გემების ქალაქი!
(ო, შავი გემები, პირქუში გემები!
ო, მშვენიერი ქიმწამახული გემები და ხომალდები იალქნიანი!).
მსოფლიო ქალაქი! (ყველა რასები აქ აღრეულან,
დედამიწის ყოველ კუთხეს შეაქვს წვლილი მის ცხოვრებაში).
ზღვათა ქალაქი! - აზვავებული, ქუშმომდგარი მოქცევის ქალაქი!
ქალაქი, სადაც გაშმაგებული ზღვა გამუდმებით ასკდება ნაპირს
და უკან იხევს წყალბრუნვით და ქაფის შხუილით!
სავაჭროების, ნავსადგურების ქალაქი! - მარმარილოსა და
ფოლადის ცათამწვდენი ფასადების ქალაქი!
ქალაქი ყიფი და ვნებიანი - შეუპოვარი, ცოფიანი, ექსტრავაგანტი!
შენ აღმოცენდი, ო, ქალაქო - არა მხოლოდ მშვიდობისათვის,
ემსგავსე შენს ჭეშმარიტ სახეს, ომისმწყურველო!
ო, ნუ შედრკები - მიჰბაძე მხოლოდ საკუთარ მოდელს და არა
სხვისას!
მომხედე მე - იყავ ხატება ჩემი, ვით მე ვარ შენი ხატება!
იგი, ვინც შენ შეივრდომე, მეც შევივრდომე,
ავი თუ კარგი, არ განმიკითხავს - მე მიყვარს ყველა
და არაფერს არ ვსჯი აუგად,
მივესალმები, ვუმღერ ყველას და ყოველივეს, რაც კი
შენია - ყოველთვის, მშვიდობის გარდა,
მშვიდობას ვუმღერ მშვიდობისას, ამჟამად კი დაფდაფი მიხმობს,
ჩემი სიმღერა ომად, სისხლისმღვრელ ომად მოედო
შენს ქუჩებს, ქალაქო!
თარგმნა ზვიად გამსახურდიამ