#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ჯონ სტაინბეკი
„ლიტერატურა მეტყველებასავით ძველია. ის ადამიანთა მოთხოვნილებამ აღმოაცენა, რაც დღემდე არ შეცვლილა, პირიქით, უფრო საჭირო გახდა. სკალდები, ბარდები, მწერლები არ ყოფილან განცალკევებულნი და კარჩაკეტილნი. დასაბამიდანვე მათი დანიშნულება, მოვალეობები, პასუხისმგებლობანი ადამიანთა მოდგმამ დააკანონა.
მწერლის უძველესი რწმუნებულება არ შეცვლილა. მისი ვალია ჩვენი უამრავი მტანჯველი მარცხი და შეცდომა გამოააშკარაოს, გამოსამზეურებლად ამოიზიდოს ჩვენი ბნელი სიღრმეებიდან საშიში წარმოსახვანი მათი გამოსწორების მიზნით.
გარდა ამისა, მწერალი უფლებამოსილია, საჯაროდ განაცხადოს და დიდებით შეამკოს ადამიანის აღიარებული უნარი – მისი გულისა და სულის სიდიადე – მარცხის ვაჟკაცურად აღიარება, სიმამაცე, სიბრალული და სიყვარული. სისუსტისა და სასოწარკვეთის წინააღმდეგ დაუსრულებელ ბრძოლაში ესენია მოცილეობისა და იმედის კაშკაშა ალმების კრებული. მიმაჩნია, რომ მწერალს, რომელსაც მგზნებარედ არ სწამს ადამიანის სრულყოფილებისა, არც მოწოდება აქვს და არც ადგილი ლიტერატურაში.“
ჯონ სტაინბეკს „მსუბუქ იუმორთან და სერიოზულ სოციალურ მსოფლმხედველობასთან შეხამებული რეალისტური და პოეტური ნაწარმოებებისათვის“ ნობელის პრემია 1962 წელს მიენიჭა.
ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“