ედუარდო მენდოსა - საოცრებათა ქალაქი |

„საოცრებათა ქალაქი“ ცნობილი ესპანელი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის (2016), ედუარდო მენდოსას გახმაურებული რომანია. წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბარსელონის მშფოთვარე ცხოვრება. 

ედუარდო მენდოსას „საოცრებათა ქალაქი“ თანამედროვე ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია.

***


მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ხშირად ამბობდნენ, ბარსელონა „ზღვისგან ზურგშექცეული“ ცხოვრობსო, ყოველდღიური სინამდვილე ამას არ ადასტურებდა. ბარსელონა ყოველთვის, და იმ დროსაც, საპორტო ქალაქი იყო, ზღვით ცხოვრობდა და ზღვისთვის ცხოვრობდა; 

ზღვით იკვებებოდა და მთელ ძალისხმევას ზღვას ახმარდა; ბარსელონის ქუჩები ზღვისკენ მიემართებოდა და დანარჩენ სამყაროსაც ზღვით უკავშირდებოდა; ზღვა განსაზღვრავდა მის კლიმატს; ზღვიდან უბერავდა ხან სასიამოვნო და ხანაც უსიამოვნო სუნის მომტანი ნიავი; ზღვის ნოტიო და მარილიანი სიო ხრავდა ქალაქის ძველ კედლებს; ზღვის შრიალი უნანავებდა ბარსელონელების სიესტას; გემის საყვირი აუწყებდათ დროის დინებას, თოლიების სევდიანი და ანჩხლი კივილი მიახვედრებდათ, რომ ის ტკბილი შუქ-ჩრდილები, ხეები რომ აფენდნენ გამზირებზე, მხოლოდ წარმოსახვა იყო;

ზღვა აბინავებდა ვიწრო ქუჩებში ბნელწარსულიან, უცხოენოვან მოგზაურებს, უმისამართოდ რომ დაბორიალებდნენ და ნებისმიერ წუთს მზად იყვნენ დანა, პისტოლეტი ან კეტი მოემარჯვებინათ; ზღვა იფარავდა მართლმსაჯულებისგან დევნილებს; ზღვით იპარებოდნენ დამნაშავეები, რომლებიც ზურგს უკან განწირულ კივილსა და დაუსჯელ დანაშაულს ტოვებდნენ;

ბარსელონის თეთრ სახლებსა და მოედნებს მზე აცისკროვნებდა მოწმენდილ დღეებში და რუხი ბურუსი ფარავდა წვიმასა და ავდარში.

***

მამაკაცები იშვიათად განმარტავენ რამეს და როცა ამას აკეთებენ, ძალიან ცუდად გამოსდით.

***

მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, ადამიანის საქმიანობა მზის ჩასვლასთან ერთად სრულდებოდა; იმ შემთხვევაში, თუკი არ სრულდებოდა, თამამად, სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლებოდა მცდარ ან საეჭვო საქმიანობად მონათლულიყო. ხალხის წარმოდგენით, ღამე მოჩვენებებითა და ხიფათებით იყო სავსე; სანთლის შუქზე გაკეთებული ნებისმიერი საქმე შთამაგონებელ და იდუმალ ელფერს იძენდა. ამასთანავე, არსებობდა რწმენა, რომ ღამე ცოცხალი არსება იყო, რომელიც უცნაური ძალმოსილებით იზიდავდა ადამიანებს უმისამართო მხარეში, საიდანაც უკან აღარასოდეს ბრუნდებოდნენ.

ღამე სიკვდილის ტოლფასი იყო, ალიონი - აღდგომისა. ელექტროგანათება, რომელსაც სამუდამოდ უნდა დაესრულებინა სიბნელე ქალაქებში, ჯერ ჩასახვის ეტაპზე იყო და მისი გამოყენება ათას ეჭვს აღძრავდა.

***

ორი სახის გაფიცვა არსებობს: ერთის მიზანი კონკრეტული სარგებლის მიღებაა და მეორესი - სახელმწიფოებრივი წყობის შერყევა მისი საბოლოო განადგურების მიზნით. პირველი ძალიან მავნეა მუშებისთვის, რადგან იმთავითვე საზოგადოებაში გაბატონებული უსამართლობის კონსოლიდაციას უწყობს ხელს. ეს იოლი გასაგებია და ბევრი ტვინის ჭყლეტა არ უნდა. გაფიცვა პროლეტარიატის ერთადერთი იარაღია და მისი წვრილმანისთვის გამოყენება სიბრიყვეა.

***

ადამიანისგან მხოლოდ იმას უნდა ელოდო, რისი წაგლეჯაც შეგიძლია. ასეთი დამყოლია ადამიანის ბუნება.

***

ადამიანები ასეთები ვართ: იმის გაგონება არ გვინდა, რაც არ გვსიამოვნებს, თუნდაც ვიცოდეთ, რომ რაც გვესმის, ის არაა, რასაც ხალხი ფიქრობს. ვაჰ, როგორი ჭკუასუსტია ადამიანი!

***

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იმ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრიული რევოლუცია მოხდა, დროის განცდა მკვეთრად შეიცვალა. წინათ ადამიანის ცხოვრება დროით შეზღუდული არ იყო, თუ საჭიროება მოითხოვდა, ადამიანს შეეძლო დღედაღამ შეუსვენებლივ ეშრომა და შემდეგ იმდენ ხანს ეტარებინა დრო, რამდენიც იშრომა.

ბუნებრივია, დღეს იმათი გართობის ხანგრძლივობა სრულიად შეუსაბამო გვეჩვენება: რთველის ან მოსავლის აღების შემდეგ გამართული დღესასწაულები შეიძლებოდა ორ კვირას გაგრძელებულიყო, ისევე როგორც თეატრალური წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრი, კორიდა, რელიგიური პროცესია, რომელიც ხუთი, რვა, ათი საათი გრძელდებოდა; ღონისძიების მონაწილეებს შეეძლოთ წასულიყვნენ და, სურვილისამებრ, უკან დაბრუნებულიყვნენ.

ახლა ამ ყველაფერს სახე ეცვალა: სამუშაო ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იწყებოდა და მთავრდებოდა. დიდი ნათელმხილველობა საჭირო არ იყო იმის წარმოსადგენად, თუ როგორი იქნებოდა ადამიანის ცხოვრება ყმაწვილობიდან ღრმა სიბერემდე; მხოლოდ იმის ცოდნა კმაროდა, თუ რა ხელობას მისდევდა. ამან ადამიანის ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახადა, გამოირიცხა დიდი ცვლილებები და რყევები, გაიფანტა ბევრი იდუმალება; ახლა ფილოსოფოსებს შეეძლოთ ექადაგათ, რომ ბედისწერა განრიგი იყო. ამ ყველაფერმა არსებითი რეორგანიზაცია მოითხოვა: ყველაფერი წინასწარ უნდა გაგეთვალისწინებინა, იღბლის ანაბარა და შთაგონების იმედად ვერ იცხოვრებდი. ამის გაკეთება კი პუნქტუალურობის გარეშე შეუძლებელი იყო. იმისათვის, რომ საზიდარი დანიშნულების ადგილზე დროულად მისულიყო - არც ადრე და არც გვიან - დაქანცული ცხენი უნდა გაგეწკეპლა ან ლაგამი ამოგედო. სიზუსტეს იმხელა მნიშვნელობა მიენიჭა, ზოგიერთი პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად იქცა: ხმა მომეცი და გპირდები, პუნქტუალური ვიქნები! - მიმართავდნენ ამომრჩევლებს.

ახლა უცხო ქვეყნებს მშვენიერი ბუნების, ხელოვნების ნიმუშების ან სტუმართმოყვარე მოქალაქეების გამო კი არა, მათი პუნქტუალურობისთვის აქებდნენ; იმ ქვეყნებში, რომლებსაც ადრე ყურადღებას არავინ აქცევდა, ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა; ყველას საკუთარი თვალით უნდოდა ენახა მოქალაქეების, დაწესებულებებისა და საჯარო ტრანსპორტის მოძრაობის პუნქტუალობა.

ადამიანის ცხოვრების რეორგანიზაცია სრულად ვერ მოხდებოდა, ხალხს ელექტროენერგია რომ არ მიშველებოდა; მისი განუწყვეტელი დინება განამტკიცებდა მოვლენების თანმიმდევრობას და სიზუსტეს. დანიშნულების ადგილზე ელექტროენერგიაზე მოძრავი ტრამვაის მისვლა აღარ იყო დამოკიდებული ვაგონებში შებმული ჯორების ჯანზე და თვინიერებაზე; ახლა მგზავრები საათს დასცქეროდნენ ტრამვაის მიმოსვლის ზუსტი დროის გასაგებად. ცვლილებები ერთ დღეში, უფლის სიტყვით არ მოსულა, ნელ-ნელა მოხდა, ჯერ მთავარი შეიცვალა და შემდეგ - მეორეხარისხოვანი.

ამ სიაში გართობა და დროსტარება უკანასკნელი აღმოჩნდა: კორიდები კვლავ საათობით გრძელდებოდა, განსაკუთრებით, თუ ჭირვეული და თავნება ხარი გამოვიდოდა და ცხენებს ერთმანეთის მიყოლებით კლავდა; კვირას დაწყებული კორიდა შეიძლებოდა ორშაბათამდე გაგრძელებულიყო. 1916 წელს კადისში საქვეყნოდ ცნობილი კორიდა გაიმართა. კორიდა კვირას დაიწყო და ოთხშაბათს დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში ადგილიდან ფეხი არავის მოუცვლია. ღონისძიების შემდეგ გემთმშენებელი მუშები სამსახურებიდან დაითხოვეს, რასაც გაფიცვა და დიდი არეულობა მოჰყვა, რამდენიმე მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს. ქარხნის მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ მუშები სამსახურში დაებრუნებინათ, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ ცხოვრება ძველებურად ვეღარ გაგრძელდებოდა.

***

ყველა საქმიანი მამაკაცი რომ ფიქრობდეს, ადრე თუ გვიან მოვკვდებიო, მსოფლიოში ეკონომიკური განვითარება შეჩერდება.

***

როგორი იქნებოდა სამყარო, ყოველდღიურად ადამიანი ცოტა მაინც რომ არ ასუფთავებდეს დედამიწის იმ პატარა მონაკვეთს, რომელიც ღმერთმა არგუნა. შესაძლოა, სწორედ ეს არის კაცობრიობის ჭეშმარიტი დანიშნულება; იქნებ ღმერთმა დედამიწა იმიტომ გააჩინა ადამიანი, რომ პლანეტა სუფთად შეენახათ და სხვა ყველაფერი მხოლოდ ქიმერაა.

***

ქალაქში სუნი ადამიანებივით იყო - ინდივიდუალური და აგრესიული; იქ შედარებით მძაფრი სუნი - ფაბრიკების გამონაბოლქვი, ქალის სუნამო - ყველა სხვა სურნელს ნთქავდა; სოფელში კი პირიქით - რამდენიმე განსხვავებული სუნი ერთმანეთს ერწყმოდა და ჰაერს საოცარი ნაზავით მსჭვალავდა: აქ სურნელი და სუნთქვა ერთი და იგივე იყო.

***

ჩვენ გარშემო არსებული რეალობა, მხოლოდ დახატული ფარდაა, ამ ფარდის მიღმა სხვა ცხოვრება არ არის, ის ისეთივე ცხოვრებაა, როგორიც აქ გვაქვს, ის სამყარო მხოლოდ ფარდის მეორე მხარეა, ჩვენ კი ფარდას შევცქერით და მეორე მხარეს ვერ ვხედავთ, რომელიც ისეთივეა; როცა გავიზიარებთ, რომ სინამდვილე მხოლოდ ოპტიკური ფენომენია, მაშინ შევძლებთ გადავკვეთოთ დახატული ფარდა და მეორე სამყაროში აღმოვჩნდეთ, ისიც ისეთივეა, როგორიც ეს სამყარო. იმ სამყაროში ისინი არიან, ვინც გარდაიცვალა და ისინიც, ვინც ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ მათ ახლა ვერ ვხედავთ, რადგან ხელს გვიშლის დახატული ფარდა, რომელიც რეალობაში გვეშლება და თუ ერთხელ ფარდას ერთი მიმართულებით გადავკვეთთ, საწინააღმდეგო მიმართულებით გადმოსვლაც გაგვიადვილდება და შევძლებთ, ერთდროულად ამ სამყაროშიც ვიცხოვროთ და იმ სამყაროშიც; ფარდის იქით გადასაკვეთად შესაფერი დრო მწუხრია, აქეთ კი - განთიადი. მხოლოდ ასე შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღწევა, აქ სხვა არაფერი გამოგადგება, არც ხვეწნა-ვედრებადა არც ფული, ფარდის მეორე მხარეს არ არსებობს მატერიის სამი სასაცილო განზომილება, ფარდის მეორე მხარეს მყოფნი ამას ხედავენ და იცინიან, ისინი, ვინც ჯერ არ დაბადებულან, ფიქრობენ, რომ გარდაცვლილები მათი მშობლები არიან.

***

ასეთი რამ შეგვიძლია წავიკითხოთ 1925 წლის ბარსელონურ გაზეთში: პარიზსა და ლონდონში ისინი, ვისაც სენსაციების მოყვარულმა პრესამ „საჰაერო ასები“ შეარქვა, ბედს სცდიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ოსტატურად გაიფრენს სენის ან თემზის ხიდქვეშ, რასაც შეშინებული შეჰყურებს დამფრთხალი და წყლით გაწუწული ხალხი, და, რამდენადაც ბარსელონაში არც მდინარეები გვაქვს და არც ხიდები, ჩვენმა პილოტებმა, ქალაქის მუნიციპალიტეტის მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ზემოხსენებულის მსგავსი, მაგრამ გაცილებით სახიფათო პირუეტი გამოიგონეს: თვითმფრინავს ფრთით პერპენდიკულარულად დაიჭირენ და როგორც ძაფს ნემსის ყუნწში, ისე გააძვრენენ საგრადა ფამილიას ტაძრის კოშკებს შორის.

ასეთ დროს, გვიამბობს გაზეთი ქრონიკა, საგრადა ფამილიას ყველაზე მაღალ კოშკზე გაძვალტყავებული და ჩაფართხუნებული მოხუცი გამოჩნდება, ჰაერში გულუბრყვილო იქნევს მუშტებს, თითქოს უტიფარი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობსო, და პილოტს წყევლა-კრულვას უთვლის. ამ შთამბეჭდავი სცენის მონაწილე (ეს ხატი წლების შემდეგ კლასიკად ქცეული ფილმის, „კინგ კონგის“ ერთ-ერთი სცენის ინსპირაციის წყარო გახდა) ანტონიო გაუდი ი კორნეტი იყო თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში და ამ უთანასწორო დაპირისპირებაში იყო რაღაც ალეგორიული:

მოდერნიზმს, რომელსაც სახელგანთქმული არქიტექტორი წარმოადგენდა, ზუსტად იმ დროს კატალონიაში სრულიად განსხვავებული კულტურული მიმართულება ენაცვლებოდა, რომელსაც Neocentisme ეწოდებოდა; თუ მოდერნიზმი წარსულისკენ, კერძოდ კი შუა საუკუნეებისკენ იცქირებოდა, ახალ მოძრაობას მზერა მომავლისკენ მიეპყრო; პირველი იდეალისტური და რომანტიკული იყო, მეორე - მატერიალისტური და სკეპტიკური. ნეოცენტიზმის თაყვანისმცემლები, თავიანთი კარიკატურებითა და გესლიანი კრიტიკით, საცინლად იგდებდნენ გაუდისა და მის შემოქმედებას.

ბებერი გენიოსი იტანჯებოდა, მაგრამ არ გაჩუმებულა: წლებმა უკმეხი და უხასიათო გახადა; მარტო ცხოვრობდა საგრადა ფამილიას სახელოსნოდ ქცეულ კრიპტაში, უზარმაზარი ქანდაკებებით, ქვის ყვავილებით და ორნამენტებით გარშემორტყმული, რომელთაც თავიანთი ადგილი ვერ მიუჩინეს უფულობის გამო. იქ ეძინა ტანსაცმლის გაუხდელად და შემდეგ დაჭმუჭნილ-დაძენძილი დადიოდა; სუნთქავდა ცემენტითა და თაბაშირით გაჟღენთილ ჰაერს. დილაობით მსუბუქად ვარჯიშობდა, შემდეგ მესას ესწრებოდა და ეზიარებოდა; საუზმედ მიირთმევდა ერთ მუჭა თხილს, ცოტა იონჯას და კენკრას და შემდეგ ყელამდე იძირებოდა იმ ანაქრონულ და შეუძლებელ მშენებლობაში, რომელსაც ბოლო არ უჩანდა.

მშენებლობის სანახავად მისული სტუმრების ჯგუფს თვალს თუ მოჰკრავდა, ხარაჩოებიდან ასაკისთვის შეუფერებელი სიმარდით ჩამოხტებოდა და ამობრუნებული ქუდით ხელში მათკენ მათხოვარივით მოწყალების სათხოვნელად გარბოდა, რათა რამდენიმე დღით მაინც გაეგრძელებინა შეჩერებული მშენებლობა.

ოცნებებში იფერფლებოდა მისი უკანასკნელი დღეები. ერთი პესეტის სანაცვლოდ ჰაერში ისროდა თხილის გულს, რაც მისი ძირითადი საკვები იყო, ზურგს უკან გადაზნიქავდა, მუხლებს მოხრიდა და პირით თხილს ჰაერში იჭერდა. სახე ეცვლებოდა, მისი შთაგონება გადამდები იყო. ხანდახან ახლად შერეული კირის დუღაბიდან ძალით გამოჰყავდათ. მეგობრებთან მარტო რომ რჩებოდა, იმედგაცრუებას არ მალავდა: მე და პროგრესი ერთმანეთს ვებრძვით და ვატყობ, მე ვიქნები ის, ვინც დამარცხდებაო, ამბობდა.

ბოლოს ტრამვაიმ გაიტანა ბაილენისა და გრან ვიას გზაჯვარედინზე. ამ აბსურდული უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სანტა კრუსის ჰოსპიტალში.


ესპანურიდან თარგმნა - ლანა კალანდიამ