუმცა თქვენ ყველგან იმას წაიკითხავთ, შვეიცარიული თეთრი ღვინოების გარდა ჯოისი არაფერს სვამდაო.
- უოლშისა რა ისმის? - მკითხა ჯოისმა.
- რაც ცოცხალი ბრძანდებოდა, მკვდარიც ის იქნება, - ვუთხარი მე.
- იმ პრემიას შეგპირდათ?
- დიახ.
- მეც ასე ვიფიქრე.
- თქვენც შეგპირდათ?
- ჰო, - მიპასუხა ჯოისმა, - და ცოტა ხნის შემდეგ მკითხა, - როგორ გგონიათ, პაუნდსაც შეპირდებოდა?
- რა მოგახსენოთ.
- უმჯობესია, არ ჰკითხოთ, - მითხრა ჯოისმა.
***
დოსტოევსკის აქვს ისეთი რამეები, რისიც გჯერა და რისიც არ გჯერა, მაგრამ ზოგი ისეთი მართალია, რომ კითხულობ და გრძნობ, როგორ იცვლები; სისუსტე და სიშმაგე, ბიწიერება და უმწიკვლოება, აზარტული თამაში - ისევე რეალური იყო ეს ყველაფერი, როგორც ტურგენევის პეიზაჟები, და გზები, ჯარების გადაადგილება, საომარ მოქმედებათა ასპარეზი, ოფიცრები, ჯარისკაცები და ბრძოლები ტოლსტოისთან.
სტივენ კრეინის სამოქალაქო ომი, ტოლსტოის შემდეგ, იმ ავადმყოფი ბიჭის ბრწყინვალე ფანტაზიასა ჰგავს, რომელსაც ომი არ უნახავს და მხოლოდ წაუკითხავს საბრძოლო თავგადასავლები და მატიანეები, აგრეთვე ბრედის ფოტოები დაუთვალიერებია, როგორც მე პაპაჩემის სახლში.
სანამ სტენდალის „პარმის სავანეს“ წავიკითხავდი, ტოლსტოის გარდა არსად შევხვედრივარ ომის ასეთ აღწერას. თანაც ვატერლოოს საოცარი აღწერა თითქოს შემთხვევით მოხვედრილა ამ საკმაოდ მოსაწყენ რომანში.
წიგნთა ამ ახალი სამყაროს აღმოჩენა, კითხვისათვის საკმაო დრო პარიზისთანა ქალაქში, სადაც, როგორი ღარიბიც არ უნდა იყოს, მაინც შეუძლია ადამიანს, კარგად იცხოვროს და კარგადაც იმუშაოს, ეს იგივეა, თუნდაც უძვირფასეს საგანძურს წაწყდომოდე.
***
***
„კლოზერი დე ლილაში“ მიამბო, როგორ წერდა, მისი აზრით, კარგ მოთხრობებს, და მართლაც კარგი მოთხრობები იყო, მაგრამ „Post“-ში გაგზავნის წინ საჟურნალოდ გადააკეთებდა ხოლმე, დაამახინჯებდა, რათა ადვილად გასასაღებელ მოთხრობებად ექცია.
ამან აღმაშფოთა, ეს ხომ პროსტიტუციაა-მეთქი, ვუთხარი.
ნამდვილი პროსტიტუციაო, მიპასუხა, მაგრამ იძულებული გავხდიო; ჟურნალში მიღებული ფული მერე რიგიან წიგნებს მაწერინებსო.
მე ვუთხარი: ვერ დავიჯერებ, რომ მწერალი ნიჭს არ დაღუპავს, თუკი თავის შესაძლებლობის მიხედვით, საუკეთესო რამეს არ შექმნის და განგებ ცუდს დაწერს-მეთქი.
ჯერ ხომ ნამდვილ მოთხრობებს ვწერო, მიპასუხა, მერეღა ვაფუჭებ და ვცვლი და ამდენად, ნიჭს არა ვვნებო.
ვერ დავუჯერე, და დავაპირებ გადამერწმუნებინა, მაგრამ ჩემი პოზიციების გასამაგრებლად და მისი ნდობის მოსაპოვებლად საკუთარი რომანი უნდა მქონოდა, მე კი ჯერ არ დამეწერა.
***
***
ზომასთან დაკავშირებული პრობლემა
ძალიან სერიოზული რამე უნდა გკითხო, ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერი არსებობს ქვეყნად და სრული სიმართლე უნდა მითხრაო.
[...]
ბოლოს, ალუბლის ტორტს რომ შევექცეოდით და უკანასკნელ სურა ღვინოს ვამთავრებდით, სკოტმა მითხრა: „იცი, რომ ზელდას გარდა ჩემს დღეში არავისთან ვწოლილვარ?“
- არა, ეგ არ ვიცოდი.
- თითქოს გითხარი ერთხელ.
- არა, ბევრი რამ გიამბნია ჩემთვის, მაგრამ ეგ არა.
- სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა.
- კი, ბატონო, გისმენ.
- ზელდამ მითხრა, ისეთი აგებულების ხარ, რომ ვერც ერთ ქალს ბედნიერებას ვერ მიანიჭებ, ჩემი ავადმყოფობის თავი მიზეზიც ეგ არისო. ეს ზომის პრობლემააო. ვეღარ მომისვენია, რაც ეს მითხრა, და სიმართლის გაგება მსურს.
- გავიდეთ, - ვუთხარი მე.
- სად?
- ტუალეტში.
დარბაზში შემოვბრუნდით და ჩვენს მაგიდას მივუსხედით.
- სავსებით ნორმალური აგებულება გქონია, - ვუთხარი მე, - ყველაფერი რიგზეა. შესაწუხებელი არაფერი გაქვს. შენ ზემოდან დაჰყურებ და იმიტომ მოკლე გეჩვენება. აბა ლუვრში შედი და ქანდაკებებს დააკვირდი, მერე კი შინ მიბრუნდი და სარკეში შეათვალიერე თავი.
- იქნებ არაპროპორციულაი ეს ქანდაკებები.
- რა ბრძანებაა, მშვენიერი ქანდაკებებია. ძალიან ბევრი ინატრებდა ამისთანა აგებულებას.
- მაშ, რატომ მითხრა?
- იმიტომ, რომ კალაპოტიდან ამოგაგდოს. ეგ ძველთაძველი ხერხია ადამიანისათვის თავგზის ასაბნევად. სკოტ, შენ მთხოვე, სიმართლე მითხარიო, მე ათასჯერ მეტის თქმა შემეძლო, მაგრამ სრული სიმართლე ეგ არის, ეგ გჭირდება შენ. ექიმთან მიდი, თუ გინდა.
- ექიმი არ მინდა. მე მინდოდა, შენ გეთქვა სიმართლე.
- ახლა ხომ გჯერა ჩემი?
- არ ვიცი, - მითხრა მან.
- ლუვრში წავიდეთ, - ვუთხარი მე, - აქვე არ არის! ქუჩას დავუყვებით, ხიდს გადავივლით და მივალთ.
წავედით ლუვრში, დაათვალიერა ქანდაკებები, მაგრამ მაინც დაეჭვებულ იყო.
- იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თავიდან რა ზომისაა, - ვუთხარი მე, - მთავარია, რა ზომისა გახდება. თანაც მიდგომის კუთხეზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, - ავუხსენი, როგორ უნდა გამოეყენებინა ბალიში, და სხვა რამეებიც ვასწავლე, რის ცოდნაც გამოადგებოდა.
- ერთი ქალია, - თქვა მან, - ისე კარგად იყო ჩემთან, მაგრამ ზელდამ რომ ეს მითხრა...
- დაივიწყე, რაც ზელდამ გითხრა, - ვურჩიე მე, - ზელდა გიჟია. არაფერი შენ არ გჭირს. საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეს, და რაც იმ ქალს უნდოდეს, ის გააკეთე. ზელდას შენი დაღუპვა გადაუწყვეტია.
- შენ კარგად არ იცნობ ზელდას.
- კეთილი და პატიოსანი, - ვუთხარი მე, - ნუღარაფერს ვიტყვით. მაგრამ აქ იმიტომ მოვედით, შენ რაღაც უნდა გეკითხა, მეც ვცადე პატიოსნად მეპასუხა.
მაინც დაეჭვებული იყო...
***
პარიზი არასოდეს არ გათავდება, და ვისაც იქ უცხოვრია, ყველას თავისებურად ახსოვს ის. ჩვენ მუდამ ვბრუნდებით ხოლმე იქ, სულერთია, ვინც არ უნდა ვყოფილიყავით, როგორც არ უნდა შეცვლილიყო თვით პარიზი, როგორი ძნელი თუ ადვილი არ უნდა ყოფილიყო იქ მოხვედრა. პარიზი ღირს კიდეც ამად, და რაც შენ მისთვის მიგიზღავს, სამაგიერო მთლიანად მიგიღია.
ასეთი იყო პარიზი იმ ადრეულ დღეებში, როცა ჩვენ ძალიან ღარიბები და ძალიან ბედნიერები ვიყავით.
ინგლისურიდან თარგმნა - ვახტანგ ჭელიძემ
გამომცემლობა „საქართველო“, 1996 წ.