ტომას სტერნზ ელიოტი - რამ ტამ ტაგერი |

რამ ტამ ტაგერი უკუღმართი არსება გახლავთ,
თუკი ქვის სახლში შეიფარებ, ხის ქოხს ინატრებს,
თუ გნოლს მიართმევ, მოინდომებს ხოხბის ძვლის გახვრას,
გნოლს მოისურვებს უმალ, თუკი ხოხობს მიართმევ,
თაგვზე დაგეშავ - წამსვე ვირთხით იტენის ხახას,
ვირთხას მიუქცევს - იქვე თაგვის კისერს მიატკვერს.
რამ ტამ ტაგერი უკუღმართი არსება გახლავთ,
და რასაც ახლა გეუბნებით, ვიცი და მენდეთ:
იზამს, რაც ნებავს,
აისრულებს წადილს და ვნებას,
შენ კი სცადე და აბა, ხელის შეშლა გაბედე!

რამ ტამ ტაგერი სულ რაღაცას ხლართავს და ბურდავს,
თუ შინ შეიყვან, გარეთ გასვლას ისურვებს მაშინ
და რაკი მუდამ ეწვალება ჩაკეტილ ურდულს,
კარებს ერთთავად ფხაჭაფხუჭი გაუდის სახლში.
ბიუროს უჯრა აირჩია ბოლო დროს ბუდედ,
მაგრამ თუ შიგნით მოემწყვდევა, ბეწვ-ბალანს აშლის!
რამ ტამ ტაგერი სახიფათო არსება გახლავთ
და რასაც ახლა გეუბნებით, ყურს იღეთ გვედრებთ:
იზამს, რაც ნებავს,
აისრულებს წადილს და ვნებას,
შენ კი სცადე და აბა, ხელის შეშლა გაბედე!

რამ ტამ ტაგერი აბეზარი არის ნამდვილი,
ურჩობის სენით გაჟღენთია სისხლი და ხორცი,
თუ თევზს სთავაზობ, მოუნდება ბოცვრით ნადიმი,
თევზს თუ არ მისცემ, არც დასუნავს ჩახოხბილს ბოცვრის.
ცხვირს აგიბზუებს, თუ მიუტან ნაღებს ჩაროზად,
მზამზარეულად მორთმეული რაა ნაღები?!
მაგრამ, თუ დაგრჩა საკუჭნაოს ზედა თაროზე,
ნახავ კუდიდან ყურებამდე თეთრად გაღებილს.

რამ ტამ ტაგერი სულ რაღაცას ბურდავს და ხლართავს,
ვერ გაუგია, ალერსშია რა ყრია ხეირი,
მაგრამ კალთაში ჩაგიხტება კერვაში გართულს,
რომ ძაფი წეწოს და მოიწყოს თვალის სეირი.
რამ ტამ ტაგერი უკუღმართი არსება გახლავთ
და სჯობს დავმალო ისე, როგორც ვმალავდი დღემდე:
იზამს, რაც ნებავს,
აისრულებს წადილს და ვნებას,
შენ კი სცადე და აბა, ხელის შეშლა გაბედე!


ტომას სტერნზ ელიოტი, „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2020 წ.